“შეგახსენებთ: 2013 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომლის შედეგადაც შესაძლოა არაალკოჰოლური სასმელები გაძვირდეს.
კერძოდ, 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად #996 ბრძანება კი საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.
მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები). შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. საერთო ჯამში კი, მხოლოდ ერთი საწარმოსთვის, გადასახადმა, შესაძლოა, მილიონსაც გადააჭარბოს.
ელექტრონულ მარკირებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარული კომპანია “SICPA” განახორციელებს, რომელსაც არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების საფასურს გადაუხდის.
“გაყიდვების მართვის კომპანია’” მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება უარყოფითად აისახება როგორც ამ სექტორში მოქმედი კომპანიების გაყიდვებსა და შემოსავლებზე, ასევე მომხმარებელზე:
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტარიფები არის დამატებითი საგადასახადო ტვირთი, კომპანიებს უძვირდებათ პროდუქციის თვითღირებულება, რაც უნდა აისახოს ფასში ან კომპანიებმა შეამცირონ მოგების მარჟა, გაძვირებული პროდუქცია ნიშნავს უფრო ნაკლებ გაყიდვებს, რადგან ეს სექტორი მგრძნობიარეა ნებისმიერი საფასო ცვლილების მიმართ. ეს ცვლილება განსაკუთრებით დააზარალებს მცირე კომპანიებს, რომლებიც ამ სექტორში მოქმედებენ, მათთვის დამატებითი ხარჯების გაწევა ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე, უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყლები ექსპორტში მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი, პოტენციალი კიდევ უფრო მეტი აქვს, ნებისმიერი ფასის გაძვირება უარყოფითად აისახება საქართველოში წარმოებული ამ პროდუქციის კონკურენტუნარიანობასა და საექსპორტო გაყიდვებზე.
ჩვენ არ მიგვაჩნია გამართლებულად არგუმენტი _ პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვის მოტივაცია, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ სექტორში ფალსიფიკაციის პრობლემა არ დგას. თუ ეს საკითხი გახდება აქტუალური, ბაზარზე მოქმედი ძირითადი მოთამაშეები ამ საკითხის გადაჭრას ერთმანეთში შეთანხმებით ან თვითრეგულირებით შეძლებენ. თუ ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ რომელიმე კომპანიას აქვს აღურიცხავი პროდუქცია, მას მისი შემოწმებისთვის ყველა ბერკეტი და რესურსი გააჩნია, ამიტომ დამატებითი რეგულაციის შემოტანა აქ აბსოლუტურად გაუმართლებელია.
ცალკე საკითხია ბიუჯეტში ცვლილების შედეგად მისაღები ფისკალური ეფექტი, რომელიც ნულის ტოლია, კომპანიების მიერ გაღებულ მთელ ხარჯს შემოსავლის სახით შვეიცარიული კომპანია მიიღებს, რომელიც ამ ტექნიკური ცვლილების სერვისს კომპანიებს სთავაზობს. ეს საკითხიც იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. “გაყიდვების მართვის კომპანია” თვლის, რომ ცვლილება აუცილებლად უნდა იქნას შეჩერებული, რადგან სექტორის განვითარება გაგრძლედეს არ შეიზღუდოს დამატებითი ხარჯებით,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტური მოკვლევა სახელწოდებით _ “დაკანონებული ზეწოლა ქართულ ბიზნესზე _ ყოფილი ხელისუფლების შვეიცარული სქემა”, სადაც კანონში შეტანილი ამ ცვლილებების შესახებ დეტალურად იყო საუბარი, სწორედ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.