ამ დიდ ევროპულ პროექტში საქართველო უკვე წლებია მონაწილეობს. მასში განსაკუთრებით ჩართულია გურიის სანაპირო ზოლი. საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, მაროკოში მიემგზავრება მამუკა გვილავა, რომელიც 1992 წელს შექმნილ “შავი ზღვის გარემოსგან დაბინძურების მუდმივმოქმედ კომისიაში” საქართველოს წარმოადგენს და ამავე დროს, “სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პროექტის” მენეჯერია მთელ შავ ზღვაზე.
ამირან გიგინეიშვილი: “მე ამ პროექტის საქართველოს კოორდინატორი ვიყავი, ამჯერად მივდივართ მე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე. იქ წარვადგენთ საბოლოო მონაცემებს. აქ იქნება საუბარი იმ შედეგებზე, რაც დაიდო ევროპის მასშტაბით სანაპირო ზოლის ინტეგრირებულ სისტემასთან მიმართებაში და ასევე სამომავლო გეგმებზე. მეც წარვადგენ კონკრეტულ პრეზენტაციას, თუ რა დღეშია სანაპირო ზონა. მთელი ეს მეცნიერება სულაც არ ნიშნავს მხოლოდ სანაპიროს დაცვას _ ეს არის ბიზნესთან მიმართებაში, ტურიზმთან მიმართებაში კონკრეტული აკრძალვები და დაშვებები. ტურიზმთან მიმართებაში ახლა მირეკავენ და მეკითხებიან, ხომ არ გვაქვს პროექტი, რომ როცა წყალი შედის სახლებსა და ეზოებში, ამას რამე ეშველოს, მაგრამ ეს ტყუილად გადაყრილი თანხა იქნება, ვინაიდან ზღვას ვერაფერი შეაჩერებს. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა მოხდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. თუ ასეთი შეფასება არ გვაქვს, მაშინ შეიძლება 6 თვეში 10 000 000 წყალში ჩაიყაროს. ამ თემაზეც იქნება საუბარი, როგორ მოხდეს ამ შეფასების ორიენტირება, რა ზღვიდან მანძილზე უნდა აიგოს შენობები და ასე შემდეგ”, _ თქვა გიგინეიშვილმა.