ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური პროცედურა და ჩვენც ლეგიტიმური უფლება გავქს, რომ შევამოწმოთ. ეს ყველაფერი საზოგადოების დაკვეთაც არის და პარლამენტის ვალდებულებაც. აქ არაფერი უცნაური არ არის,” _ აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შემოწმების პერიოდად 2012 წელი იქნება აღებული. 2012 წელი კი პირდაპირ კავშირშია კონტროლის პალატაში „პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნასთან“, რომლის თავმჯდომარედ ნათია მოგელაძე დაინიშნა.
ნათია მოგელაძის და მისი უწყების სახელი კი პირდაპირ კავშირშია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით კი კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების მასობრივ დაჯარიმებასთან, რაც სამართლებრივი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, რის შესახებაც თავიანთ დასკვნებში არაერთგზის აღნიშნავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
_ ქალბატონო მანანა, აუდიტის სამსახურში, ცოტა არ იყოს, უცნაურად ვითარდება მოვლენები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის ადმინისტრაციული დეპარატამენტის და ასევე ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტების უფროსებად, ამ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებული მაჟორიტარები დაინიშნენ _ ანდრო ალავიძე და ბეჟან ბუცხრიკიძე. ჩვენი ინფორმაციით, დღეს კიდევ ერთი მიემატა, ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი და პარლამენტში ვერმოხვედრილი ადამიანი.
_ ის, რომ სტრუქტურა პოლიტიზირებული იყო, ფაქტია. მე მაგალითად, არ მახსენდება კონტროლის პალატას რაიმე მძაფრი დასკვნა დაედო რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციის შესახებ. დავიჯერო, ყველაფერი წესრიგში იყო? ყველა ორგანიზაციაში? ხომ ამოწმებდნენ, ხომ მუშაობდნენ?
მათი საქმიანობა მაშინ გახდა თვალშისაცემი, როცა დაიწყეს „ქართული ოცნების“ აქტივისტების დევნა, მანამდე საერთოდ არავის არ ახსოვდა მათი არსებობის შესახებ და საერთოდ რა საქმიანობას ეწეოდა. თუმცა, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებაზე სამართლიანი პრეტენზია ჰქონდათ როგორც ჟურნალსიტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაწყებული პრეზიდენტის სასახლის ხარჯებიდან, დამთავრებული პარლამენტის მშენებლობის ხარჯებით.
რაღაც არ მახსოვს, რომ კონტროლის პალატას ამ საკითხების შესწავლა დაეწყო. ცხადია, საზოგადოებასაც აქვს ინტერესი გაიგოს რა ხდებოდა აუდიტის სამსახურში და პარლამენტს აქვს ვალდებულება ამისი.
_ რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, კონტროლის პალატა, როგორც ასეთი, აუდიტს ატარებდა. არაერთი უწყების აუდიტი ჩატარებულა, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, საერთო სასამართლოების, პროკურატურის, გაზისა და ნავთობის კორპორაციის, მაგრამ რა იწერებოდა აუდიტის იმ აქტებში, რომელიც შემდეგ დგებოდა, ესეც ალბათ შესწავლის საგანი უნდა იყოს. ამაზე თუ იქნება მსჯელობა?
_ როგორც ჩანს, ფორმალურად ატარებდნენ და როცა დარღვევებს პოულობდნენ, ეს ალბათ არც ხმაურდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია, დარღვევები არ ყოფილიყო.
_ სხვათაშორის, პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარე წინა წლებში, რომელიც კონტროლის პალატის საქმიანობას ამოწმებდა, ბეჟან ბუცხრიკიძე გახლდათ, რომელიც ყველა შემოწმების შემდეგ აცხადებდა, რომ კონტროლის პალატაში დარღვევები არ იყო. ამ რამდენიმე დღის წინ, ის აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა…
_ სწორედ ეგ არის პოლიტიკური განცხადება, რომ მათ არ სურდათ იმ რეალობის გამოვლენა, რაც არსებობდა. რეალურად კი, ყველა სფეროში იყო თემა დაფარულ ხარჯებზე, რასაც არ პასუხობდა აუდიტის სამსახური ადექვატურად. ეხლა, ჩვენ შევამოწმებთ მათ საქმიანობას და პარალელურად, მათ ევალებათ პარლამენტის მშენებლობის ხარჯების მონიტორინგის ჩატარება. ასე რომ, კეთილი უნდა ინებონ და დადონ დასკვნა, რამდენად სწორად არის თანხები დახარჯული და თუ საჭიროა, პროკურატურასაც მიმართონ, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ2012 წლის მარტში, აუდიტის სამსახურიის „პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები მოაწყო. ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც “გურია ნიუსმა” კონტროლის პალატისგან მიიღო, ახსნა-განმარტების მისაცემად კონტროლის პალატაში 295 ადამიანი დაიბარეს. ეს ადამიანები საკუთარ ფულს პოლიტიკურ გაერთიანებებს სწირავდნენ ან სრულიადაც არ ჰქონდათ კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან.
დაკითხვები დაშინების, შანტაჟისა და ადამიანთა უფლებების დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. კონტროლის პალატის ქმედებები ნაკლებად ჰგავდა პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგს და ის პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნაში გადაიზარდა.
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ კონტროლის პალატის თანამშრომლები, რომლებმაც ორ დღეში 295 პირი დაკითხეს, დღემდე გასაიდუმლოებულია.
6 თვის განმავლობაში, “გურია ნიუსი” უშედეგოდ ელოდებოდა კონტროლის პალატისგან პასუხს ნათია მოგელაძის თანამშრომლების ვინაობისა და მათი სახელფასო სარგოს შესახებ. პასუხი საჯარო უწყებისთვის არაპროფესიონალურის გარდა, არაადეკვატურიც იყო _ თურმე, საჯარო მოხელეების ვინაობა პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და მისი გასაჯაროება არ შეიძლება.