საცავში ინახება ავთო ვარაზის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, გოგი მესხის ფერწერული ნამუშევრები. შენობა შიდა სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, კედლიდან ჩამოცვენილი ბათქაში ნახატებს დაზიანების საფრთხეს უქმნის. გალერეაში ტილოების შესანახად საჭირო ოპტიმალური ტემპერატურა არ არის დაცული.
ლერი კართხია, გალერეის თანამშრომელი: “როცა ეს გალერეა იქმნებოდა, დახმარება არსაიდან იყო. ამიტომ ყველაფერი მოტანილი მასალით და ჩვენი ხელით არის აქ გაკეთებული. ეს სტელაჟებიც ჩვენი ხელით გაკეთდა. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ქანდაკებების უმეტესი ნაწილი იატაკზე ალაგია, არადა არ შეიძლება. ტემპერატურა არ არის დაცული, რაც იწვევს ნახატების გაფუჭებას. შენობის ჭერი დაზიანებულია, ცვივა ბათქაში და ესეც აზიანებს ნაკეთობებს. გალერეის თანამშრომლებს ისედაც მცირე ხელფასები აქვთ და უყოყმანოდ აკლებენ საკუთარ ოჯახებს _ ცდილობენ საკუთარი სახსრებით რაღაც მაინც შესძინონ გალერეას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ სენაკის გამგეობას, მაგრამ უშედეგოდ, ახლა კი შეგვპირდნენ დახმარებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2013 წელს ჩვენი გალერეა არაერთ ლამაზ დღეს აჩუქებს სენაკელებს და სენაკის სტუმრებს”.
ხვიჩა ბებია, მხატვარი: “საგამოფენო დარბაზს სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, შერემონტება, რომ ის ტილოები, რომლებიც საცავშია შენახული, გამოიფინოს, თორემ ნესტი საკმაოდ აზიანებს. გარდა ამისა ეს ისეთი დიდი მხატვრების ტილოებია, როგორებიც არიან ლადო გუდიაშვილი, ავთო ვარაზი, დავით კაკაბაძე. ამ ადამიანების შემოქმედებას უნდა იცნობდეს ახალი თაობა. რაც მთავარია, ეს ნახატები ჩვენი ისტორიის უტყვი მოწმეები არიან და არ უნდა დავუშვათ მათი გაფუჭება. იმედია, ახალი მთავრობა მოგვაქცევს ყურადღებას და ახლა მაინც დაფასდება კულტურა”.
ზურაბ ტყებუჩავა, გამგებლის მოადგილე: “სამხატვრო გალერეა არის ჩვენი კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ვცდილობთ, რომ 2013 წელს ბიუჯეტიდან გამოინახოს სახსრები და დაიწყოს სარემონტო სამუშაოები. ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ობიექტის სია, რომელიც ამ წელს აუცილებლად გარემონტდება და მათ შორის არის სენაკის სამხატვრო გალერეა. შეკეთდება გალერეის შიდა ოთახები, მოეწყობა საგამოფენო დარბაზი და სტენდები, სავარაუდოდ, ამ საქმისთვის 25 000 ლარი გვაქვს გაანგარიშებული”.