”ბატონებო,
მოგმართავთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 29 იანვარს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, მიიღო კანონი, რომელიც არსებითად ცვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესს და უფლებამოსილების ვადას. დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, კანონი მიღებულ იქნა ნაჩქარევად, საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე.
ასევე, ჩვენთვის ცნობლი გახდა, რომ კანონის მიღებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა განახორციელა ზეწოლა და შანტაჟი უსკო-ს წევრებზე, რათა მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ თანამდებობები. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან დუმბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასეთი პროცესი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას. მით უმეტეს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე მხარეების მიერ დადებითად არის შეფასებული, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლამდე არ იმართება.
ზემოთთქმულთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ მოახდენთ აღნიშნული საკითხის შეფასებას და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას რათა არ განმეორდეს დემოკრატიული განვითარებისათვის ზიანის მომტანი ამგვარი პრეცენდენტი.
პატივისცემით, ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“.