სწავლობდა ეგნატე ნინოშვილის სახელობის #1 საშუალო სკოლაში, შემდეგ კი _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. არის პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია “საბასა” და “ოქროს ფრთის“ ლაურეატი. ლიბ.გე-ს დამფუძნებელი და ამავე საიტის მთავარი რედაქტორი, 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
გიორგი კეკელიძე დღეს ჩვენი რესპონდენტია. იგი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.
_ გიორგი, როგორც ვიცით, წარმოშობით ჩოხატაურიდან ბრძანდებით. მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ.
_ მე არა, მამაჩემია ჩოხატაურიდან, თუმცა მთელი ბავშვობა სოფელ სურებში გავატარე. ეს ერთგვარი მისტიკური ადგილია ჩემთვის, სადაც შეგრძნებათა მთელი დელტა იყრის თავს.
_ თქვენ ძალიან დიდი კავშირი გაქვთ ქართულ ენასა და ლიტერატურასთან. ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყავით ამით?
_ ბავშვობაში ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუა ხშირად მიკითხავდნენ ტექსტებს. ამას ჩემი ინტერესიც დაერთო. შემდეგ იყო პირველი ლექსები, ცოტა სასაცილო, მაგრამ მაინც. შემდეგ იყო მოსწავლეთა გაერთიანება 21-ე საუკუნე და გაზეთი ” რვას + 1“.
_ თემატურად როგორ ლიტერატურას ამჯობინებდით, როგორ იცვლებოდა გემოვნება ასაკთან ერთად?
_ პროფესიიდან გამომდინარე, ყველა სახის ტექსტის კითხვა მიხდება. ახლა ისევ ამერიკულ, მეოცე საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაზე ვარ შეყვარებული. გემოვნება ასაკთან ერთად იცვლება, მაგრამ არის მარადიული ნაწარმოებები, რომელთაც ფასი არასდროს გაუვათ.
_ თქვენთვის რომელი ნაწარმოებებია ასეთი ძვირფასი, “მარადიული“?
_ მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინი“, მელვილის “მობი დიკი“, “ვეფხისტყაოსანი“, “ოდისეა“…
_ თვლით თუ არა, რომ ლიტერატურამ თავისი სათქმელი უკვე თქვა ასეთი წიგნების არსებობით და აღარაფერი დარჩა სათქმელი, რა დარჩათ სათქმელი სხვებს, რას ეძებენ ისინი, ნუთუ ჭეშმარიტება ასე რთულია?
_ არა მგონია. სანამ ადამიანი იარსებებს, ლიტერატურა მანამე იცოცხლებს. შეიძლება განსხვავებული ფორმით, მაგრამ არც ისე, რომ მას რომანი ან ლექსი აღარ ვუწოდოთ.
_ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, 2006-2008 წლებში თქვენ რუსთავის N2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყავით. ეს თქვენი არჩევანი იყო?
_ დიახ, ეს ჩემი და ჩემი მეგობრების პროექტი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც მიმიღია, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანებთან ურთიერთობების თვალსაზრისით.
_ ბევრი ადამიანი ცდილობს დანაშაულის გააზრებას და ლიტერატურის გამოყენებას ამ თვალსაზრისით?
_ არც ისე ბევრი. ნაწილისთვის ეს იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ უარი თქვეს. თუმცა ნაწილი შემომრჩა და მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მათი ცხოვრებისა, ეძებნათ გმირებში საკუთარი თავები.
_ 2010 წლიდან კითხულობთ ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში და ასევე გასვლით ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. როგორ შეაფასებდით ახალგაზრდობის ინტერესს ლიტერატურის მიმართ?
_ საკმაოდ დადებითად. ლეგენდაა, თითქოს, ახალ თაობას წიგნი აღარ უყვარდეს, მეტიც, მათი ინტერესი გამაგრებულია ინფორმაციის მეტი ცოდნით, რაც ჩვენს თაობას ასე ძალიან აკლდა.
_ ამასთან ერთად არსებობს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, რომლებთაც ძალიან მცირე კავშირი აქვს წიგნთან, განსაკუთრებით, რეგიონებში. თქვენ რა მიგაჩნიათ ამ პრობლემის გადაჭრის გზად?
_ რთული პრობლემაა. ალბათ, ორმხრივი ინიციატივებია საჭირო, რეგიონებისა და ცენტრის მხრიდან. მარტო დედაქალაქის ინიციატივით ნაკლებად გამოვა რამე. საჭიროა მათთვის პატივსაცემი ავტორების (თუნდაც ტელე-ეკრანიდან) ხშირი ჩაყვანა და საღამოების მოწყობა. სკოლასა და ოჯახში წიგნთან სწორი დამოკიდებულება უნდა ასწავლონ, ანუ გააგებინონ, რატომ არის წიგნი კარგი.
_ რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
_ ვურჩევდი ყველა ცნობილი წარმომადგენლის ერთი ტექსტი მაინც წაიკითხონ. წიგნი გვაჩვენებს სხვა ადამინის გამოცდილებას.
_ 2012 წლიდან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ბრძანდებით. რა რეფორმები გაატარეთ მას შემდეგ?
_ რამდენიმე მიმართულებით დავიწყე რეფორმები _ დიგიტალიზაცია, მომსახურება, ტელე-გადაცემები, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა თემატური კუთხეების გახსნა, მათ შორის უცხოური ბიბლიოთეკებისაც. ქართული ბიბლიოთეკები გაიხსნა სტამბოლის, კიევის, ვენის ბიბლიოთეკებში. შეიქმნა ელექტრონული განვითარების საბიბლიოთეკო სინდიკატი, რომელმაც გააერთიანა რეგიონული ბიბლიოთეკები.
_ კმაყოფილი ხართ შედეგებით?
_ ნაწილობრივ კი. ვფიქრობ, რომ დიდი ნაწილი საქმისა კიდევ გასაკეთებელია, რომ ძირეულ რეფორმებზე საუბარი შევძლოთ.
_ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლით ამ სფეროში?
_ დიგიტალიზაციის პროცესის გააქტიურებას.
_ ამავე წელს, თქვენი ინიციატივით დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი ლიბ-ეკვილიბრიუმი, რა არის ფონდის ძირითადი პრიორიტეტები?
_ ძირითადი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ხალხის დახმარებაა _ თუმცა ერთჯერადი აქციების გარდა, გვინდა, რომ მათ პატარებს დავეხმაროთ, მომავალში თვითონ შეძლონ, მსგავსი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ, ამისთვის გვინდა, რომ მათთვის უფასო სასწავლო კურსები შევქმნათ.
_ ამ ყველაფრის პარალელურად, თქვენ შემოქმედი ადამიანი ბრძანდებით. არ არის რთული, იყოთ პოეტი და ყოველდღიურად გიხდებოდეთ გარკვეული პრობლემების გადაწყვეტა?
_ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას კი, თუმცა მითი იმის შესახებ, რომ პოეზია და მენეჯერული საქმიანობა შეუთავსებელია, არასწორია.
_ როგორია გარემო თქვენ ირგვლივ, როდესაც წერთ?
_ გარემო სპონტანური. გზა, სახლი და ა.შ. ხშირად მობილურ ტელეფონში ვინახავ ფრაზებს. დროს და ადგილს განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს.
_ ალბათ, რთულია, მაგრამ თუ შეგიძლიათ რომელიმე ლექსი გამოყოთ თქვენი შემოქმედებიდან?
_ ამ ლექსს სიყვარულის სირთულეები ჰქვია _ “წამწამი წამწამზე მომადე. ახლა ჩვენ შორის ბეწვის ხიდია“
_ სად შეუძლია მკითხველს თქვენი წიგნების შეძენა?
_ წიგნების მაღაზიებში არის.
_ როგორია მკითხველთა დაინტერესება თქვენი წიგნების მიმართ, კმაყოფილი ხართ?
_ საკმაოდ. დღეში 2000-მდე მკითხველი გვსტუმრობს.
_ თქვენ ძალიან ბევრი ჯილდოს მფლობელი ბრძანდებით…
_ ჯილდოები სასიამოვნოა, თუმცა ძალიან დიდი ყურადღება არ უნდა მიანიჭო. ეს მიჯაჭვას გამოიწვევს.
_ რა გეგმები გაქვთ მომავალში, როგორც შემოქმედს და როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს?
_ მინდა ბიბლიოთეკაში დაწყებული პროექტები გავაგრძელო. რაც შეეხება შემოქმედებას _ მინდა კრებულის გამოცემა და მინიფილმების გადაღება პოეზიაზე.
_ რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?
_ წარმატებულ წელს, რომელიც მათ შრომასა და ანალიზს დაეფუძნება.