ჩვენი წყაროს ცნობით, კონტროლის პალატის საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსად, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზესტაფონში დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან ბუცხრიკიძე დანიშნეს, რომელიც, წლების განმავლობაში, კონტროლის პალატის შემმოწმებელ საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობდა. ასევე, ცვლილება განხორციელდა აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტშიც, რომლის უფროსად ასევე “ნაცმოძრაობის” დამარცხებული მაჟორიტარი ჩუღურეთის რაიონში, ანდრო ალავიძე დაინიშნა.
ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ირენა მელუა კი ქუთაისის კონტროლის პალატაში გადაუყვანიათ.
აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ფატი მამიაშვილი როგორც ყოველთვის, “გურია ნიუსთან” კომენტარს არ აკეთებს. კითხვის მოსმენის შემდეგ, _ ადასტურებდა თუ არა ის ამ საკადრო ცვლილებებს, მამიაშვილმა გაგვიცხადა, რომ უკვე სამუშაო საათები ამოწურული იყო და გვირჩია, ორშაბათს შევხმიანებოდით. აუდიტის სამსახურის„ ორშაბათი“ კი ჩვენი საკუთარი გამოცდილებით, მინიმუმ 6 თვე შეიძლება გაგრძელდეს. რაც შეეხება სამუშაო საათებს, შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების დაჯარიმებისას, ეს უწყება სადღეღამისო რეჟიმში მუშაობდა.
ასევე, წყაროს ცნობით, ამ საკადრო ცვლილებებს, წინ უძღოდა გასული თვის ბოლოს აუდიტის სამსახურში ჩატარებული თათბირი, რომელიც გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ თავის კაბინეტში ჩაატარა. თათბირს, სხვა თანამშრომლებთან ერთად, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ნათია მოგელაძეც ესწრებოდა, რომელსაც მეტად საინტერესო კითხვა გასჩენია ლაშა თორდიასთან, _ კორპორატიული ქეიფი როდის მოვაწყოთო?
როგორც წყარო იუწყება, თორდიას, რომელიც თურმე ძალიან კარგ ხასიათზე იყო იმ დღეს, უპასუხია, _ მალე მოვაწყობთო. მთავარი აუდიტორი, რომელიც კანონის თანახმად, ამ თანამდებობაზე, 2017 წლამდეა დანიშნული, როგორც ჩანს, ჯერ წასვლას არ ფიქრობს.
საქართველოს პარლამენტის წევრი, იურისტი თინა ხიდაშელი კი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობას, ახალსაც, ანუ თორდიას და მის წინამორბედსაც, ლევან ბეჟაშვილს, ძალიან ბევრ სამართლებრივ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
არ არის გამორიცხული, “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, პარლამენტში, აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესწავლის საკითხიც დადგეს.
კანონის თანახმად, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია.“
ამასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” პარლამენტარ თინა ხიდაშელს ესაუბრა.
_ ქალბატონო თინა, 2012 წლის მარტის თვიდან მოყოლებული, ვგულისხმობ მოქალაქეთა მასობრივ დაკითხვებს, კონტროლის პალატის ქმედებები ნაკლებად ჰგავდა პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგს და ის პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნაში გადაიზარდა. დაკითხული მოქალაქეების უმეტესი ნაწილი, საუბრობდა ზეწოლებსა და უფლებების დარღვევებზე. აპირებს თუ არა საქართველოს პარლამენტი, შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც აუდიტის სამსახურის აუდიტს ჩაატარებს და ამ ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს?
_ ვერ გეტყვით, კონკრეტულად როდისთვის იგეგმება აუდიტის ჩატარება მაგ უწყებაში, მაგრამ მე, როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, აუდიტის სამსახურის მხრიდან ისეთი დასკვნები იდებოდა და ისეთ ქმედებებს ახორციელებდნენ, რაც არანაირი კანონის ფარგლებში არ ჯდებოდა. ამიტომ, მე როგორც იურისტი, მათ განხორციელებულ ქმედებებში ძალიან ბევრ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ვხედავ, საუბარია როგორც უფლებამოსილების გადამეტებაზე, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლასა და დაგეგმილ და ორგანიზებულ ქმედებაზე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ. რა ფორმას აირჩევს პარლამენტი და როგორ მოხდება აუდიტის სამსახურის შემოწმება, ეს ალბათ უმრავლესობით გადაწყდება.
_ სანამ პარლამენტი კონკრეტული ღონისძიების გატარებაზე იმსჯელებს, აუდიტის სამსახურში ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ჩვენი წყაროს ცნობით, ამ უწყების დეპარტამენტის თავმჯდომარეებად, ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებული მაჟორიტარები ინიშნებიან, როგორ ფიქრობთ, რა ტენდენციაა ეს?
_ მე მგონი, სრულიად ნათელია, რომ ეს არის ყოფილი ჩინოვნიკების დასაქმების პოლიტიკა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, ისევე, როგორც ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი გადაიყვანეს კახეთის გუბერნატორად და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი _ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ვალშია ამ ხალხთან და ისე ვერ დატოვებს. მიხეილ სააკაშვილის ქმედებები სახლობანას თამაშს დაემსგავსა. ფიქრობს, რომ ძალაუფლება ისევ მის ხელშია და დაავიწყდა, რომ სრულიად სხვა პოლიტიკური რეალობა გვაქვს ქვეყანაში.
_ თქვენ, როგორც პარლამენტარი და იურისტი, როგორ ფიქრობთ აუდიტის სამსახური და მისი საქმიანობა, საჭიროებს თუ არა შემოწმებას?
_ მე ვფიქრობ, რომ კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას, დღევანდელსაც და მის წინამორბედსაც, ძალიან ბევრ სამართლებრივ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, სად და რომელი ორგანოების წინაშე, ეს ყველაფერი, სამართლებრივი ჩარჩოებით განისაზღვრება, _ განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, კონტროლის პალატას მიეცა ახალი უფლებამოსილება, განეხორციელებინა კონტროლი პარტიების დაფინანსებაზე. 2012 წლის მარტის თვეში, ამ სახელმწიფო უწყებამ მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები მოაწყო. ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც „გურია ნიუსმა“ კონტროლის პალატისგან მიიღო, ახსნა-განმარტების მისაცემად კონტროლის პალატაში 295 ადამიანი დაიბარა. ეს ადამიანები საკუთარ ფულს პოლიტიკურ გაერთიანებებს სწირავდნენ.
დაკითხვები დაშინების, შანტაჟისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. კონტროლის პალატის ქმედებები ნაკლებად ჰგავდა პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგს და ის პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნაში გადაიზარდა.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახური იქცა დახურულ უწყებად, საიდანაც ყველაზე პრიმიტიული ინფორმაციის მიღებაც კი, მაგალითად, როგორიცაა თანამშრომლების ვინაობა, არ ხერხდება. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, გადაგვემოწმებინა ზემოთ მოყვანილი ინფორმაციები, აუდიტის სამსახურისგან პასუხს ვერ ვიღებთ. უფრო მეტიც, ამ უწყების იურიდიული სამსახური მის მიერვე განხილული საჩივრების გადაწყვეტილებებსაც კი ასაიდუმლოებს, რომლის გაცნობის საშუალება მხარესაც კი არ ეძლევა. “გურია ნიუსს” ასეთ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, რომელიც განხილვის პროცესშია.