საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ ტენდენციაში, მასაც საკმაოდ შეეხო მიგრაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს იგი მიმღები ქვეყანაც გახდა (ჩინელები, ინდოელები, აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან მიგრანტები), იგი რჩება ძირითადად მიგრაციის წყარო ქვეყნად ევრო კავშირისა და სხვა ქვეყნებისთვის მსოფლიო მასშტაბით.
სწორედ მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა მედიასემინარი, რომლიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის” ფარგლებში გაიმართა. მედიასემინარის დანიშნულება იყო მედიის წარმომადგენლებისთვის თემატიკის უკეთ გაცნობა, რაც შემდგომში საშუალებას მისცემს მათ ფართო საზოგადოებას უფრო სიღრმისეული ინფორმაცია მიაწოდონ.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტი საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების რეალიზაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტის, რომლის მიზანსაც ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, არალეგალური მიგრაციის აღკვეთა და დაბრუნების და რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების წახალისება წარმოადგენს, საქართველოში უკვე 2009 წლიდან ხორციელდება.
სემინარს უძღვებოდნენ მიგრაციის ექსპერტები, რომლებიც წარმოადგენენ: საქართველოში ევროკავშრის დელეგეციას, მიგრაციის სახელმწიფო კომისიას, პროექტს „”იზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის”, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.
სემინარზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ევროკავშირის სამიგრაციო პოლიტიკა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებში; პროექტი „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის” – მიზნები და მიმდინარეობა; არალეგალური მიგრაცია – ძირითადი ტენდენციები, საფრთხეები და პრევენცია; საქართველოს მიგრაციის ეროვნული სტრატეგია.
“საზღვრის უკანონო გადაკვეთა არ არის ერთადერთი განმპირობებელი არალეგალური მიგრაციისა. ძირითადად არალეგალური მიგრაცია განპირობებულია ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნით, მიუხედავად იმისა რა გზით შემოვიდა მიგრანტი ქვეყნის ტერიტორიაზე. შეიძლება ის სრულიად კანონიერად შემოვიდა და ყველა საბუთი თავდაპირველად წესრიგში ჰქონდა, თუმცა მისი დარჩენა ქვეყანაში (ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, ან სხვა ნებართვების/საბუთების ვადის ამოწურვის შემდეგ) გახდა არალეგალური.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ საკითხს, რომ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში (და არა მარტო) მიგრანტის სტატუსი უკანონო ხდება მაშინვე, როდესაც მის შესაბამის ვიზას (სხვა სახის ნებართვას) გასდის ვადა. აგრეთვე ვიზაში მითითებული მიზნების დარღვევის შემთხვევაშიც, – ითქვა სემინარზე.
პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირში შემავალ ცალკეულ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზის მისაღებად აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურების და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.