ასეთ პირობებში სრულიად შეუძლებელია რეალური კონტროლი თუ რამდენად ასრულებენ პრობაციონერები დაკისრებულ ვალდებულებებს” _ ამ განცხადებას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აკეთებს. მისი თქმით, დღეისთვის სამსახურის განტვირთვა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ათას პრობაციონერს სასჯელი უუქმდება.
ამნისტიის საშუალებით პრობაცია უწყდება დაახლოებით 15 ათას პრობაციონერს. გარდა ამისა, სპეციალური კომისია განიხილავს ყველა იმ მსჯავრდებულის საქმეს, ვისაც მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარზე მეტი და არც ერთხელ არ დაურღვევია პრობაციის პირობები.
“ჩვენს რეალობაში გვხვდება არანორმალური პრობაციებიც. მაგალითად 20,25-წლიანი ვადით, რაც არანაირ სტანდარტში არ ჯდება. პრობაციის მოხსნა სასამართლოებზეადამოკიდებული და იმედია, ის ჯეროვნად შეასრულებს მოვალეობას,” _ აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი.
ვადაზე ადრე გათავისუფლება, ე. წ. “უდოც”, გარკვეულ ჩარჩოებში მოექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად არ გათავისუფლდება ყველა ის პირი, ვინც “უდოს” პირობებს აკმაყოფილებს: “ადამიანი, რომელიც არ ემორჩილებოდა რეჟიმს და მუდმივად უქმნიდა წესრიგს საფრთხეს, ეს ყველაფერი მხედველობაში იქნება მიღებული და ამიტომაც ყველა პატიმარს მოვუწოდებ რომ დაემორჩილონ ციხეში არსებულ წესრიგს”, _ აცხადებს სუბარი.
გრძელვადიანი პაემნების დრო 24 საათიდან 36 საათამდე და შესაძლებელია 72 საათამდეც გაიზარდოს. რაც შეეხება პაემნის ღირებულებას – 60 ლარს, სუბარის თქმით, ეს ფასი მინიმალურია და მისი შემცირება არ იგეგმება, თუმცა, გარკვეული შეღავათების შემოღება მაინც განიხილება _ მაგალითად პირველი 24 საათი იქნება 60 ლარი, მომდევნო საათები კი _ 30.