ჩვენი სტუმარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი მირზა მეგრელაძეა. იგი 32 წლისაა, პროფესიით ვეტერინარი. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია, ბავშვობოდანვე თავდავიწყებით უყვარს მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.
_ როცა პატარა ვიყავი, გული სულ ტყისკენ მიმიწევდა. საათობით დავდიოდი ბუნებაში და ვაკვირდებოდი მცენარეებს, განსაკუთრებით ფრინველთა იდუმალი ჭიკჭიკი მაოცებდა. ვცდილობდი, ერთმანეთისგან გამერჩია სხვადასხვა ფრთოსნის ხმა. მერე, როცა წამოვიზარდე, გადავწყვიტე, სხვადასხვა ფრინველები მომეშენებინა, _ გვიამბობს ის და პირველ ნაბიჯის გადადგმას, რომ უცხოური ჯიშის ჯუჯა ქათმები მოეშენებინა, უახლოეს ნათესავს უმადლის, ვინც ეგზოტიკური საჩუქარი გაუკეთა ხუჭუჭა თუთიყუშის სახით. ფრინველების მოშენების პარალელურად ეცნობოდა სხვადასხვა ლიტერატურას, მათი მოვლის შესახებ. ახლა მის ოჯახში სხვადასხვა სახეობის მრავალი ჯუჯა ქათამი და მტრედია, ჰყავს მონადირე ძაღლები, ხშირად დადის სანადიროდაც, თუმცა… შინ მუდამ ხელცარიელი ბრუნდება. ახლობლები დასცინიან კიდეც ამის გამო, თუმცა ვინ რა იცის, რომ ბუნების შვილს, ფლორასა და ფაუნაზე უსაზღვროდ შეყვარებულს, სწორედ გადამწყვეტ მომენტში უჭირს სასხლეტზე ხელის გამოკვრა…
_ მირზა, ჩვენი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი საქმიანობის გაცნობა. რომელი ინსტიტუტი დაამთავრეთ და რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
_როცა დავამთავრე სოფელ ქობულეთის საშუალო სკოლა, სწავლა განვაგრძე ბათუმის კვლევით სამეცნიერო ინსტიტუტში სამეურნეო და შრომის სამართლის ფაკულტეტზე. პარალელურად გავდიოდი ვეტერინარიის კურსებს, ძალიან მიზიდავ ვეტერინარიის დარგი. ღამეებს ვათენებდი წიგნების კითხვაში, ბაბუაჩემი პროფესიით ბუნებათმცოდნე იყო და ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემი პროფესიის არჩევაში.
_ ოჯახში მხოლოდ ჯუჯა ქათმები გყავთ?
_ შინაური ქათმებიც მყავს, თუმცა ჯუჯა ცალკე არიან, მყავს დეკორატიული ჯიშის მტრედებიც, რომლებიც ძალიან მიყვარს და ერთნაირი მონდომებით ვუვლი.
_ მტრედები ღია სივრცეში გყავთ, ქათმები _ გალიაში. როგორ უვლით მტრედებს და არის თუ არა ეს საქმე გაცილებით რთული, ვიდრე ქათმების მოვლა?
_ ერთნაირად შრომატევადია. ისე, ძალიან ფაქიზი მოვლა სჭირდებათ. მიჩვეული ვარ უკვე, ალღო მკარნახობს, წინასწარ გავთვალო და ვიგრძნო მოახლოებული ავადმყოფობა ან რაიმე სხვა სახიფათო ნიუანსი, რაც შესაძლოა, ემუქრებოდეს ამ ფრინველებს. მე მათთან იმდენად ახლოს ვარ, თითქოს, მათი გულისთქმაც მესმის, მაგალითად, ჩემი მტრედები როცა ეზოში არიან, რაც უნდა დამშეულები იყვნენ, უცხო ადამიანს ყოველთვის უფრთხიან და სიახლოვესაც არ გაეკარებიან. მათ შორის, ოჯახის წევრებსაც, მხოლოდ მე მცნობენ. ხან, ლამის, თავზე მასხდებიან. წამიკითხავს, სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ მტრედები პატრონს ცნობენ, ანუ ზუსტად არჩევენ ადამიანებს ერთმანეთისგან. ამაში მეც დარწმუნებული ვარ, ფაქტი სახეზე მაქვს.
_ როგორი არიან მტრედები გამრავლების პერიოდში, რა თავისებურება ახასიათებთ?
_ განსაკუთრებით საინტერესოა მტრედების გამრავლების პერიოდი და მათი თავისებურება. ისინი მონოგამები არინ _ ერთი მამალი მხოლოდ ერთ დედალთან წყვილდება, წელიწადში რამდენჯერმე, მაგრამ მხოლოდ ერთი – ერთზე და მთელი ცხოვრება ასე რჩებიან (თუმცა, გადაწყვილება, მცოდნე ადამიანის ხელით, შესაძლებელია).
_ ახლა ჯუჯა ქათმებზე ვისაუბროთ.
_ ძალზე საინტერესოა იმ ჯუჯა ქათმების გამრავლება და მოვლა, რომლებსაც ახლა მე ვზრდი. ეს არის ძალიან პატარა ჯიშის ქათმები, ინგლისური სებრაითი. დედალი, დაახლოებით, იწონის 300 გრამამდე, მამალი კი _ 400 გრამამდე. არიან ძალიან საინტერესო შეფერილობის, ყოველ თეთრ ბუმბულზე შავი არშია აქვთ შემოვლებული, თევზის ქერცლებს მოგვაგონებს. ეს ჯიში მე ჩემმა ახლობელმა ჩამომიყვანა უკრაინიდან. საქართველოში მე ამის ანალოგი ვერ ვიპოვე, გამრავლების პერიოდი დაახლოებით მარტის ბოლოდან იწყება დედალი დებს 8-დან 16 ცალამდე პატარა, თეთრი ფერის კვერცხს და თავადვე კრუხობს საინკუბაციო პერიოდი. 22 დღის შემდეგ ძალიან უსუსური წიწილები იჩეკებიან (16 კვერცხიდან იჩეკება 8-10 ცალი, იშვიათად, _ ყველა). ამის შემდეგ გადამყავს მუყაოს კოლოფში, დედასთან ერთად და ერთი კვირის განმავლობაში ვკვებავ მოხარშული კვერცხის გულით, შემდეგ უკვე სპეციალურ საკვებზე გადამყავს, რაშიც ბევრნაირ ვიტამინს ვურევ და ხშირად მაინც მიჭირს მათი უდანაკარგოდ გაზრდა, ვინაიდან ეს ქათმები არ არიან ჩვენს ჰავას შეგუებული. წიწილები 4 თვის ასაკში უკვე ზრდასრულად გამოიყურებიან და ამის შემდეგ უერთდებიან თავის მოძმეებს. ეს ქათმები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ჩემთვის სრულიად განსხვავებულები არიან. ისევე ვარჩევ ერთმანეთისგან, როგორც ადამიანებს და მტრედებს.
_ ახლა რამდენი ჯიშის ჯუჯა ქათამი გყავთ და გაუჭირდათ თუ არა მათ ჩვენს პირობებთან შეგუება?
_ ხუთი ჯიშის ჯუჯა მყავს, თუმცა, არაჯუჯებიც მყავს. ამ ყველაფერს ისეთი სიხარულით და ენთუზიაზმით ვაკეთებდი, დრო როდის გარბოდა, ვერც კი ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, აკლიმატიზაცია განიცადეს, მაგრამ ვკითხულობდი ლიტერატურას, ვახდენდი დაკვირვებას და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. თავიდან მყავდა რამოდენიმე ჯიშის ქათამი, მათ შორის ჯუჯა, ანუ დეკორატიული ჯიშები. ეს ფრინველები ყველა უცხოეთიდან არის შემოყვანილი და ჩვენს პირობებში ძნელდებოდა მათი მოვლა. გავუკეთე სპეციალური გალია, ხანგრძლივი დაკვირვებით და შრომით, მივაღწიე იმას, რომ მათ ჩვენი პირობები აეტანათ და შეძლებოდათ გამრავლება.
_ გეგონება, სპეციალურად საღებავით შეღებე თუ გააფერადე.
_ კი, კი, ბევრი იმასაც კი მეუბნება, რომ ეს ვინ ითამაშა და ვინ დაუხატა ამ ქათმებს ბუმბულიო?
_ მირზა, რა მიზნით აკეთებთ ყოველივე ამას, გსურს, ბიზნესის სახე მისცე ამ ყველაფერს?
_ ჩემს საქმიანობას რაიმე კონკრეტული მიმართულება არ ექნება. უბრალოდ, ეს არის ჩემი ჰობი და ბავშვობის ოცნება, რომ მეტი და მეტი მცოდნოდა ბუნების იმ ამოუხსნელ საოცრებებზე, რასაც ჰქვია ცხოველი და ფრინველი. ჩემი ოჯახის წევრები არ იჩენენ ჩემი ფრინველების მიმართ დიდ ინტერესს. ჩემს მეუღლეს ალერგია აქვს ფრინველსა და ცხოველზე. შეიძლება, ოდესმე ამ ყველაფერს ბიზნესის სახე მიეცეს.
_ ნადირობა გიყვართ?
_ მყავს მონადირე ძაღლები და ვარ მონადირე. უფრო სწორად, ჩემგან სანადიროდ წასვლის მოტივი ის არის, რომ უფრო მეტად და ახლო გავეცნო ბუნებას და არა ის, რომ სახლში ნანადირევით დავბრუნდე. თითქმის ყოველი ნადირობიდან ხელცარიელი ვბრუნდები, რაც ოჯახში ჩემი დაცინვის საგანი ხდება. მართალი ისაა, რომ მოსაკლავად ვერაფერს ვიმეტებ.
მირზა მეგრელიძეს 4 წლის ვაჟი ჰყავს, დავითი. მას განსაკუთრებით აჩვევს ბუნებას და მის სიყვარულს ასწავლის. მიიჩნევს, რომ თუ ბუნება გიყვარს, მაშინ არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყო. მისი ჰობის ამოსავალი წერტილიც ეს არის.