“სანამ კონკრეტულად ფაქტებზე გადავალ, აქ ჩვენთან იმყოფება უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალეკო ჩიტიშვილი. მე მინდა ვკითხო მას, რა გინდათ ბატონო ალეკო აქ? რატომ მოხვედით?”
ალეკო ჩიტიშვილს ხმა არ მოუღია. გრძელიძემ კითხვა რამდენჯერმე გაუმეორა. კამერები ჩიტიშვილისკენ მიბრუნდა, თუმცა იგი ყოველგვარი რეაქციის და პასუხის გარეშე იჯდა კუთხეში.
“ეს არის ცენზურის ის ერთ-ერთი ფორმა და ზეწოლის ფაქტი, რომელიც ხორციელდება კონკრეტულად ჩემი მისამართით უმაღლეს საბჭოში. ამ შემთხვევაში ბატონო ალეკო წარმოადგენს საგარეო ცენზურას, ხოლო საშინაო ცენზურას ანხორციელებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე. კონკრეტულ ფაქტსაც მოგახსენებთ. 28 დეკემბერს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ბარამიძე იყო ქობულეთში ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით. როდესაც ამის შესახებ ნიუსი მომიტანა თანამშრომელმა, ბატონ ავთანდილ ბერიძის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ არ განთავსებულიყო ვებ გვერდზე. მე წამართვეს საიტის ადმინისტრირების უფლება, რომ არ განმეთავსებინა ნებისმიერი მასალა ოპოზიციის აქტივობისა. ეს არის ზეწოლა უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებზე.”
ნინო გრძელიძე კიდევ ერთ ფაქტს იხსენებს: მისი განცხადებით, პირველი მესიჯი უმაღლესი საბჭოს თანამშრომლების მისამართით “იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომისიის” მოქმედმა თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ, სანამ მისი როგორც დეპუტატის უფლებამოსილება იქნებოდა ცნობილი “ტელეარხი 25”-ის ეთერში განაცხადა, რომ “სამწუხაროდ ყველა ის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება, დატოვებს სამსახურს”. გრძელიძის განცხადებით, ეს სიტყვები პირველი გზავნილი იყო, უმაღლესი საბჭოს მაშინდელ თანამშრომლების მისამართით.
“ჩემი სტრუქტურა გააუქმეს და შექმნეს პრესსამსახური, რომელშიც მუშაობენ: ინფო9-ის ყოფილი ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი, ავთანდილ ბერიძის კლასელი ვახტანგ თავბერიძე, კობა ადეიშვილი და გუშინ ამ ადამიანებს შეუერთდა გაზეთ “აჭარის” ყოფილი ჟურნალისტი მანანა მიქელაძე” – ამბობს ნინო გრძელიძე.
“გვეუბნებით, რომ ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” ბინძურ ფულებს ვიღებდით, რომ მაშინ როცა თქვენ იბრძოდით, ჩვენ ბარიკადების რომელ მხარეს ვიდექით. მე მინდა ვთქვა, რომ უმაღლესი საბჭოს არც ერთი თანამშრომელი არ არის ცოდვილი იმის გამო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს მუშაობდნენ უმაღლეს საბჭოში. ჩვენ არ ვიღებდით ფულს „ნაციონალური მოძრაობიდან.“ ჩვენ ფულს ვიღებდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მეც ისევე ვიხდიდი იმ ბიუჯეტში ჩემი ხელფასიდან ფულს, როგორც თქვენ,” – მიმართა ალეკო ჩიტიშვილს ნინო გრძელიძემ.
ნინო გრძელიძე პრემიების შესახებაც საუბრობს. მისი განცხადებით, ნოემბერში პრემიები მხოლოდ იმ ადამიანებზე გაიცა, რომლებმაც მუშაობა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შემდეგ დაიწყეს, მათ შორის 2 დღის მუშაობა დაწყებულმა თანამშრომელმაც.
“ანზორ დუმბაძემ მუშაობა 19 ნოემბერს დაიწყო, 22-ში კი პრემია მიიღო. სხვა თანამშრომლებს პრემია არ მიუღია” – ამბობს ნინო გრძელიძე.
ნინო გრძელიძის პრესკონფერენციის შესახებ შეხვედრის დასასრულს კომენტარი გააკეთა ალექსანდრე ჩიტიშვილმა:
“მოქმედმა საჯარო მოხელემ ილაპარაკა ბევრი აპოლიტიკურობაზე და გააკეთა პოლიტიკური განცხადება. სადაც იყო ძალიან ბევრი სიცრუე. ის, რომ მის განყოფილებაში არის მოწვეული სპეციალისტები და ის არ ხელმძღვანელობს ამ ადამიანებს, არის მისი ბრალი და არა სხვისი. ის ვალდებული იყო, დავალებები მიეცა მოწვეული სპეციალისტებისთვის და დაექვემდებარებინა ისინი, მაგრამ ქალბატონ ნინომ ეს მოვალეობები არ შეასრულა” – ამბობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი.
ალეკო ჩიტიშვილი თანამშრომელთა განთავისუფლებასაც ეხმაურება. მისი განცხადებით, უმაღლეს საბჭოში სპეციალისტები პარტიული ნიშნით იყვნენ მიწვეულები, ამიტომ მათ ჩაუტარდებათ ატესტაცია. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მოხდა 3 დამლაგებლის განთავისუფლება ალეკო ჩიტიშვილი პასუხობს, რომ 3 დამლაგებელი იყო შტატში, ხოლო სამი შტატ გარეშე. მათ გაუვიდათ ხელშეკრულების ვადა 1 იანვარს. 3 დამლაგებელი დროებით იყო აყვანილი. თუმცა ნინო გრძელიძე ამბობს, რომ განთავისუფლებული სამი დამლაგებლის ადგილას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შემცვლელები უკვე მიიყვანა.
ბრიფინგის შემდეგ, გარეთ სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავედი (ავტ). ალეკო ჩიტიშვილი ეზოში დამხვდა.
– ტატო ცეცხლაძე ხომ, “გურიანიუსი”?
– დიახ, ბატონო ალეკო – ვუპასუხე მე.
– თანამშრომლების განთავისუფლებაზე, რაც შენ მასალაში იყო, არ მომეწონა. არაკომპეტენტური იყო, – მითხრა ალეკო ჩიტიშვილმა.
– მე, ბატონო ალეკო, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით გავაკეთე მასალა, რომელიც უმაღლესი საბჭოდან გამოვითხოვე. მე მაქვს 71 ადამიანის გათავისუფლების ბრძანება.
– გეუბნები მეგობრულად, რომ მასალა წავიკითხე და არ მომეწონა.
– მე თქვენს მოსაწონად არ გამიკეთებია ეს მასალა, ბატონო ალეკო.
– ხო, მაგრამ არაკომპეტენტური იყო.
ამის შემდეგ დიალოგი ნინო გრძელიძესა და ალექსანდრე ჩიტაიშვილს შორის წარიმართა.
– თქვენ მე წამართვით ყველა ფუნქცია. საიტის ადმინისტრირების უფლება წამართვით. სხვა მხრივაც შემზღუდეთ.
– შენ არ ასრულებდი შენს ფუნქციას, – შეეპასუხა ჩიტიშვილი.
– რა სამუშაო პირობები შემიქმენით, რომ მემუშავა? ზეწოლას ანხორციელებთ ყველა თანამშრომელზე. თქვენ მე მეუბნებოდით, რომ კი პროფესიონალი ხარ, მაგრამ ავთო ბერიძეს არ უნდა შენ აქ რომ იმუშავოო.
– შენ ხარ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული მუშაკი. თქვენ მიიღეთ დავალება, რომ სკანდალი მოგეწყოთ და ამის სანაცვლოდ ფრაქციაში დაგაწყებინებდნენ მუშაობას!
– დამიმტკიცეთ! დამიმტკიცეთ! მე ვარ აპოლიტიკური თანამშრომელი. თქვენ ამით ზეწოლას ანხორცილებთ ჩემზე.
დიალოგი ყვირილში გადაზარდა. ორმხრივი ბრალდებები ქუჩაში რამდენიმე წუთი გაგრძელდა.
პ.ს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებს მოუწოდა, რომ მისთვის არა “ბატონო ავთო”-თი, არამედ “ბატონო ავთანდილი”-თ მიემართა. იგივე თხოვნა (უფრო მოთხოვნა) უმაღლესი საბჭოს რამდენიმე სხვა დეპუტატმაც წაუყენა მედიის წარმომადგენლებს.