როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, ხორცი სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოში – სამტრედიისა და აბაშის მოსაზღვრე ტერიტორიებზე დამზადდა და სარეალიზაციოდ კასპში გადმოიტანეს.
ამ განცხადებას გამოეხმაურნენ აბაშის რაიონის სოფელ კეთილარის მაცხოვრებლები.
ნანა კოტრიკაძე: “ჩვენი სოფელი წლების მანძილზე შეწუხებული იყო პირუტყვის ქურდებისგან. ვის არ მივმართეთ, პრეზიდენტს და ვანო მერაბიშვილსაც კი გადავეცით სოფლის განცხადება, მაგრამ უშედეგოდ _ წინა წლებში პირუტყვის ქურდებს ხელს პოლიცია აფარებდა. ახლა, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ სიტუაცია ნამდვილად შეიცვალა პოლიციაში, ჩვენი რაიონის მაგალითზე გეტყვით. პოლიციის უფროსად ნიკოლოზ ბახურაული დაინიშნა. ჩვენ ისევ ეჭვის თვალით ვუყურებდით მას და არც გვქონდა იმედი, რომ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ამ ადამიანმა მოსვლიდან რამდენიმე კვირაში გააკეთა ის, რაც წლების მანძილზე არ მომხდარა აბაშაში _ პოლიციის უფროსის ხელმძღვანელობით ჩატარდა სპეცოპერაცია და 9 წლის მანძილზე პირველად დააკავეს პირუტყვის ქურდები, თან ფაქტზე მიუსწრეს, ერთი ცხენი დაკლული რომ ჰყავდათ და მეორეს ამზადებდნენ დასაკლავად. ეს პიროვნება კი დააკავეს, მაგრამ რად გინდათ _ სენაკის სასამართლოს მოსამართლემ ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღშფოთებულმა მოსახლეობამ სასამართლოსთან აქციაც კი ჩავატარეთ და მოვითხოვეთ სამაგალითოდ დასჯილიყო ქურდი, სხვას რომ არ გაემეორებინა იგივე და არ ეფიქრა, რომ პირუტყვის ქურდობისთვის ციხეში არ მოხვდებოდა. მოსამართლემ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და 9 წლის მანძილზე პირველად დაჭერილი პირუტყვის ქურდი გარეთ გამოუშვა. პოლიცია იჭერს, სასამართლო ათავისუფლებს და ისევ მოსახლეობა ზარალდება. საიდან უნდა გადაიხადოს ქურდმა გირაო, თუ ისევ ჩვენ არ მოგვპარა?”
მარინა ჩაგანავა: “არ გამიკვირდება, თუ ეს ცხენები სწორედ ჩვენს სოფელში იქნება მოპარული. ადრე პოლიციას ვაბრალებდით, მაგრამ ეს ბოლო ხანებია მართლაც დიდ ყურადღებას იჩენენ სოფლების მიმართ და აკონტროლებენ სიტუაციას, მაგრამ თუ კანონი არ გამკაცრდება პირუტყვის ქურდების მიმართ, საქმე წინ არ წავა. იმ ოჯახის მეპატრონეს, სადაც ამ ხორცის რეალიზაცია ხდებოდა, 1 000-ლარიანი გირაო დაეკისრა, ცხენის ქურდები კი 10 000-ლარიანი გირაოთი გამოდიან და რისი შეეშინდებათ? ისევ მოიპარავენ და გადაიხდიან. პირადად მე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 3 ძროხა, ერთი კამეჩი და ერთი ცხენი მომპარეს. მე და კიდევ ათობით ჩემნაირს ვინ აგვინაზღაურებს ზარალს? ამიტომ მოვითხოვთ მოსამართლეებისგან – საერთოდ ამოიღონ სიტყვა “გირაო” გადაწყვეტილებების მიღების დროს”.
“გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ ცხენი საქართველოში არ იცრება და არის ადამიანისთვის გადამდები დაავადების _ “გოთაოს” მატარებელი. ამდენად, ცხენის ხორცის გამოყენებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სავალალო შედეგებიც გამოიწვიოს.