ცეცხლფარეში, მინდვრის მუშა, ნაკადის მომწესრიგებელი, პრესსამსახურები და მათი თანაშემწეები _ საკმაოდ სოლიდური თანხა გაურკვეველი შტატების და უცნობი თანამშრომლების ხელფასების უზრუნველყოფას ხმარდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 29 აიპ-ის და ერთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აფინანსებს. ა(ა)იპ-ები, ძირითადად, წინასაარჩევნოდ შეიქმნა და ამ სფეროში დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურება საკმაოდ სოლიდური იყო.
ოზურგეთში მოსახლეობის მხოლოდ 8% არის დასაქმებული. უმუშევრობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის პირობებში მუნიციპალური სტრუქტურები _ საკრებულოს აპარატი, საკრებულოს მიერ შექმნილი არაკომერციული ორგანიზაციები, გამგეობის სამსახურები და ტერიტორიული ერთეულები _ მოქალაქეებისთვის დასაქმების ერთადერთ საშუალებად აღიქმება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები უფლებამოსილების გახორციელებისთვის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 500 ლარით ფინანსდებიან, იგივე პიროვნებები ა(ა)იპ-ში არიან დასაქმებულები საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით, მაშინ, როცა უამრავი მოქალაქე სამუშაოს საძებნელად და ლუკმა-პურის საშოვნელად თურქეთში თვეობითაა გადახვეწილი. ამავდროულად, ათეულობით ადამიანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კართან ყოველდღე დგას სამუშაოს შოვნის მოლოდინში.
_ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “გურიაში” 50 თანამშრომელიმუშაობს. ხელმძღვანელია ჯუმბერ დუნდუა, ბუღალტერი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლადო ქვილორიას მამა, სერგო ქვილორიაა, რომლის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 450 ლარს შეადგენს, უფროსის _ 550 ლარს, ხოლო 50 თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება 6 935 ლარია.
_ კულტურისა და დასვენების პარკში 16 თანამშრომელია დასაქმებული. დირექტორი ავთანდილ სირბილაშვილია, მათი თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად ჯამში 3 810 ლარია.
_ “გომისმთაში” დასაქმებულია 3 თანამშრომელი. თვეში სახელფასო ფონდი 1 450 ლარით არის განსაზღვრული.
_ აიპი “მუნიციპალური ტრანსპორტი” _ დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა _ 17, სახელფასო ფონდი თვეში 3897 ლარია. თანამშრომელთა უმრავლესობა გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თანასოფლელებია: ამბაკო გოგოტიშვილი, ხელფასი _ 550 ლარი. თენგიზ მამულაიშვილი, ხელფასი _ 300 ლარი. კონსტანტინე გოლიაძე, ხელფასი _ 300 ლარი. ასევე აღნიშნულ აიპი-ში მუშაობენ სოფელ შემოქმედის მცხოვრებლები: თენგიზ ანთაძე, თამაზ არველაძე, ნარიმან ვანიძე.
_ დასუფთავების სამსახურში 125 თანამშრომელია გაფორმებული. თვეში მათი ხელფასით უზრუნველყოფა ბიუჯეტს 45 928 ლარი უჯდება.
_ სტადიონი _ 16 თანამშრომლის (ცეცხლფარეში, მინდვრის მუშა). სახელფასო ანაზღაურება თვეში 4 650 ლარია.
_ სპორტის განვითარების საინფორმაციო-ანალიტიკური და მეთოდისტთა დახმარების ცენტრში 8 თანამშრომელია გაფორმებული, ყოველთვიურად ბიუჯეტს მათი ხელფასები 3 300 ლარი უჯდება. აქვეა გაფორმებული საკრებულოს მაჟორიტარი შუქრი პაიჭაძე.
_ რაგბის განვითარების კავშირში ათი თანაშრომელი მუშაობს. მათი სახელფასო ანაზღაურება თვეში 4 520 ლარია. აღნიშნულ აიპ-შია გაფორმებული სოფელ მაკვანეთის მაჟორიტარი ზურაბ ჭანუყვაძე და სოფელ ჯუმათის მაჟორიტარი ზურაბ მექვაბიშვილი.
_ სოფლის მეურნეობის განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ცენტრი _ დირექტორი გიორგი ხარაბაძე. ცენტრში გაფორმებულია 13 ადამიანი. ზაზა მიქატაძე, ნახსენებ ცენტრში მაღალ თანამდებობას იკავებს _ იგი ვიცეგუბერნატორის ლელა თავართქილაძის დის ქმარია. აქვე არიან გაფორმებულები სოფლის მაჟორიტარები ვალოდია ბერიძე და გიორგი ბოლქვაძე. მთლიანი სახელფასო ანაძღაურება თვეში 4 650 ლარია.
_ კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრში 12 თანამშრომელი მუშაობს. მათი სახელფასო ფონდი თვეში 4500 ლარით არის განსაზღვრული.
_ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი _ გაფორმებულია 30 თანამშრომელი და თვეში ხელფასის სახით გაიცემა 7505 ლარი.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ გაფორმებულია 16 თანამშრომელი, სახელფასო ფონდი 4 864 ლარია.
_ საბავშვო თეატრში გაფორმებულია 17 თანამშრომელი, მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის თვეში 4 140 ლარი იხარჯება.
_ თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში 12 თანამშრომელი მუშაობს, ხელფასის სახით აღნიშნული აიპი თვეში 4 390 ლარს იღებს.
_ სასპორტო სკოლას 48 თანამშრომელი ჰყავს, მათ ხელფასებზე ბიუჯეტიდან თვის განმავლობაში 13 063 ლარი იხარჯება.
_ ოზურგეთის კომუნალური მომსახურების ცენტრის ადმინისტრაციას 19 თანამშრომელი ჰყავს, ცენტრში სოფელ ნატანების მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ქინქლაძე მუშაობს, ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებს თვეში 7 246 ლარი სჭირდება. ამავე ცენტრში ფუნქციონირებს რამდენიმე განყოფილება: გამწვანების განყოფილება: გაფორმებულია 18 თანამშრომელი, უფროსი _ ირაკლი გაბედავა. მოადგილე _ ოთარ ვაშალომიძე, ლელა თავართქილაძის ბიძაა, სახელფასო ფონდი ერთ თვეში 4 750 ლარია; სასაფლაოების მოვლის განყოფილება: უფროსი პეტრე კარანაძე, გაფორმებულია 11 ადამიანი, სახელფასო ფონდი თვეში 2 720 ლარია; გარე განათების განყოფილება: უფროსი ავთანდილ ბაღიშვილი, მუშაობს 9 თანამშრომელი, სახელფასო ფონდი თვეში 3 240 ლარია. აღნიშნულ სამსახურში გაფორმებულია საკრებულოს დეპუტატი პაატა კიღურაძე; წყალმომარაგების მოვლა-პატრონობის განყოფილების შვიდ თანამშრომელს თემურ ქილიფთარი ხელმძღვანელობს, მათი სახელფასო ფონდი თვეში 1 600 ლარით არის განსაზღვრული. აღნიშნულ განყოფილებაში მუშაობს საკრებულოს დეპუტატი ნესტორ ჟღენტი;
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის განყოფილებას გიორგი მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც 11 თანამშრომელი ჰყავს და მათ სახელფასო ანაზღაურებისთვის თვეში 1 870 ლარი იხარჯება.
მთლიანობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აღნიშნული ცენტრის სახელფასო ანაზღაურებისთვის თვეში 21 426 ლარი სჭირდება.
_ ცენტრალურ ბიბლიოთეკას 32 თანამშრომელი ჰყავს. მათი სახელფასო ანაზღაურება თვეში 6 440 ლარია.
_ საფეხბურთო კლუბი “მერცხალი” _ თანამშრომელთა რაოდენობა _ 14. ფეხბურთელი _ 23, სახელფასო ფონდი თვეში _ 13 200 ლარი.
_ სპორტის განვითარების ცენტრს 36 თანამშრომელი ჰყავს და მათი ხელფასებისთვის თვეში 11 490 ლარია საჭირო.
_ დაბა ურეკის კულტურის სახლში 42 თანამშრომელია. მათი სახელფასო ანაზღაურება თვეში 8 470 ლარია.
_ მუსიკალური სკოლა _ გაფორმებულია 56 თანამშრომელი და თვეში ხელფასის სახით გაიცემა 15 438 ლარი.
_ მუნიციპალური კულტურის ცენტრში 27 ადამიანია გაფორმებული და თვეში სახელფასო ფონდი 6 827 ლარით არის განსაზღვრული. აღნიშნული ცენტრის ბაზაზე შექმნილ სალოტბარო სტუდიას სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სურგულაძე ხელმძღვანელობს; “მუხამბაზის” ხელმძღვანელია ნატალია ხომერიკი, ანსამბლს 12 წევრი ჰყავს, სახელფასო ანაზღაურება სულ თვეში 2 110 ლარია; ანსამბლი “შვიდკაცა”, ხელმძღვანელი _ კუკური სიხარულიძე, წევრი _ 12, მათ შორის, ავთანდილ სურგულაძე და ლევან ნინიძე, ორივე საკრებულოს დეპუტატია; “ვახტანგური” _ ხელმძღვანელი _ მამია რუსიძე, წევრი _ 11, სახელფასო ანაზღაურება თვეში _ 1 900 ლარი; “ედელვაისი”, ხელმძღვანელი _ ნინო ჩიხლაძე, წევრი 2, სახელფასო ანაზღაურება თვეში _ 480 ლარი; “იადონი” _ ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია, წევრი _ 9, გამოყოფილია 1 720 ლარი; “ლურჯი იალქანი”, ხელმძღვანელი _ გოგა გორდელაძე, წევრი _ 11, სახელფასო ანაზღაურება თვეში _ 1840 ლარი; კვარტეტი “გამა”, წევრი _ 4, სახელფასო ანაზღაურება თვეში _ 640 ლარი; კვარტეტი “ჰარმონია”, წევრი _ 4, სახელფასო ანაზღაურება თვეში თვეში _ 640 ლარი; სასოფლო კლუბები: მთისპირი, ძიმითი, ნატანები, შრომა, მაკვანეთი, ჭანიეთი, დვაბზუ, ლიხაური, ბახვი, ასკანა: სულ _ 10, სახელფასო ანაზღაურება თვეში _ 1 000 ლარი.
_ ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრში გაფორმებულია 104 თანამშრომელი, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 20 447 ლარია.
_ სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში 507 თანამშრომელია გაფორმებული. მათ შორის არიან აღმზრდელის თანაშემწეები, დამხმარე აღმზრდელები, მზარეულის თანაშემწეები და ა.შ. 507 ადამიანის ხელფასი ბიუჯეტს თვეში 95 298 ლარი უჯდება.
ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე შარაშენიძემ ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ასეთი კომენტარი გააკეთა::
_ რაც შეეხება ა(ა)იპ ორგანიზაციებს, ეს არის ძალიან სერიოზული თემა. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მთელი რაიონის ბიუჯეტი, რომელიც 10 მილიონიანია, იხარჯება ა(ა)იპ-ებში, აბსურდულ შტატებზე, სადაც საქმე არ კეთდება. მე ვნახე ასეთი შტატი _ მაყურებელთა მეკავშირე, “მედია ოფიცერი”, ზედამხედველის მოადგილე და ასე შემდეგ. ასეთ დღეში იყო ჩვენი ბიუჯეტი. კი, ბატონო, ხალხი დასაქმებულია, მაგრამ არ არის ეს სწორი დასაქმება. ეს არის დათვური სამსახური. მიზნობრიობა ამ თანხის დახარჯვისა არ ჩანს. მე მზად ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში, საზოგადოებასთან ერთად, ჩავერთო ამ პროცესებში და მივიღო რეკომენდაციები. ახლა არ არის იმის დრო, ვარჩიოთ, ეს კარგი იყო თუ ცუდი, უნდა დავიწყოთ ახლის შენება და კეთება. ბიუჯეტი არ უნდა იყოს საქველმოქმედო ფონდი, _ განაცხადა შარაშენიძემ.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ხინთიბიძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს ამ, ეგრეთ წოდებული, ა(ა)იპ-ების შექმნა და დაფუძნება, ეს კი, მინიმუმ, იმას ნიშნავს, რომ მის წლიურ ბიუჯეტს თავისი საშტატო განრიგით ასევე საკრებულო განსაზღვრავს, ანუ საკრებულოს ნების გარეშე სხვას არავის შეუძლია ამ პროცესში ჩართვა. ხოლო თუ თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ები წინასაარჩევნოდ შეიქმნა და თუ წინასაარჩევნოდ იგი დაუსაბუთებლად, ასევე იქცა დასაქმების საშუალებად, რაც, რა თქმა უნდა, კანონის უხეში დარღვევაა, ეს უნდა დამტკიცდეს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ, მაგრამ ამავდროულად, პასუხისმგებლობის ტვირთი დააწვება ყველა იმ დეპუტატს, ვინც ასეთი ა(ა)იპ-ის დაფუძნებას მისცა ხმა და ასევე ანგარებით მისცა ხმა მისთვის ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებას.
_ ბატონო ლევან, რამდენად კანონიერია ის პროცესი, როცა მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ბიუჯეტით იღებენ ანაზღაურებას 500 ლარს, კასევე დასაქმებულები არიან ა(ა)იპ-ებში ?
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ თავიანთი უფლებამოსილების გახორციელებისთვის თანხას 500 ლარის ოდენობით, რომელიც არ გახლავთ მათი შრომის ანაზღაურება (საკრებულოს დეპუტატს ხელფასი არ ეძლევა საკრებულოს წევრობისთვის, თუ იგი არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს). ეს თანხა გამიზნულია იმისთვის, რომ ისინი რეგულარულად შეხვდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, მოისმინონ მათი საწუხარი, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მათ და ჩააბარონ თავიანთ ანგარიშში გაწეული საქმიანობების შესახებ და სწორედ ამ ღონისძიებების საორგანიზაციოდ არის მიმართული ეს თანხა.
რაც შეეხება ა(ა)იპ-ებში მათი დასაქმების საკითხს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ უზღუდავთ მათ საშუალებას, იმუშაონ ასეთ დაწესებულებებში ანაზღაურებად საქმიანობებზე (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), გარდა ხელმძღვანელი თანამდებობის ადგილებისა, მაგრამ მორალურად ეს ფაქტი გაუმართლებელია, რადგანაც თავად ა(ა)იპ-ები (რომლებიც დაფუძნებულია ოზურგეთის თვითმმართველობის მიერ) ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან თავად საკრებულოს წინაშე და ეს ქმნის მნიშვნელოვან ინტერესთა კონფლიქტს. საერთო ჯამში კი, ისმის რიტორიკული კითხვა _ საკრებულოს წარმომადგენელი თავის თავს გაუწევს კი ზედამხედველობასა და მონიტორინგს ადგილობრივი ბიუჯეტით ნაკისრ ვალდებულებებზე, რომელიც თავად უნდა გააკონტროლოს?! _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ლევან ხინთიბიძე.