ამ თემაზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გვესაუბრება
– როგორც ჩანს, დღეს შექმნილია განსაკუთრებული პიარ-სქემა, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ, უნდა მოხდეს ამ საერთაშორისო დოკუმენტების გაქარწყლება, მეორე მხრივ, აფხაზების რეაბილიტაცია, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს დამოუკიდებლობის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, განსაკუთრებით სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, სადაც მთელი მსოფლიო მოიყრის თავს. ამიტომ, მათ ეს სჭირდებათ. სხვათაშორის, ისინი არა მხოლოდ ამ ნაბიჯებს დგამენ _ იმ საერთაშორისო აჟიოტაჟის ფონზე, რომელიც ილორის ეკლესიის არასწორ რესტავრაციასთან და ზოგიერთი სხვა ძეგლების მიმართ უყურადღებობასთან იყო დაკავშირებული, ანქვაბმა მოიწვია თათბირი, სადაც აფხაზმა ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა წარადგინეს 10 ძეგლის სია, რომელიც პირველ რიგში უნდა გარემონტდეს. ილორი, მოქვი, თამარის ხიდი, ბიჭვინთის ეკლესია და ა.შ. ამით აფხაზეთი ცდილობს ცივილიზებული, თვითმყოფადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის იმიჯი შეიქმნას და ეს იმ ერთიანი პიარ-სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც აფხაზეთი საკუთარ რეაბილიტაციას ცდილობს.
– როგორ ფიქრობთ, აფხაზები დამოუკიდებლად მო ქმედებენ, თუ შეიძლება მათ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც რუსები უმაგრებენ ზურგს? ან დაუშვებს კი რუსეთი საქართველო თავის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაახლოვდეს და ახალი ტიპის ურთიერთობა დაიწყოს?
_ რასაკვირველია, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ შეიძლება ეს სწორედ აფხაზების ნოვატორული პოლიტიკური სვლაა, რადგან ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო კრეატიულები არიან. რუსეთი ამ ეტაპზე ამ ორ რეგიონში და განსაკუთრებით აფხაზეთში, საკუთარი გავლენის შემცირებას არ გეგმავს. რა თქმა უნდა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი გავლენები გაიზარდოს და მყარი იყოს, მაგრამ რუსეთის გავლენის გაზრდას აფხაზეთში თურქეთის გავლენის არსებობა უშლის ხელს. ამას აფხაზური მუსულმანური თემის ზრდა უშლის ხელს. თავად რუსი სპეციალისტები ამბობენ, რომ 2005-2006 წელს ეს იყო 100-კაციანი გუნდი, ხოლო ახლა ისინი 3 000 არიან. პატარა აფხაზეთისთვის კი 3 000-კაციანი მრევლი უკვე დიდი ციფრია. ასე რომ, იქ მხოლოდ საქართველოს გავლენის შესასუსტებლად, ან არდასაშვებად კი არ მიდის ბრძოლა, არამედ თურქეთის გავლენის წინააღმდეგაც, მაგრამ ნაკლებეფექტურად. ასე რომ, მეორე საკითხია, რუსეთი ვის რის უფლებას მისცემს. მთავარია, ჩვენ როგორ ვიმუშავებთ, რადგან მოდით, ასე ვთქვათ _ ასეთი ტიპის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის ხელშია ინიციატივა. თუ შენ ისეთი იდეა შესთავაზე, ისეთი პოზიციის დემონსტრირება მოახდინე, რომელიც ინიციატივის ხელში აღების საშუალებას გაძლევს, მაშინ ძალიან წინ ხარ, თუ არადა, მაშინ ვიქნებით ისე, როგორც ვართ დღეს, როდესაც პრაქტიკულად არანაირი პოლიტიკა არ გვაქვს და მივტირით იმას, რომ ვიღაცის გავლენები ძლიერდება და იმას, თუ რა იყო გუშინ. რუსეთი მუსულმან აფხაზებს ზუსტად იმიტომ თვლის საფრთხედ, რომ ისინი თურქეთის იდეების გამტარებლებად აღიქმებიან, ისევე როგორც ზოგიერთ შემთხვევაში ქართული სახელმწიფო აჭარელ მუსულმანებს თურქული პოზიციების გამტარებლებად აღიქვამს, რაც ყოველთვის სწორი არ არის. აფხაზეთის შემთხვევაში კი, ეს დამოკიდებულება სწორია.
– დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ საქართველო-რუსეთის რკინიგზის აღდგენაზე. როგორია თქვენი პოზიცია და რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა საქართველოსთვის?
_ ყოველ კონკრეტულ მომენტში არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და იმდენი დავკარგეთ, რომ მეტის დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. ამიტომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არა, არამედ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რამდენად გვჭირდება ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა. აქ დასათვლელია არა მხოლოდ პოლიტიკური შემადგენელი, რის დათვლაც, მაგალითად, მე და ჩემს კოლეგებსაც შეგვიძლია, არამედ ეკონომიკური შემადგენელიც დასათვლელია. საბოლოო ჯამში, გამოდის, პოლიტიკურ-ეკონომიკური შემადგენელი, რომელიც საერთო სურათს მოგვცემს და ის წლებზე გათვლით არის დასათვლელი, ვის რას მოუტანს _ რას მოუტანს ჩვენს მეზობლებს და რას მოგვიტანს ჩვენ. შეიძლება სწორედ ამის შემდეგ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.
ერთადერთი, რაც დღევანდელ ვითარებაში მომწონს, არის განცხადებები, რომლებიც ორიენტირებულია მომავალზე და არა იმწუთიერი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი აზრის ზონდაჟი, მეზობელი ქვეყნების ზონდაჟი, რეგიონალური მოთამაშეების პოზიციების ზონდაჟი, საერთაშორისო ორგანიზაციების და ტრანსნაციონალური კომპანიების ზონდაჟი და ა.შ. როგორც რკინიგზა, ასევე ზოგიერთი სხვა საკითხი, რომლებიც არ მინდა ჩამოვთვალო, ნახსენებია ზონდაჟისთვის, რის შემდეგაც ღებულობ საინტერესო სურათს და შემდეგ უკვე აკეთებ დასკვნებს, ანუ, ეს არის ზონდაჟის პროცესი და შემდეგ უკვე დოკუმენტებზე მუშაობა, რაც ძალიან საინტერესოა.
რაც შეეხება რკინიგზას, მე ვფიქრობ, რომ ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მისაღები. საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება მისაღები იყოს, რაც გადაიდგმება ის ნაბიჯები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე. ამ რკინიგზის გარდა, არსებობს კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, თითქოს, მივიწყებულია. ეს არის წრიული პროექტი შავი ზღვის გარშემო, რომელშიც ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩართული. წრიული პროექტის გახორციელება (საერთაშორისო სამანქანო გზის გაყვანა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც) ზუსტად იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ეს მონაკვეთი ამოვარდნილია. აქედან გამომდინარე, ვიდრე აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს ურთიერთობა არ გაირკვევა და კომუნიკაცია არ დამყარდება, არავითარ წრიულ გზაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.
– თუ აფხაზები შესაძლო პიარ–გეგმით მოქმედებენ, უნდა გააქტიურდეს თუ არა ქართული მხარე, რომ ყველამ გაიგოს სინამდვილეში ვინ ვის მოუწყო ეთნოწმენდა და რა იქნება მომავალში?
– ამაზე უამრავი წიგნია დაწერილი და საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამის დოკუმენტებია შექმნილი. იმისთვის, რომ ინიციატივა ხელში ავიღოთ და მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა მოვახერხოთ, მხოლოდ აუგზე ლაპარაკი არ ივარგებს. აქ ისეთი პოლიტიკაა შესამუშავებელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ხვალინდელ დღეზე და არა მხოლოდ გუშინდელზე. არაფერი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ მხოლოდ ამაზე ლაპარაკი არ მოგვიტანს იმ შედეგს. წლების განმავლობაში ცხინვალის ტელევიზიას პარასკეობით ჰქონდა დილის გადაცემა, რომელიც იწყებოდა სიტყვებით „ფაშისტი ქართველები“ და გრძელდებოდა ამ პათოსით. ამაზე მთელი თაობები გაიზარდნენ, მაგრამ დღეს ეს თაობები პროცესებს სხვა თვალით უყურებენ და თვითონვე ამბობენ, ამ ტიპის პროპაგანდით ამათ ჩვენი ბავშვობა დაამახინჯესო. ასე რომ, აუცილებელია ხვალინდელ დღეზე ორიენტაცია და სხვა ტიპის მიდგომების შემუშავება. არაფერი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ახლა დროა ცოტა სხვა კონტექსტში ვიფიქროთ, სხვა პოლიტიკური სვლებია გასაკეთებელი.