_ ოპოზიცია ისინი მთავრობის წარმომადგენლებს ურჩევს, წინასაარჩევნო დაპირება უფასო განათლებასთან დაკავშირებით რეალობად აქციოს. ნაცმოძრაობის წევრმა, ასმათ დიასამიძემ პედაგოგთა ხელფასების მატების თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პედაგოგთა ხელფასების მატება არა სკოლების დაფინანსების, არამედ სკოლის არსებული ფინანსების ხარჯზე მოხდა, რის გამოც ბევრი სკოლა დაზარალდა და პედაგოგთა ანაზღაურების გაცემა უჭირთ.
ასმათ დიასამიძე,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი: “იმატა მინუსიანმა სკოლებმა, რომლებსაც უჭირთ ხელფასების გაცემა. ამგვარი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ხულოს მუნიციპალიტეტის 13, შუახევის 7, ქედის 3, ხელვაჩაურის 2 და ქობულეთის 3 სკოლა. ამ პრობლემიდან გამომდინარე, დირექტორებს აიძულებენ, რომ შექმნან კლას-კომპლექტები, შესაბამისად სკოლის ბიუჯეტში გაჩნდება ეკონომია და ამის ხარჯზე უნდათ დაანონსებული მომატებული ხელფასების გაცემა. გაერთიანებული კლასების შექმნა სკოლებში პედაგოგების შემცირებას და სწავლის ხარისხის გაუარესებას იწვევს.”
საკითხის გარკვევა”გურია ნიუსმა” აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, სულიკო თებიძესთან სცადა.
სულიკო თებიძე: “ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, განათლების სამინისტრომ, გაზარდა ხელფასები საკმაოდ დიდი თანხით _ 70–80 ლარით. ეს განაპირობა იმან, რომ სკოლებში გაიზარდა ვაუჩერული დაფინანსება. ნებისმიერ სკოლაში სკოლის საათობრივი ბადე მტკიცდება სასწავლო პროცესის დაწყებამდე და კლას-კომპლექტები იქმნება სექტემბერში. საუბარი იმაზე, რომ ახლა ხდება კლას-კომპლექტების ჩამოყალიბება, სიცრუეა. მაღალმთიან აჭარაში ზოგიერთ სკოლაში 23–25 ბავშვი სწავლობს, ცხადია, ასეთ სკოლებზე ვაუჩერული დაფინანსება არასაკმარისი იქნება, მაგრამ ასეთი სკოლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების ხარჯზე ყოველთვიურად ივსება მათი ბიუჯეტი. ასე რომ, სიცრუეა, რასაც ქალბატონი ასმათი ამბობს.”