“2013 წლიდან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარამდეა, შესაძლებლობა ექნებათ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი წლის დასრულების შემდეგ დაიბრუნონ,” – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
იმ მოქალაქეებს კი, რომელთა ხელფასები 500 ლარს აღემატება, საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არ იცვლება. ის წლევანდელის მსგავსად 2013 წელსაც 20 პროცენტი იქნება.
“საშემოსავლო გადასახადს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე დაგეგმილია დაუბეგრავი მინიმუმის დაწესება. სხვა ცვლილებები ახლა გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკური ზრდის კვალობაზე გადასახადები შევამციროთ. 2013 წელს ეს არ მოხდება,” – აცხადებს ნოდარ ხადური.
დაუბეგრავი მინიმუმის დაწესებაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ქართველ ეკონომისტებს. “ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. ეკონომისტი ამბობს, რომ 500 ლარზე მეტი ანაზღაურების მქონე მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის წლევანდელ განაკვეთზე დატოვებით, მთავრობა მას 2 პროცენტით ზრდის. “დაუბეგრავი მინიმუმი რომ დაწესდეს, საგადასახადო კოდექსში შესწორება უნდა შევიდეს, რაც ჯერ არ მომხდარა. იგივე კოდექსში გარკვევით წერია, რომ საშემოსავლო გადასახადი წელს 20 პროცენტი იყო, მომდევნო წელს 18 პროცენტი გახდებოდა. ანუ კანონით მომდევნო წელს საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი უნდა იყოს. თუ კი ახალი ხელისუფლება მას 20 პროცენტზე დატოვებს, გამოდის, რომ 500 ლარის ზემოთ ანაზღაურების მქონე მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადს 2 პროცენტით ზრდის… რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომ თვეში 500 ლარამდე ანაზღაურება ვისაც აქვს, შემოსავლის მიღების დროს ბეგრავენ, მაგრამ წლის ბოლოს თანხას უკან უბრუნებენ, ეს ძალიან გართულებილი მოდელია. მთავრობამ თანხა უნდა აკრიფოს, ფაქტიურად უპროცენტო სესხი აიღოს და წლის ბოლოს უკან დაარიგოს. ან დაარიგებს, ან არა, რამდენად რეგულარულად მოახერხებს ამას, არ ვიცი,” – ამბობს “ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი.
პაატა შეშელიძის განცხადებით, დაუბეგრავი, მინიმუმის დაწესების შემთხვევაში, ეს ცვლილება საქართველოს ყველა მოქალაქეზე თანაბრად უნდა გავრცელებულიყო. ეკონომისტი ამბობს რომ ახალი გადაწყვეტილება პრობლემებს შეუქმნის დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დიდ ნაწილს.
“ეს რომ ამოქმედდეს მოქალაქეებს შემოსავალი ბანკში უნდა ერიცხებოდეთ. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ხელფასს საბანკო გადარიცხვით არ იღებს. მაგალითად დამლაგებელი და ა.შ. ისინი იძულებულნი იქნებიან ანგარიში ბანკში გახსნან. რატომ უნდა იყოს სავალდებულო, რომ მოქალაქემ ხელფასი ბანკის გავლით აიღოს და ბნკს საკომისიო გადაუხადოს? ეს დაბალშემოსავლიანი მოქლაქეებისთვის ზედმეტი ხარჯი იქნება. დამატებითი ტვირთის აკიდება შესაძლოა დამქირავებელსაც არ მოეწონოს… გარდა ამისა, გამოდის, რომ თუ კი წარმატებული, ნიჭიერი ხარ და უფრო მაღალი შემოსავალი გაქვს, მეტი უნდა გადაიხადო. რატომ? თუ წარმატებული და მაღალკვალიფიციური ვარ, რატომ უნდა დავჯარიმდე? საშემოსავლო გადასახადი ყველამ თანაბრად უნდა გადაიხადოს,” – აცხადებს პაატა შეშელიძე.
“ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 94 მუხლს იხსენებს, სადაც წერია: “საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან).
“თუ საგადასახადო კოდექსი შეიცვლება ისე, რომ რომელიმე გადასახადი გაიზარდა, ეს იქნება არა მარტო კონსტიტუციის უგულვებელყოფა და საშემოსავლოს გადამხდელების მიმართ პირის გატეხა, არამედ ეკონომიკური თავისუფლების მნიშველობის უგულვებელყოფა და მის გაფართოებაზე უარის თქმა. ამით კონსტიტუცია არ ირღვევა, მაგრამ მისი სულისკვეთებაა უგულვებელყოფილი. ეს კი ცუდის ნიშანია… მე ნეგატიურად ვუყურებ ამ გადაწყვეტილებას. უპირველეს ყოვლისა, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და საშემოსავლო განაკვეთი 18 პროცენტამდე შეემცირებინათ. იყო საშუალება მთავრობას კიდევ უფრო თამამი ნაბიჯი გადაედგა და 2013 წელს საშემოსავლო გადასახადი 15 პროცენტამდე დაეწია. მაგრამ თუ დაუბეგრავი მინიმუმი წესდება, ის ყველაზე უნდა გავრცელდეს. ასეთი გამოსავალი ბევრად უკეთესი იქნებოდა,” – აცხადებს პაატა შეშელიძე.
ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ დაუბეგრავი მინიმუმის დაწესება, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით არსებულ სისტემაზე უკეთესია:
“500 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 30-35 პროცენტია, რომლებიც შეღავათით ისარგებლებენ. ეს ინიციატივა დასაქმებულზეა ორიენტირებული. კომპანიებისთვით ამით არაფერი შეიცვლება. ისინი პროცესში ფაქტიურად არ მონაწილეობენ. დასაქმებულსა და სახელმწიფოს შორის მოხდება ურთიერთობის გარკვევა. დაუბეგრავი მინიმუმის დაწესება იმ სისტემას ჯობია, რაც იყო, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა, მაგალითად საშემოსავლო გადასახადი შემცირებულიყო თუნდაც 2 პროცენტით, რომელიც ყველა დასაქმებულზე გავრცელდებოდა,” _ ამბობს ირაკლი ლექვინაძე.