მისი თქმით, დღეს მდგომარეობით დარეგისტრირებულია 50 ათასამდე სურსათის მწარმოებელი და რეალიზატორი, საიდანაც, მაგალითად, 2012 წელს სააგენტომ შეამოწმა მხოლოდ 400.
“ისინი ბაზარში პროდუქტებს შემთხვევითი შერჩევით ყიდულობენ და ლაბორატორიულად ამოწმებენ. ეს 1000-ჯერ ნაკლებია იმ მასშტაბებთან შედარებით, რაც რეალურად უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცულობას. რაც შეეხება მეწარმეთა ინსპექტირებას, 2012 წელს 400-მდე მეწარმე შეამოწმეს, თანაც შემოწმებები ტარდებოდა წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე _ მეწარმემ წინასწარ იცოდა, როდის შევიდოდა მასთან მაკონტროლებელი. ყველა ქვეყანაში ეს პროცესი ხდება გაუფრთხილებლად და მეწარმემ არასოდეს იცის წინასწარ როდის შეამოწმებენ,” _ განაცხადა თოდუამ “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ პრობლემად რჩება ჰიგიენა. დარღვევების უმეტესობა კოლიფორმებით დაბინძურებაა, რაც ჰიგიენის სტანდარტის დარღვევაზე მეტყველებს: “ყველაზე ხშირად დარღვევები აღმოჩენილია ნახევრადფაბრიკატებში, გაყინულ პელმენებში, ფარშში და თევზის ფილეში. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გამკაცრდეს და გაფართოვდეს კონტროლი. სხვანაირად უვნებლობა არ მიიღწევა და სახელმწიფოს მხრიდან მეწარმესთან მეგობრობის თამაში სიკეთეს არ მოიტანს,” _ აცხადებს ლია თოდუა.