ალექსანდრე ყველაშვილი გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თანასოფლელია და ის აქტიურად მუშაობდა მესამე სექტორში – არასამთავრობო ორგანიზაციაში. ბოლო პერიოდში კი ბიზნესში იყო ჩართული და თბილისში ცხოვრობს.
“გურია ნიუსი” ალექსანდრე ყველაშვილს დაუკავშირდა და მან ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მისი რეგიონში დაბრუნების შესახებ არჩევნებამდეც იყო საუბარი.
_ ნამდვილად არ მქონია მიზნად უკან დაბრუნება, ვმუშაობდი გარკვეულ პროექტებზე, რომელთა გახორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას და მის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გატანას, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ჩაის წარმოებაში გავახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. მოკლედ, ვამჯობინე აქ დარჩენა, რომ აქედან გამეწია ოპონირება ხელისუფლებისათვის, გარკვეულწილად ფინანსური და მორალური რეპრესირება გავიარეთ ცნობილი 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემდეგ. ამიტომ ვცდილობდით, მე და ჩემი მეგობრები, წინ ჩავდგომოდით პროტესტის ტალღას. გურიაში ნაკლებად ჩამოვდიოდი. მხოლოდ მეგობრებთან ვაკეთებდი ღამის ვიზიტებს„ ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით, დანარჩენ დროს ვახმარდით ციხეების ცნობილი მოვლენების გაპროტესტებას. ჩვენს მეგობარ ცნობილ უფლებადამცველებთან ერთად, არჩევნების შემდეგ ,სამეგობრო წრემ წამოაყენა წინადადება, რეგიონში ჩემი გუბერნატორად მოვლინების თაობაზე, თუმცა იყო სხვა შემოთავაზებები, იგივე პენიტენციალურ სისტემაში , რაზედაც თავშივე უარი განვაცხადე და ვამჯობინე, ერთ შემოთავაზებაზე დავთანხმებულიყავი, ანუ მემუშავა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებზე აჭარა- გურიის რეგიონში, რაც გახორციელდებოდა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტთან ურთიერთობით (ეს თემა ისევ ძალაშია). ამის შემდეგ, წამოვიდა გურიიდან ინიციატივა, ოღონდ ამ ეტაპზე ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მათ შორის, მეგობრები და უბრალო ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ ჩემს საქმიანობას. შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და დაიწყეს მუშაობა პრემიერისთვის მისაწერ პროექტზე, რეგიონის მოსახლეობის თანდართული ხელმოწერებით. მე დღემდე ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, მქონდა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა და კონსულტაცია, არის სერიოზული მხარდაჭერაც, მაგრამ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მიზეზი მხოლოდ ერთია–რამდენად იქნება საშუალება რეგიონში სახსრების მოზიდვისა, რომ მისი ეკონომიკა და მოსახლეობა ეტაპობრივად წელში გაიმართოს და წავიდეს წინ. ცნობილი ფაქტია, რომ ეს არჩევნები ერთი გენიალური ადამიანის ავტორიტეტმა მოიგო, ქართველი ხალხის თანადგომით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარაფერი არ უნდა ვაკეთოთ. თუმცა, მესმის პირად საუბრებში და გურიის საზოგადოებასთან შეხვედრებში, რომ ენთუზიაზმი დიდია, რაც იმედს მაძლევს, რომ საქმე სერიოზულად წაიწევს წინ. მოსახლეობაში გაჩნდა იმედი და ბრძოლის უნარი, ეს უკვე საქმეა. სიმართლე გითხრა, მე ჩემი რეგიონის გვერდით დგომას, ყოფელგვარი თანამდებობის გარეშეც შევძლებ, მითუმეტეს ,ჯერ ამ საკითხების გადასაჭრელად საკანონმდებლო ბაზაც არ არის მომზადებული. სასიხარულო ფაქტი ერთია–მოსახლეობას გაუჩნდა სურვილი, თვითონვე წამოაყენონ კადრი რეგიონის ხელმძღვანელ პოსტზე. ეს უკვე ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გურიაში გადაურჩა ყოფილი ხელისუფლების რეპრესიებს და შეინარჩუნა თვითმყოფადობა. ამას მე, როგორც მესამე სექტორის დიდი გულშემატკივარი და ერთ-ერთი რიგითი წევრი, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და ვთვლი, რომ ეს ამ არჩევნების ყველაზე დიდი მონაპოვარია, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ალექსანდრე ყველაშვილმა.