„დემოკრატიული მოძრაობა“ დაარსების დღიდან ყველაზე მეტად განიცდიდა პოლიტიკურ დევნას, ხოლო 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით განსაკუთრებულად რეპრესირებულნი რეჟიმის მხრიდან.მიუხედავად იმისა რომ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ასეულობით წევრმა და მხარდამჭერმა, სხვადასხვა დროს, უკანონოდ გამოიარა რეჟიმის საპყრობილეები, არასოდეს განგვისხვავებია ერთმანეთისაგან ჩვენი და სხვისი პატიმარი და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ერთნაირად ვიბრძოდით ყველა უკანონო პატიმრის ინტერესების დასაცავად.
“დემოკრატიული მოძრაობა“ მიესალმება ახალი ხელისუფლების მიერ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას, საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად და პოლიტიკურ დევნილებად ცნობილი და ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლებული მსჯავრდებულების განთავისუფლებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დროულად იქნას შემუშავებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც შესაძლებელს გახდის პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა სრულ რეაბილიტაციას, მათთვის დამსახურებული კომპენსაციის გადახდას და ღირსების აღდგენას.
“დემოკრატიული მოძრაობა“ მოუთმენლად ელის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტისა და ხელისუფლების შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ უმოკლეს ვადებში აღდგეს სამართლიანობა, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭოს იმ პირებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ცნობილნი იყვნენ ამ სტატუსის მატარებლებად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მაგრამ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის „ამნისტიის შესახებ“ მიღებამდე სხვადასხვა ფორმით განთავისუფლდნენ პატიმრობიდან. ამას ელიან თავად უკანონოდ დასჯილნი, მათი ოჯახის წევრები და მთელი ქართული საზოგადოება. სწორედ ეს იქნება კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასასრულისაკენ, _ აღნიშნულია განცხადებაში.