ყოფილი შს მინისტრი პროკურატურასთან ადვოკატის გარეშე მოვიდა. “გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ მოვიდა იგი ადვოკატის გარეშე, ბაჩო ახალაიამ განაცხადა: “ჰო, აბა?! ჯერ უნდა გავარკვიო, რა ხდება…”
მას, ნუგზარ წიკლაურის გარდა, უხლოესი გარემოცვიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა და “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი თეა თუთბერიძე ახლდა, რომელიც ბაჩო ახალაიასთან წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებების კუთხით.
“გურია ნიუსმა” მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით ბაჩო ახალაიას დაბარების შესახებ, კომენტარი თეა თუთბერიძეს სთხოვა.
_ ქალბატონო თეა, თქვენ ხომ არ იცით, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში?
_ ე.ი. კბილაშვილმა მე შემითანხმა ბაჩო ახალაიას რომ იბარებდნენ და შესაბამისად მაქვს ინფორმაცია…
_ თქვენ ბევრი ინფორმაცია გაქვთ; თან, პროკურატურაში თქვენი ძველი კადრი… (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა.ავტ)
_ ჰოო… ჩვენი კადრია კბილაშვილიც. სხვათაშორის, ჯერ კიდევ ადრე, “თავისუფლების ინსტიტუტთან” ჰქონია შეხება – ჯერ კიდევ დაფუძნებამდე (იცინის) და აქტიურად თანამშრომლობდა “თავისუფლების ინსტიტუტთან”…
_ თქვენ საუბრობდით, რომ ბაჩო ახალაია არის ის ადამიანი, რომელიც ებრძოდა კრიმინალებს. მისი დამსახურებაა კრიმინალური ავტორიტეტების… (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა.ავტ)
_ ახლა, მე რა ინტერვიუსაც მოგცემთ, იმედი მაქვს სიტყვასიტყვით იმას დაწერთ. თავიდან, პირველივე სიტყვიდან. თქვენ თუ გგონიათ საქართველოში დანაშაულის შემცირება ეს არის პატრულის დამსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებით მე არ ვცდილობ პატრულის როლის დაკნინებას, მაშინ ძალიან შემცდარხართ. იმიტომ, რომ საქართველოში დანაშაულის დიდი წილი იგეგმებოდა და ხორციელდებოდა სწორედ ციხეებიდან. მე შემიძლია ძალიან მარტივი სტატისტიკა მოგიყვანოთ: მაგალითად, ციხეებიდან როგორ ხდებოდა დანაშაულის მართვა. ციხეებში, დაახლოებით, თვის განმავლობაში, ბაჩო ახალაიას მისვლამდე, შევარდნაძის პერიოდში, იმის წინა პერიოდში და რევოლუციიდან კიდევ 2003 წლიდან, 2005 წლის პერიოდამდე, სანამ ახალაიას იქ მისვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა ხელისუფლება და მიღებდა გადაწყვეტილებას პოლიტიკურად შეეცვალა ის ვითარება ციხეებში, რა ვითარებაც იყო, რეალურად ციხეები არ ეკონტროლებინა კანონიერ ქურდებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს, არამედ, ციხის ადმინისტრაციას და სახელმწიფოს ემართა, მანამდე ციხეებში იკიბებოდა ყოველი თვის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ე.წ. “ობშიაკის” სახით. თქვენ ეს პატარა ფული ხომ არ გგონიათ?! ეს თანხა ნაწილი ნაწილდებოდა კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის და ნაწილი მიდიოდა ადმინისტრაციაში. რეალურად საიდან შოულობდნენ ამ ფულს ეს ადამიანები?! კრიბავდნენ ამ “ობშიაკს.” თითოეულ პატიმარს თვის ბოლოს შეწერილი ჰქონდა “ობშიაკის” დადება, ზოგს – ბევრი და ზოგს – ცოტა ანუ ვინ რა დონის პატიმარი იყო ამ კუთხით. ძალიან ბევრი პატიმრის ოჯახს უწევდა გაეყიდა ნივთები, ქონება, ესესხებინა ფული და მოეტანა თავიანთი პატიმრებისთვის, რომ მათ შეძლებოდა ამ “ობშიაკის” გადახდა. გარკვეული ნაწილი პატიმრებისა, უკავშირდებოდნენ გარე სამყაროს ე.წ “კუტოკებს”, რომელიც ჰყავდათ შექმნილი და ეუბნებოდნენ, რამდენი სჭირდებოდათ თვის ბოლოს. სწორედ ამას მოჰყვებოდა ის დანაშაულებები, რომელთა ჩადენა ამ ქვეყანაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა – ვიღაცეების დაყაჩაღება, მობილურის წართმევა, საბურავების დახსნა, სარკეების დახსნა, მანქანების გატაცება და ა.შ.
თქვენ თვითონ ნახავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად, აი, ერთ-ერთი: ავტომობილების ქურდობის სტატისტიკა. ავტომანქანის ქურდობა 1037 იყო 2005 წელს. 2006 წლების განმავლობაში – 1050; 2007 წლის განმავლობაში ავტომობილების ქურდობა 611-ზე დავიდა; 2008 წლის განმავლობაში, ავტომობილების ქურდობა დავიდა 307-ზე; ავტომობილების ქურდობა 2009 წელს დავიდა 154-ზე; 2012 წელს, ამ ეტაპზე გვაქვს 7 ავტომანქანის ქურდობა, ანუ ერთ-ერთი დანაშაულის შემცირებაზე მოგიყვანეთ მაგალითი.
ჩვენ თუ ვსაუბრობთ დანაშაულის შემცირებაზე საქართველოში, ეს მხოლოდ პატრულის დამსახურება ვერ არის. იმიტომ, რომ პატრულის თანამშრომელს მანქანში აგიფეთქებდა ეს კრიმინალური სამყარო, რომელიც დანაშაულს გეგმავდა ქვეყანაში.
რაში არის ბაჩო ახალაია დამნაშავე, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს? რა არის ის ყველაფერი, რასაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აქვს ადგილი? რას უკავშირდება, რა დგას ამ ყველაფრის უკან?! ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ეს ინტერესი ამოძრავებს ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით?
ბაჩო ახალაია გახლავთ ადამიანი, რომელმაც საქართველოში პირველმა გადადგა ნაბიჯი, არა მხოლოდ ნაბიჯი, მან რეალურად აღკვეთა ქურდული და კრიმინალური სამყაროს თარეში არა მხოლოდ ციხის შიგნით, არამედ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე არ ვიცი, თქვენ ვის გქონიათ შეხება “კანონიერ ქურდებთან,” კრიმინალებთან, ე.წ ავტორიტეტებთან. ეს არის ის სამყარო, რომელთანაც ვერ გაბედა ვერავინ დაპირისპირება საქართველოში. მათ შორის, ხელისუფლებამ, რომელიც მოვიდა “ვარდების რევოლუციით” და 2 წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო “კანონიერი ქურდების” და კრიმინალური სამყაროს წარმოადგენლების იმ თარეშის აღკვეთა, ქვეყნის შიგნით ციხეების მართვის პროცესისა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ახდენდნენ როგორც შევარდნაძის დროს, ასევე რევოლუციიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში.