“4 მარტს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განიხილა მაუწყებელის შექმნილი ვითარება. საკითხის განხილვას წინ უძღოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიერ ამავე ორგანიზაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან ფაქტობრივი გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება მისი მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში. ყოველივე ამას ორივე მხრიდან მოჰყვა განცხადებებისა და ბრალდებების გაცვლა, როგორც მაუწყებლის ეთერის, ისე სოციალური მედიის გამოყენებით. სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქციაა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვა.
აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭომ ვალდებულად ჩათვალა, განეხილა ზემოთ აღნიშნული საკითხი. საბჭომ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები, რის შემდეგაც საბჭოს წევრების მოთხოვნით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 32-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი დადგა.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 32-ე პრიმა მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა გენდირექტორი გიორგი ბარათაშვილი.
გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ხელმძღვანელობდა შემდეგი არგუმეტებით: საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა იყოს თავისუფალი, პოლიტიკური კონიუნქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს – მიაწოდოს მოსახლეობას დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია, საბჭო ვალდებულია, მაუწყებელი დაიცვას შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლის რეპუტაცია, ფორმა, რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას, მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ გამხდარიყო, საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, ეჭვქვეშ აყენებს გენდირექტორის უფლებებს მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევის მცდელობად იქნას ინტერპრეტირებული.
ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა იმ პირობებში, როდესაც მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად და საზოგადოებრივი ინტერესების საფრთხის შემცველად.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რომ თვალ-ყური ადევნონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობაზე უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ წაიკითხა.