_ მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 3 463 000 ლარია.
ბიუჯეტში პრიორიტეტებად განსაზღვრულია: თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით შემოსულობები (ნაშთის 12.0 ათასი ლარის ჩათვლით) განსაზღვრულია 3.463.0 ათასი ლარით. 2012 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2013 წლის ბიუჯეტი გაზრდილია 178,8 ათასი ლარით, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით შემცირებულია 2 411,8 ათასი ლარით, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე თანხის მოცულობა ასახული არ არის, ასევე 2013 წლის პროექტში გათვალისწინებული არ არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა, რაზედაც თანხების გამოყოფა ხდება 2013 წლის დასაწყისში.
ბიუჯეტის შემოსავლებში ქონების გადასახადიდან გაანგარიშებულია, რომ შემოვიდეს 259,0 ათასი ლარი. სხვა შემოსავლები 535,6 ათასი ლარი, მათ შორის: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი _ 472,9 ათასი ლარი. შემოსავლები მიწის იჯარიდან მართვაში _ 6,0 ათასი ლარი.
ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები გაანგარიშებულია 6,7 ათასი ლარით. მათ შორის საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი _ 0,2 ათასი, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი _ 2,5 ათასი, სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებელი (მშენებლობის ნებართვა) 4,0 ათასი ლარი და დეპოზიტზე და ანგარიშზე დარიცხული პროცენტები _ 15,0 ათასი ლარი;
ჯარიმებზე, სანქციებზე და საურავებზე 35.0 ათასი ლარია გაანგარიშებული; არაფინანსური აქტივების კლება _ 6.3 ათასი ლარი, აქედან მიწის გაყიდვიდან _ 6.3 ათასი ლარი.
სულ ადგილობრივი წყაროებიდან შემოსავლები შეადგენს 797,9 ათას ლარს.
პროექტით გათვალისწინებულია გამოიყოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარებები (ტრანსფერი) _ 2 650.1 ათასი ლარი, მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერი _ 2 475.1 ათასი ლარი და მიზნობრივი დანიშნულების (დელეგირებული უფლება-მოსილების განსახორციელებლად) _ 175,0 ათასი ლარი; წლის დასაწყისისთვის რიცხული თავისუფალი ნაშთი მიმართული ხარჯების დასაფარავად შეადგენს 12.0 ათას ლარს.
ბიუჯეტის გადასახდელები გაანგარიშებულია არსებული შტატების, საბიუჯეტო დაწესებულებების შენახვისათვის საჭირო თანხებზე, არსებული რესურსებიდან გამომდინარე და გათვლილია სულ 3 463.0 ათასი ლარი, აქედან: მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 1 366.4 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი ორგანოების შენახვაზე _ 399.9 ათასი და აღმასრულებელი ორგანოების _ 936.5 ათასი ლარი.
სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 30.0 ათასი ლარით; თავდაცვის ღონისძიებებზე _ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვაზე დაიხარჯება 98.0 ათასი ლარი; სახანძრო დაცვის სამსახურის ხარჯები შეადგენს 149.8 ათას ლარს.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე 285.9 ათასი ლარია მიმართული, აქედან: საგზაო სამუშაოებზე პირველ ეტაპზე (დიდთოვლობა, სტიქია და სხვა საგზაო სამუშაოები) დაიხარჯება 35.0 ათასი ლარი; ა(ა)იპ კომუნალური სამსახური “სხივის” სუბსიდირებაზე _ 220.0 ათასი ლარი, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციაზე _ 4.9 ათასი ლარი.
საახალწლო ღონისძიებებზე 6.0 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობების ტექნიკური პასპორტების და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადების და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნების ხარჯებზე დაიხარჯება 5,0 ათასი ლარი; “გურიის რეგიონული განვითარების სააგენტოს” თანადაფინანსებაზე _ 15,0 ათასი ლარი;
_ პროგრამის ფარგლებში გახორციელდება პროექტები გურიის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, მოხდება თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან, ჩატარდება ანალიტიკური კვლევები რეგიონის განვითარების დინამიკასა და პერსპექტივებთან დაკავშირებით, მოეწყობა გამოკითხვები დემოგრაფიულ და სოციალურ ეკონომიკურ საკითხებზე. მოხდება რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა ღონისძიებები, _ ასე განმარტა “გურიის განვითარების სააგენტოსთვის” ჩასმული ხარჯები საკრებულოს სხდომაზე გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ზურაბ ჩანტლაძემ.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე მყოფი 23 დეპუტატიდან არც ერთს არ გასჩენია კითხვა, თუ რაში დახარჯა აღნიშნულმა სააგენტომ (სააგენტოს ხელმძღვანელი, ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი მამუკა დოლიძეა) გასულ წელს ბიუჯეტის თანხები. მით უმეტეს, რომ როცა ეს სააგენტო დააფუძნეს, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზაურ ოსეფაიშვილი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ “ნაციონალი” იყო, საზოგადოებას პირობას აძლევდა, რომ სააგენტოს მუშაობას მკაცრად გააკონტროლებდა. თუმცა, როგორც ჩანს ეს პირობა არც მას და არც სხვებს, რომლებიც “ნაციონალებს” არჩევნებიდან ძალიან მალე გაემიჯნენ, აღარ ახსოვთ.
2013 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო ღონისძიებებზე დაიხარჯება 505.0 ათასი ლარი. აქედან ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო საამღზრდელო დაწესებულება “მომავალის” შენახვაზე 450.0 ათასი ლარია განსაზღვრული. 2013 წელს სოფელ შუაამაღლებაში ახალი საბავშვო ბაღი უნდა გაიხსნას.
განათლების სისტემის ხელშეწყობის პროგრამას 12.0 ათასი ლარი მოხმარდება. ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენახვისთვის 43.0 ათასი ლარია განსაზღვრული; სპორტული, კულტურული, ახალგაზრდული ღონისძიებების და რელიგიის შენახვას 781.9 ათასი ლარი მოხმარდება, აქედან სპორტულ ღონისძიებებს _ 271,5 ათასი ლარი, მათ შორის ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის სუბსიდირებაზე _ 70,0 ათასი, შ.პ.ს. საფეხბურთო კლუბ “ბახმარო 2009”-ს სუბსიდირებაზე 85,0 ათასი, ა(ა)იპ სასპორტო სკოლის სუბსიდირებაზე _ 113,0 ათასი ლარი; გურიის მხარის ოლიმპიური კომიტეტის ჩოხატაურის ორგანიზაციის დაფინანსებაზე 3,5 ათასი ლარი დაიხარჯება.
კულტურის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება 482.0 ათასი ლარი, მათ შორის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე _ 194.0 ათასი, ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების სუბსიდირებაზე _ 76,0 ათასი ლარი, ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანების _ 80,0 ათასი ლარი, ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლის _ 60,0 ათასი ლარი და ა(ა)იპ სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე 72.0 ათასი ლარი დაიხარჯება. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებას 10.9 ათასი ლარი მოხმარდება, ხოლო რელიგიის დაფინანსებისთვის _ 17.5 ათასი ლარია გათვალისწინებული;
_ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ნაწილობრივ დაფინანსდება ეკლესიასთან არსებული უპოვართა კვების ხარჯი, _ განმარტა ზურაბ ჩანტლაძემ.
რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებს, ამისთვის 2013 წლის ბიუჯეტში 276,0 ათასი ლარია გამოყოფილი. აქედან, საზოგადოებრივი ჯანდაცვას მოხმარდება 76 ათასი ლარი, საიდანაც დაფინანსდება 11 საფერშლო პუნქტი, დანარჩენი 200,0 ათასი ლარი სოციალურ დახმარებებზე დაიხარჯება, მათ შორის: 18-დან 60 წლამდე ასაკის შეჭირვებული პირების, რომლებიც არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება, მკვეთრად გამოხატული შ.შ.მ. პირების სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარებაზე _ 12,0 ათასი ლარი; მშობიარეთა 50%-იანი თანადაფინანსებაზე _ 15,0 ათასი ლარი; მრავალშვილიანი (4 და მეტ 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების დახმარებაზე _ 24,0 ათასი ლარი; უხუცეს დღეგრძელთა დახმარებაზე _ 1,5 ათასი ლარი; დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარებაზე _ 1,2 ათასი ლარი; სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურებაზე _ 4,0 ათასი ლარი; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარებაზე _ 12,5 ათასი ლარი; მარტოხელა, უპატრონო პირთა სარიტუალო მომსახურების ხარჯებზე _ 4,0 ათასი ლარი; ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის შეძენის ხარჯებზე _ 10,0 ათასი ლარი; სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება, გადაუდებელ შემთხვევაში ბინის შესყიდვის ან დაქირავების ხარჯები _ 67,0 ათასი ლარი; ონკოლოგიურ დაავადებულთა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სამედიცინო სტაცოინარული მომსახურების ხარჯებზე დაიხარჯება 10,0 ათასი ლარი; ლტოლვილთა დახმარებაზე (სათბობის შეძენა, სხვა აუცილებლობიდან გამომდინარე ერთჯერადი დახმარება და დაკრძალვის ხარჯი) _ 10,0 ათასი ლარი; ფენიკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარებაზე _ 7,2 ათასი ლარი; ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისადმი მატერიალური მხარდაჭერაზე _ 3,6 ათასი ლარი; 0-დან 18 წლამდე ასაკი შ.შ.მ ბავშვების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე დახმარებაზე _ 4,0 ათასი ლარი; თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირთა დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს _ 14,0 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ბიუჯეტით აღარ დაფინანსდება პოლიცია, რომლის ხარჯები გასულ წლებში 50 000 ლარს აღემატებოდა.