მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის გახორციელება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა. სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე (ბრძანება №1-1/1527, 2012 წლის 23 ივლისი), სააგენტოს ახალი დებულება დამტკიცდა და პარალელურად, ძალადაკარგულად ჩაითვალა სამსახურის ძველი დებულებაც და დასახელებაც – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია.
სამი წლის წინ, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციაში, უფროსის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რატი ობოლაძე მივიდა. მან მისვლიდან რამდენიმე თვეში სამსახურში ე.წ. ოპტიმიზაცია ჩაატარა და 34-მდე სპეციალისტი სამსახურიდან დაითხოვა.
ტექნიკური ზედამხდველობის ინსპექციის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათ რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნას არ მოაწერეს ხელი და სამსახურიდან სწორედ ამის გამო დაითხოვეს. ყოფილი თანამშრომლები საუბრობენ თბილისის მეტროპოლიტენში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა; “ყაზტრანსგაზის” მიერ გაყვანილ “პლასტმასის” გაზის მილებზე, სხვადასხვა ობიექტების ტექნიკურ ხარვეზებზე, რომელთა ვარგისიანობას ხელი არ მოაწერეს. ასევე, მათი კატეგორიული მოთხოვნით იქნა აღებული რიყეზე დამონტაჟებული საბაგიროც.
გიორგი ნიკოლაიშვილი, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი: _ ჩვენს გათავისუფლებას რეორგანიზაცია დაარქვეს. “ნაციონალებს” არ მოსწონდათ ჩვენი სამსახური. მეტროპოლიტენის, აეროპორტის შემოწმების დროს, ბევრჯერ დავეტაკეთ ერთმანეთს. აეროპორტში 1350-კილოგრამიანი ცენტრალური ლიფტი ჩავარდა. გვქონდა პრობლემები “ბარამბოსთან” დაკავშირებით, რომელსაც სავინტილაციო სისტემა არ ჰქონდა. აქ დააყენეს იტალიური წარმოების ორთქლის ქვაბები, რომლებიც არასწორად იყო დამონტაჟებული. ქვაბები კომპანია “თბილმა ქვეყანამ” დააყენა. ჩემი ინფორმაციით, “თბილ ქვეყანას” ვანო მერაბიშვილი “კრიშავდა”… თბილისის მეტროპოლიტენში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას, ძვირფასი მოსაპირკეთებელი ძველი მასალის ნაცვლად, კედლებზე პლასტმასის ფირფიტებით გამოაკრეს! გაკეთებული ანალიზით, ეს მასალები, შხამს გამოყოფს და ადვილად აალებადია. როგორც ვიცი, ამ ინფორმაციას მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობა ფლობდა. ჩვენმა თანამშრომლებმა ჩატარებულ სარემონტო სამუშაოს ჩაბარებას ხელი არ მოაწერეს. ამის შემდეგ შეთითხნეს ბრალდებები, შეიძლება ზოგიერთმა მართლა მიქარა და ფული აიღო, მაგრამ, ნაწილს ფული ძალით ჩაუდეს და დაიჭირეს…
რიყეზე მდებარე საბაგიროს ბაგირის შემოწმება აწგარდაცვლილმა ზურაბ ციციშვილმა, მამაჩემმა და კიდევ, რამდენიმე თანამშრომელმა წამოიწყო. ეს იყო კუსტარულად აწყობილი კოშკურა ამწის ცენტროფუგები.. დიდი ბრძოლა დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს დანადგარი აეღოთ, რომელიც უცხოეთიდან იყო ჩამოტანილი მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელის, გიგი უგულავას მიერ. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან შეიძლება სახიფათო იყოს, როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვის. საბაგირო გზის მშენებლობას არავინ ამოწმებს. აწყობთ კი, რომ შემოწმდეს?! სამი წელიწადია არ შემოწმებულა!
2009 წელს დაიგეგმა ქალაქ თბილისში მომხდარიყო გაზგაყვანილობის “პალასტმასის” მილებზე გადაყვანა, რომელსაც ტექნიკური ზედამხედველობა არ ეთანხმებოდა. აღნიშნულ ‘პლასტმასის” მილების დამონტაჟებას სამშენებლო ნორმები კრძალავს. თბილისი დასვეს ნაღმზე! მოგვიანებით, გავარკვიე რომ პიროვნება, რომელსაც დღეს არსებული მილების ვარგისიანობაზე ხელი მოაწერინეს, “საქსტანდარტში” მუშაობდა, შემდეგ კი დაიჭირეს. რადგანაც ტექნიკურმა ზედამხედველობამ “ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი საქმე ჩაუშალა, ხელმძღვანელობა შეცვალეს, უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა რატი ობოლაძე. მის დანიშვნამდე ჩვენი ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე ბეჟანიშვილი, რომელიც სოსოს თოფურიძის უწყებამ შეთითხნილი ბრალდებით დააკავა”.
საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე რატი ობოლაძე “გურია ნიუსთან” ინტერვიუში, რომელიც თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებით ჩავწერეთ, ამბობს:
“ყველა სამშენებლო ობიექტის გახსნა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები გვევალება. ვინც დარჩა, კარგი პროფესიონალები არიან, შეეჯიბრონ ამათ. დაგეგმილი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში სამსახურში ატესტაცია ჩავატაროთ. მათ, ვინც გათავისუფლდნენ შეუძლიათ, მოვიდნენ….
იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მიხედვით ბევრი ფუნქცია მოაკლდა ამ სამსახურს, ამდენი თანამშრომელი საჭირო არ იყო. სახელმწიფო თანხები ხომ უნდა დაიზოგოს?!..
ოპტიმიზაციაა, როდესაც კანონი უწყობს ხელს, ჩვენი საქმიანობის საზედამხედველო ობიექტმა შეამციროს მუშაობა; მაგალითად, საშიში საწარმოს ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვა გაუქმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მრავალი სხვადასხვა ტიპის ნებართვა გაუქმდა, უბრალოდ, შეიცვალა ბაზარზე განთავსების ზედამხედველობის სხვა მექანიზმი. ჩვენი აზრით, ეს იყო ეფექტური. ადრე ეს მექანიზმი სახელმწიფო სამსახურში გარკვეულ კორუფციულ ბუდეებს ქმნიდა. სანამ მე მოვიდოდი ამ სამსახურში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. კორუფციის გამო, 10 კაცი დაიჭირეს. გასაუბრება დაახლოებით 69 ადამიანთან მქონდა. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ავარჩიე საუკეთესოები. არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი. საკანონმდებლო რეფორმები მოხდა, რომელსაც მე ვეთანხმები. აქ ძალიან ცუდად მიდიოდა საქმე, დიდი კორუფცია იყო...”
მეტროპოლიტენში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგდოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, თამაზ რობაქიძეს დავუკავშირდით. “ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მგზავრების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, გამორიცხულია ისეთი მასალის გამოყენება ან რამე ისეთი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელიც მგზავრების უსაფრთხოებას არ შეუწყობს ხელს; პირიქით, ვცდილობთ გავაძლიეროთ უსაფრთხოება. ყველა სარემონტო სამუშოებზე, რაც კი თბილისის მეტროპოლიტენში ჩატარებულა, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი.”
მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა, არ გამორიცხავს, რომ საკითხი სპეციალისტების მიერ გადაუდებელად შესწავლას საჭიროებს.
“გურია ნიუსი” რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა “ყაზტრანსგაზისგანაც” მიეღო კომენტარი სპეციალისტების მიერ გამოთქმული შემაშფოთებელი ინფორმაციის შესახებ, მაგრამ, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა სარიას ვერაფრით დავუკავშირდით.