ბათუმის ყოფილი ბაზრის შენობა, რომელიც მოვაჭრეების სპეცრაზმის ძალით გამოდევნის შემდეგ გათავისუფლდა, ბენდუქიძის საკუთრებაში არსებულ კომპანია “დელფს” საცურაო აუზის ასაშენებლად 110 ათას ლარად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა.
ფინანსთა სამინისტრომ ასი ათას ლარად მიყიდა შპს “ბაკურს” ბათუმის ცირკი.
ის ადგილი კი, სადაც დღეს სასტუმრო “რადისონი” არის განთავსებული, პირდაპირი მიყიდვის წესით, აჭარის ფინანსთა სამინისტრომ 4 მილიონ ლარად გაყიდა. “აჭარა რიზორთ ჰოლდინგმა” ტერიტორიაზე სასტუმრო “რადისონ ბლუ ჰოტელი” ააშენა, რომელიც 2011 წლის 20 ივლისიდან ფუნქციონირებს. სასტუმროს მენეჯმენტს ყაზახური კომპანია ანხორციელებს.
ქალაქის სახედ ქცეული სასტუმრო “შერატონის” ტერიტორია კომპანია “ნუროლმა” 450 ათას ლარად იყიდა და სასტუმრო “შერატონი” ააშენა.
გოგებაშვილის #10-ში სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ის ასაშენებლად ყოფილი შსს-ს შენობა სს “ნორდკონ ბვ”-მ ერთი მილიონ 32 ათას ლარად იყიდა, მაგრამ სასტუმრო დღემდე არ აშენებულა.
ორ მილიონ ლარად გაიყიდა ბათუმის ცენტრალური სტადიონის ტერიტორია. სასტუმრო, რომელიც სტადიონის ადგილას უნდა აშენებულიყო, დღემდე დაუმთავრებელია.
2010 წელს გაიყიდა ბათუმის ფოსტის შენობა. “აქთივ ბათუმმა” შენობის შეძენაში 2.5 მილიონ ლარი გადაიხადა. გაიყიდა “ჩაის სახლის” შენობა 113 ათას ლარად, ხოლო “მეზღვაურთა კლუბის” შენობა _ 730 ათას ლარად.
გაყიდულ ობიექტთა შორის არის თამარ მეფის დასახლებაში ობიექტი, სადაც რკინიგზის სადგური უნდა აშენებულიყო. შენობა ემზარ ბასილაიამ 2 მილიონ ლარად იყიდა. ობიექტზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. პირობის მიხედვით კი, მფლობელს შენობის ადგილას რკინიგზის სადგურის მშენებლობა უნდა დაესრულებინა.
გაიყიდა გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული მეზღვაურთა საავადმყოფო 700 ათას ლარად. ხოლო გაზეთ “აჭარის” ყოფილი შენობა შპს “east & investment”-მა 1.5 მილიონ ლარად შეიძინა.
ძველ ბათუმში მდებარე “პიაცას” ტერიტორია 6 666 ათას ლარად “პიაცა ჰოლდინგმა” იყიდა.
მყიდველებს შორის არიან კერძო პირებიც: კაზინო “აჭარაბეთის” შენობა 100 000 ლარად ზევგენი დავითაიამ და ზაალ ჩაჩავამ შეიძინა. კაზინო სწორედ ამ ადამიანებს ეკუთვნის.
კერძო პირებს შორის არის მარინე ზენაიშვილი. მან სავაჭრო ცენტრ “ბაგრატიონის” 3270 კვ.მ. ბათუმის მერიისგან 16 ათას ლარად შეიძინა.
სასტუმრო “შერატონის” მფლობელმა კომპანიამ შეიძინა რუსთაველისა და ასათიანის ქუჩის კვეთაში ტერიტორია, სადაც დღეს საცხოვრებელი სახლი მდებარეობს. აუქციონის წესით “ნუროლმა” 200 000 ლარად შეიძინა.
გაიყიდა ბათუმის ავტოსადგურიც. ფინანსთა სამინისტრომ 2008 წელს “ფორტუნა სტეიშენს” 76 ათას ლარად მიყიდა. მფლობელს თანამედროვე ტიპის ავტოსადგური უნდა აეშენებინა, თუმცა პირობა დღემდე არ შესრულებულა. სამინისტრომ ახალ მფლობელს ხელშეკრულება გაუუქმა.
კერძო კომპანიას გადაეცა ევროპის მოედანზე მდებარე #1 აფთიაქის შენობა. მილიონ დოლარად შპს “ჯასმინმა” შენობა რესტორნის გასაკეთებლად შეიძინა, თუმცა პირობა დღემდე არ შესრულებულა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ საყიდულ ობიექტთა შორის არის გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა, რომელიც 2011 წელს 760 ათას ლარად გაიყიდა.