თეა თუთბერიძის განმარტებით კი პროკურატურამ მოწმეებზე ზეწოლა განახორციელა და ისე მიაცემინა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება. თუთბერიძის თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ შეცვალეს ჩვენება და აღიარეს ზეწოლა იყო გამოძიების მხრიდან.
პირველი მოწმე მანუჩარ დარასელია, რომლის ვიდეომიმართვა იუთუბზე გავრცელდა, და მისი მეუღლე, როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დარასელია კარგად იცნობდა ბაჩო ახალაიას, ლევან და მეგის ქარდავებს.
წყარო ამბობს, რომ დარასელიას საკუთარ სახლში რამდენიმე ახლობელმა მიაკითხა და წაიყვანა. ამის შემდეგ ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა იგი მედიასაშულებით იხილეს. მისი სახლიდან წაყვანის შემდეგ, დარასელიას შესახებ ოჯახმა და მისმა ნათესავებმა არაფერი იციან.
მუშაობდა თუ არა მანუჩარ დარასელია და მისი მეუღლე სასჯელაღსრულების სისტემაში “გურია ნიუსი” ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, რეზო ხოფერიას დაუკავშირდა: “მანუჩარ დარასელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გათავისუფლებულია ამ წლის 25 სექტემბერს. რაც შეეხება მის მეუღლეს. იგი ახლაც მუშაობს ოპერატიული განყოფილებაში,” _ გვითხრა ხოფერიამ.
რატომ შეცვალეს მოწმეებმა ჩვენება და ვინ ახორციელებს მათზე ზეწოლას, ამასთან დაკავშირებით თეა თუთბერიძე ამბობს:
_ მანუჩარ დარასელიას და კინწურაშვილის გარდა არის გრიგოლ ბაკურაძე. ის ბაჩო ახალაიას და დეპუტატ კახა ბუცხრიკიძის საერთო მეგობარია.
ბაკურაძე ჩვენებაში აცხადებს, რომ მან მიიყვანა ზვიად აბესაძე რესტორანში. ბაკურაძემ ბუცხრიკიძეს განუცხადა, თუ რა ფორმით მოხდა გამოძიების მხრიდან მისი ჩვენების მიღება. ის აცხადებს, რომ ზვიად აბესაძე მივიდა ოჯახში მის მეუღლესთან, ეკა მგალობლიშვილთან და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის დაადასტურებდა აბესაძის ჩვენებას, მის ძმას, რომელიც ამჟამად პატიმარია, ციხიდან გამოუშვებდნენ.
გრიგოლ ბაკურაძე შსს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. იგი აცხადებს, რომ ჩვენება რაც გამომძიებელს უკარნახა, არ წერია საქმეში. ჩვენების ბოლო ნაწილი, რომელიც გამომძიებელს მისცა, სადაც საუბრობს რომ არანაირი ჩხუბი არც იმ დღეს, არც სხვა დღეებში არ მომხდარა არც ბაჩო ახალაიას და ზვიად აბესაძეს, არც გიგი კალანდაძეს და ზვიად აბესაძეს შორის, გამომძიებელმა დაკითხვის ოქმში საერთოდ არ შეიტანა. ანუ ჩვენებაში, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი, აღმოაჩინა, რომ მისი სიტყვებით არ არის შეტანილი.
_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა სერჟანტიც.
_ ეს არის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე, რომელიც ჯარში საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ეს ადამიანი ორჯერ მიიყვანეს პროკურატურაში. როდესაც პირველად დაიბარეს ბაჩო ახალაიას მესამე ეპიზოდთან დაკავშირებით, თითქოს ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის ბრძანებით ჯარისკაცები აბანოში სამი დღე დაამწყვდიეს, მოსთხოვეს ამ ჩვენების მიცემა, რაზეც მან უარი განაცხადა და თქვა, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და ის ვერ მისცემდა ასეთ ჩვენებას.
ასეთი ქმედებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც დიდი სიყვარული, ნდობა და რეპუტაცია აქვთ ჯარში, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ის, რაც, დღეს ქართულ ჯარში ხდება, მიზანმიმართულად კეთდება _ პირდაპირ ხდება შეიარაღებული ძალების დასუსტება და რუსული გეგმის განხორციელება.
_ თქვენ მოგმართათ რომელიმე ჯარისკაცმა, რომ მასზე ზეწოლა ხდება?
_ უამრავი ადამიანი გამოდის კონტაქტზე, მაგრამ რადგან ისინი ჯარისკაცები არიან, მათ არ აქვთ ამის შესახებ ხმამაღლა საუბრის უფლება. განსხვავებით დარასელიას და კინწურაშვილისგან, როდესაც ღიად ვასახელებ და ვსაუბრობ მათ მიმართ გახორციელებულ ზეწოლაზე, ვერ ვასახელებ სხვა ჯარისკაცების სახელებს და გვარს.
_ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რითი დაემუქრნენ დარასელიას და კინწურაშვილს?
_ დარასელიას რითი დაემუქრებოდნენ? ძალიან მარტივია, რაც განაცხადა კბილაშვილმა, რომ ადგილზე შეეძლოთ მისთვის ბრალი წაეყენებინათ და რომ ლმობიერება გამოუჩენიათ. ბუნებრივია, თუ ის ფაქტი მართლაც რეალურია, გამოძიებას ადგილზე შეეძლო და უნდა წაეყენებინა დარასელიასთვის და კინწურაშვილისთვის ბრალი.
კინწურაშვილი ჩანს კარანტინის დაშლის კადრებში, რომელიც საზოგადოებამ არჩევნებამდე 11 დღით ადრე იხილა. ბუნებრივია, მათზე ზეწოლა სწორედ ამით გახორციელდა. ბრალის წაყენება მხოლოდ იმიტომ არ გახორციელდა, რომ გამოძიებას სასურველი ჩვენება მიეღო. ამას პირდაპირ ადასტურებს კბილაშვილის გამოსვლა. თუ ის დანაშაული მართლაც მოხდა, ორი მუხლით უნდა წაეყენებინათ ბრალი _ დანაშაულის დაფარვა და თანამონაწილეობა. რა საფუძველზე წაუყენეს ბრალი 5 დღის, ან 6 დღის შემდეგ, მაშინ როდესაც არანაირი დამატებითი ჩვენება, მტკიცებულება საქმეში არ არსებობს? ე.ი. რა გამოდის თეა თუთბერიძე რომ გამოვიდა და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები უკვე იწყებენ საუბარს, ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიგვაცემინესო, ამის შემდეგ მოხდა მათთვის ბრალის წაყენება?! ეს რას ნიშნავს?! იმას, რაც პირდაპირ თქვა კბილაშვილმა _ ლმობიერება გამოვიჩინეთო. ზუსტად ეს გახლდათ ლმობიერება. სწორედ ამით შეძლო პროკურატურამ მათ ჩვენებებზე ხელის მოწერა მიეღო.
ზვიად აბესაძისა და გრიგოლ ბაკურაძის მეუღლის შეხვედრასთან დაკავშირებით თეა თუთბერიძის განცხადებაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დეპუტატ კახა ბუცხრიკიძეს ასეთ კომენტარს აკეთებს: “მე მქონდა საუბარი გრიგოლ ბაკურაძესთან. როგორც ვიცი, აბესაძე მივიდა ბაკურაძის მეუღლესთან. დანარჩენი თვითონ ჰკითხეთ,” _ განაცხადა ბუცხრიკიძემ.