შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს და აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია, ხვალ, დღის პირველ ნახევარში გავრცელდება.
გეგი ქელბაქიანი, უკვე ორი საათია, რაც მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება. მას ახლობლები და მეგობრები ელოდებიან, დაახლოებით 20-მდე ადამიანი. “გურია ნიუსის” ჟურნალისტთან ისინი არანაირ კომენტარს არ აკეთებენ, მხოლოდ იმით დაინტერესდნენ, საიდან გავიგეთ გიგი ქელბაქიანის ამბავი.
რაც შეეხება თავად ქელბაქიანს, მისი სახელი სახელმწიფოს მიერ “თბილისის წყლის” ქონების გასხვისებაში ფიგურირებდა. 2011 წლის ივლისის თვეში, “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, თინა ხიდაშელი ამბობდა:
_ “თბილისის წყალმა” 2009 წელს საპრივატიზაციოდ ბალანსზე რიცხული ქონება გამოიტანა. წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ გაასხვისა ქონება და თქვა, რომ ეს საჭირო იყო იმისათვის, რათა “თბილისის წყალს” ეფექტურად ემუშავა. ამ დროს კი “თბილისის წყალმა” უზარმაზარი ქონება გამოიტანა გასაყიდად. ქონების ნუსხა სრულად ფარავს იმ 75 მილიონს, რომელიც ამ კომპანიამ სახელმწიფოს გადაუხადა ტენდერში. “თბილისის წყალმა” გაყიდა უამრავი ნაკვეთი დედაქალაქში, მათ შორის – ცენტრალურ უბნებში, საცხოვრებელი ბინები, არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართები.
ფული, რომელიც დაიხარჯა პრივატიზაციამდე “თბილისის წყლის” რეაბილიტაციისთვის, შეადგენს ზუსტად 75 მილიონს. ეს არის ჯამი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხისა. “თბილისის წყალი” ზუსტად 75 მილიონად გაიყიდა, ანუ ფული, რომელიც “თბილისის წყლის” შესაძენად ბიუჯეტში გადაიხადა ამ კომპანიამ, ბიუჯეტს უკვე გაღებული ჰქონდა. მთავარი კი ის არის, რომ “თბილისის წყალს” ბალანსზე პრივატიზაციამდე ცოტა ხნით ადრე გადაეცა ქონება, რომელიც “თბილისის წყალს” მანამდე არ ეკუთვნოდა. პრივატიზაციის შემდეგ კი “თბილისის წყალმა” სწორედ ეს ქონება გაყიდა.
“კვირის პალიტრის” კითხვაზე, _ვინ გადასცა ეს ქონება “თბილისის წყალს” _ თინა ხიდაშელი პასუხობს:
– ამ დოკუმენტებს ვინ გვაჩვენებს? ყველა სასამართლო პროცესი წაგებული მაქვს, დოკუმენტებს არავინ გვაძლევს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე.
ამ საქმეში თბილისის მერის პირადი ინტერესები იკვეთება. მთელი ამ ამბის ავანჩავანი – ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფით დაწყებული, პრივატიზაციით და შემდგომ ქონების გაყიდვით დასრულებული – იყო ბატონი ქელბაქიანი, რომელიც გიგი უგულავას უახლოესი მეგობარია. ქელბაქიანი “თბილისის წყალში” ამ შავბნელი საკითხების მოსაგვარებლად იყო და როცა დაასრულა ათეულმილიონიანი ფინანსური კომბინაცია, იქ რაღა ესაქმებოდა?