საკრებულოს წევრებისთვის მისი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა და ამბობენ, რომ მასზე ზეწოლებს ჰქონდა ადგილი. თავად ჩიტიძე (ამ ბოლო დროს ჩვენი რესპონდენტების უმეტესობის მსგავსად. ავტ) ინფორმაციას ამის შესახებ არც უარყოფს და არც ადასტურებს…
დღის ბოლოს კი “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთელმა ლიდერმა, ელგუჯა ჩხაიძემ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: “დღეს ბევრი უღირსი მოკალათდა პარლამენტსა და სამინისტროებში. ხალხი კი, რომელმაც მათი თანამდებობებზე მოყვანა უზრუნველყო, დაივიწყეს.”
აღნიშნულ ინფორმაციებს, მთელი დღის განმავლობაში აშუქებდა “გურია ნიუსი” და ყველა მხარესთან ვცდილობდით კომენტარის ჩაწერას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან.
რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდით, კომენტარი ჩაგვეწერა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, დავით საგანელიძესთან. მისი აპარატის წარმომადგენლებს ვთხოვეთ, რომ ხუთწუთიანი სატელეფონო კომენტარი გვჭირდებოდა, რისთვისაც დავით საგანელიძემ ვერ მოიცალა. კომენტარის გაკეთებას, სხვა დროისთვის და სხვა ამბებზე შეგვპირდნენ…
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ბოლო პერიოდში, ხშირად ვერ იცლიან მედიის წარმომადგენლებისთვის, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის მუშაობაში.
დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, “გურია ნიუსთან” განცხადებას აკეთებს გურისს ვიცე-გუბერნატორი, პაატა მანჯგალაძე.
“ჩვენ კარგად ვიცნობთ რევაზ ჩიტიძეს, მის პოზიტიურ საქმიანობას საკრებულოს თავჯდომარის რანგში. ის საკმაოდ გამოცდილი კადრია. არის კარგი ფინანსისტი და წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მისი ინიციატივით, ლანჩხუთში ბევრ კარგ წამოწყებას დაედო სათავე. ასევე აქტიურად იყო ჩართული უკვე განხორციელებული და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებასა და შესრულებაში და უცებ, ერთ მშვენიერ დილას, მოულოდნელად გადაწყვიტა თანამდებობიდან წასვლა. ამასთან წასვლის მიზეზებზე ის ღიად არ საუბრობს. ბუნებრივია, საზოგადოებაში ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ? რა მიზეზით გადადგა?
რა თქმა უნდა, ოპონენტები იტყვიან, რომ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. მაშ რა მოხდა? სამსახურში სიარული მობეზრდა? უკეთეს თანამდებობაზე გადავიდა? თუ საკრებულოს უმრავლესობაში დაკარგა ნდობა? იმპიჩმენტს უპირებდენ? შევეცდები, ყველაფერ ამაზე იმ გამოცდილებით გიპასუხოთ, რაც თვითმართველობებთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარდა. როგორც კი “ოცნების” კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, აღმოაჩინეს, რომ მათი უფლებამოსილება მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ვრცელდებოდა და ისიც ნაწილობრივ, ხოლო თვითმართველობის ორგანოებზე რაიმე სახის ზემოქმედების ლეგალური მექანიზმი, გარდა ფინანსურისა, არ გააჩნდათ. ამიტომ, როგორც ირკვევა, შეიმუშავეს თვითმართველობის ორგანოების ხელში ჩაგდების ისეთი მექანიზმი, რასაც შესაძლოა, პირობითად, სამმაგი შტურმის სისტემა ვუწოდოთ.
პირველი _ ეს არის საკრებულოს წევრებისათვის სხვადასხვა “საქმიანი წინადადებების’” შეთავაზება ან საერთო ნაცნობების საშუალებით მათი დამუშავება და გადმობირება, რასაც ძირითადად ანხორციელებდნენ “ოცნების” ადგილობრივი ლიდერები, რომელთა აქტიურობის ძირითად მიზანს ამ შემთხვევაში, მათ მიერ საკუთარი თავების ამა თუ იმ თანამდებობაზე მოაზრება წარმოადგენდა.
მეორე _ თუ პირველი სასურველ შედეგს ვერ მოიტანდა, იწყებოდა თვითმმართველობის შენობის წინ გამგებლობის ან საკრებულოს თავმჯდომარეობის მსურველი ამა თუ იმ კანდიდატის მომხრეების მობილიზება, რა დროსაც ძირითადად იყენებდნენ კოალიციის პარტიულ აქტივს. და თუ პირველი დღის აქცია მათთვის სასურველ შედეგს არ მოიტანდა, ანუ ერთი იერიშით ვერ აიღებდნენ თვითმმართველობას, იწყებოდა ’”საალყო’” მდგომარეობაზე გადასვლა, რაც შენობის ბლოკირებასა და შენობის შესასვლელში ან მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქციაზე გადასვლით ვლინდებოდა (მაგ: აბაშა, ლანჩხუთი, მარტვილი). მას თან ახლდა ალყისთვის დამახასიათებელი მთელი ატრიბუტები: მაგ: საალყო კარავი, საალყო ბაირახტრები “ქართული ოცნების” დროშების სახით, გენერატორები, ღუმელი კარვისთვის და ა.შ. ამ ყველაფერს ისინი ცენტრალიზებულად იღებდნენ და როგორც ჩანს, ამისთვის სპეციალური სახსრებიც არსებობდა. ჩვენს მიერ აღნიშნულ მექანიზმს კიდევ ერთი დანიშნულება ჰქონდა: საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის და ძირითადად უცხოელებისათვის ეჩვენებინათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და გააჩნიათ ძლიერი მექანიზმები სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების სახით, ისინი ამ ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ და უპირატესობას სახალხო დემოკრატიის ფორმას ანიჭებენ. ანუ ჩვენს მიერ აღწერილ ამ მექანიზმს უფრო ფასადური დანიშნულება ჰქონდა, რომლის საფარქვეშაც უფრო დიდი სივრცე იშლებოდა ამა თუ იმ ძალოვანი სტრუქტურის მოქმედებისთვის.
მესამე _ ამ პროცესის პარალელურად, იმის მიხედვით, თუ რა სიმტკიცეს გამოავლენდა ესა თუ ის თვითმმართველობა, პროცესში ერთვებოდა ეგრეთწოდებული “უხილავი ხელი” სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურის სახით, რაც ვლინდებოდა როგორც ძალოვან სტრუქტურებში მოქმედი გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების და საკრებულოს წევრების დაბარებით, ასევე სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების თვითმმართველობებში შესვლით. როგორც თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, ეგრეთწოდებული “უხილავი ხელის” კომპონენტი წარმოადგენს მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რა დროსაც მისი ხელშეხებული ყოფილი თანამდებობის პირები მასზე საუბარს თავს არიდებენ. ანუ როცა ესა თუ ის გადამდგარი თანამდებობის პირი გადადგომის მიზეზზე საუბარს თავს არიდებს (გარდა იშვიათი გამონაკლისებისა), გადადგომის მიზეზები ამ “უხილავი ხელის” მოქმედებაში უნდა ვეძებოთ. ასევე, თვითმმართველობის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაჟორიტარი დეპუტატის ფაქტორს, რომელთა მიერაც უმეტეს შემთხვევაში, მათი სიმპატია/ანტიპატიის მიხედვით ხდება გამგებლობის ან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა, რაც უაპელაციოდ უნდა დაამტკიცოს “დამუშავებულმა” თვითმმართველობის საკრებულომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედებას დაიწყებენ ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი კომპლექსური მექანიზმებით.
ჩვენს მიერ მოყვანილი მექანიზმები არ წარმოადგენს საქართველოს თვითმმართველობის ორგანოების “ხელში ჩაგდების” კლასიკურ მაგალითს. ყველა კონკრეტული შემთხვევა, ამა თუ იმ თავისებურებებითა და ნიშან-თვისებებით ხასიათდება. რა თქმა უნდა, არსებობს ამ წესისგან განსხვავებული გამონაკლისებიც, მაგრამ როგორც ამბობენ: გამონაკლისი მხოლოდ წესის არსებობას ადასტურებს.
მადლობას მოგახსენებთ, რომ შესაძლებლობა მეძლევა თქვენი ვებ-გვერდის საშუალებით ჩემი ნააზრევი მივაწოდო ფართო აუდიტორიას.
პატივისცემით
გურიის ვიცე – გუბერნატორი პაატა მანჯგალაძე.