საქართველოდან წასულები ლამაზ, ფერად ფერებში ხატავენ მომავალს და რეალობას შეჯახებულები კიდევ ერთხელ განიცდიან იმედგაცრუებას.
“გურია ნიუსს” საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა და ბევრი საგულისხმო რამ გვიამბო საზღვარგარეთ წამსვლელთა საყურადღებოდ _ გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც მშობლიურ მიწა-წყალზე ფეხის დადგმისთანავე უჩნდებათ.
მამუკა გუნცაძე: _ 12 წელი ვიცხოვრე ემიგრაციაში და ყველაფერი საკუთარ თავზე გადავიტანე, ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ძნელია როცა არც ენა იცი, არც ქვეყანას იცნობ და არც ერს. სწორედ ამიტომ მინდა თქვენი საშუალებით დაველაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, თუ სამშობლოდან შორს წავლენ, ყველა პრობლემას მოაგვარებენ. მე შემიძლია აგიწეროთ, აქ როგორი ცხოვრებაა და რა პრობლემები აქვთ ჩამოსულებს. ისეთები, რომელზეც არც კი ფიქრობენ, როდესაც მოდიან.
უცხოეთში, კერძოდ საბერძნეთში, მოსახლეობას ერთნაირად უჭირს. მერე რა, რომ ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ ახლა მათაც უჭირთ. მყავს ძალიან ბევრი აქაური მდიდარი მეგობარი, რომლებიც რემონტს საკუთარ სახლებში ორ წელიწადში ერთხელ აკეთებდნენ, მაგრამ ახლა უკვე შეაჩერეს ყოველგვარი დამატებითი ხარჯები.
იქნებ, ვინმეს გამოადგეს ჩემი ნაამბობი. როდესაც ვინმე გადაწყვეტს უცხოეთში წავიდეს ახლობელთან, უნდა მოემზადოს მორალურად. მაგალითად, როდესაც ადამიანი გარკვეული წლები ცხოვრობს უცხოეთში, ძალაუნებურად ყალიბდება იმ ქვეყნის წესებზე და დისციპლინაზე, რომელ ქვეყანაშიც ის ემიგრაციაში ცხოვრობს. როდესაც ჩადის მასთან მისი ახლობელი, თითქოს შეცვლილი ეჩვენება. ახალმა ჩამოსულმა არც ენა იცის, არც წესები და არც ხალხს იცნობს, არ იცის, რა სწყინთ და რა უხარიათ ამ ადამიანებს. ამიტომ სამსახურის შოვნის დროს, როდესაც დასაქმდება, ეწყება საკუთარი ქვეყნის და ახლობლების ნოსტალგია. ყველაზე მეტად ახლობელი, მისთვის უკვე საქართველოა, ვინაიდან მის გარშემო ყველა და ყველაფერი უცხოა. სამსახურში კი მისი პრობლემები არავის აინტერესებს. თან ცოტა უცნაური ხალხია.
ჩემი მეუღლე მუშაობდა ოჯახში, სადაც ბებია ცხოვრობდა და მეთვალყურეობა სჭირდებოდა. ძალიან კარგად იყვნენ ერთმანეთთან და ყოველ ახალ წელს და აღდგომას ხელფასს ზევით ხან ორმაგ, ხან ნახევარი ხელფასის დანამატს აძლევდა. ერთხელაც ჩამოვარდა მათ შორის საუბარი, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა საქართველოში ჩემი მეუღლე და მან მოუყვა, რომ მდიდარი ოჯახიდან იყო. აჩვენა სურათებიც, სადაც სახლში საუკეთესო ავეჯი და ბილიარდი ედგა. ახალი წელი იყო მეორე დღეს, როგორ დამავიწყდება ის დღე _ მეუღლე გამოუშვა იმ ქალმა სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ის შეძლებული ოჯახიდან იყო.
“შენ მდიდარი ოჯახიდან ყოფილხარ, მე კი ისეთი მჭირდება, რომელიც ჩემზე მაღლა თავს არ წარმოიდგენს,” _ უთხრა დიასახლისმა. ასეთები ძალიან იშვიათია, მაგრამ მე ვყვები კარგსაც და ცუდსაც. როცა უცხო ქალაქში ჩადიხარ, სულ სხვა საქმის კეთება გიწევს. სამშობლოში ლურსმანი რომ არ გქონდეს მიჭედებული, აქ ყველაფრის კეთება გიხდება, შენს ცოდნას და გამოცდილებას არც კი აქცევენ ყურადღებას. არავის ეგონოს, ადვილად მიაღწევს ბედნიერებას _ მძიმე პირობებია, რასაც ემატება სახლთან სიშორე.
_ მაინც, ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
_ აქ, ძირითადად, უსაბუთობა არის პირველი პრობლემა, ვინაიდან 2011 წლის მერე ისეთი კანონი არ გამოსულა, რომელიც საშუალებას მიცემს ემიგრანტს საბუთი გააკეთოს. მაგრამ თუ საბუთი გაქვს და თან მუშაობ, გადასახადები უნდა გადაიხადო. ეს არც ისე ცოტა თანხაა, დაახლოებით ხელფასის ნახევარია. ბოლო პერიოდში ქართველებზე დიდი მოთხოვნილება იყო, როდესაც გაიგეს ბერძნებმა რომ ქართველები არ არიან “ჩამშვებები” _ თუ პოლიცია დაიჭერდა უსაბუთო ქართველს, არ ეუბნებოდა, ვისთან მუშაობდა, მაშინაც კი, თუ ფაქტზე წაასწრებდნენ, ეუბნებოდა, მეგობრულად ვეხმარებიო და ციხეშიც 6 თვე ისე იჯდა, სიტყვას არ იტყოდა უფროსის საზიანოდ. ამიტომაც როგორც კი ციხიდან გამოვიდოდა სამსახურიც დახვდებოდა. უცხოეთში როდესაც ოჯახებით ჩამოდიან, ძალიან რთულია _ მარტო ქალს უფრო შეუძლია თანხის დაგროვება, ვინაიდან ქალები უფრო მეტად დღე და ღამე იმ ოჯახებში არიან, სადაც მოხუცებს უვლიან. შესაბამისად, საჭმლის და სხვა ხარჯებს თვითონ არ იხდის. რასაც უხდიან ხელფასს, მთლიანად მისია. დღის სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია, როგორც ქალისთვის, ასევე _ კაცისთვის. ერთხელ, მახსოვს ერთმა ქართველმა ჩინოვნიკმა გააკეთა ირონიული განცხადება, რომ მან იცის, როგორ შოულობენ საბერძნეთში ქალები ფულს, რითაც ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ემიგრანტებს! აქ ბევრია ისეთი დედები, რომლებიც ავადმყოფი შვილის გადასარჩენ ფულს შოულობს დღე და ღამე გაუსაძლისი მუშაობის შედეგად.
ახლა არავის ვუსურვებ საბერძნეთში ჩამოსვლას. სამსახურები თითქმის აღარ არის. ადრე თუ ქალი აჰყავდათ ოჯახებს მოხუცის მოსავლელად, ახლა ან თვითონ უვლიან ან მოხუცთა სახლში მიჰყავთ. ხელფასებიც შემცირდა. ჩემი აზრით, ევროგაერთიანებაში ახალი წევრი ქვეყნების მიღებამ შექმნა ეს პრობლემები. გაიაფდა მუშახელი და არა მარტო ემიგრანტებს გაუწია კონკურენცია, არამედ თავად ბერძნებს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სამშობლოში დაბრუნების მსურველ ემიგრანტებს ექმნებათ, ძველი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონია _ თუ ექვსი თვის განმავლობაში ვარ ნამყოფი საქართველოში და ამ პერიოდში გადავწყვეტ კვლავ ჩამოვიდე და წამოვიღო ჩემი საკუთარი ქონება, რომელიც შევიძინე უცხოეთში 12 წელი ემიგრაციის დროს (ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა თუ სხვა ავეჯი) ყველაფერი უნდა განვაბაჟო. იქნებ, ვინმემ გამცეს პასუხი რა მიდგომაა, როდესაც ემიგრანტიდან გინდა მისი წვალებით ნაშოვნი ფულით შეძენილი ქონებიდან წილი წაწიწკნო? ჩემ ქონებაში მხოლოდ მიტომ მახდევინებ ფულს, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და 6 თვის მანძილზე ორჯერ ჩამოვედი?! ან სულაც ზოგს ჭირი აქვს, ზოგს _ ლხინი. აუცილებელია ამ კანონის შეცვლაზე იზრუნოს ახალმა ხელისუფლებამ, თუკი მათთვის ემიგრანტებს რაიმე ფასი აქვთ.
სამწუხაროა, მაგრამ ძალიან ბევრს იქ გონია უკეთესი ცხოვრება, სადაც თავად არ არის. ადამიანს რომელსაც ჩამოსვლა უნდა, ვერანაირად ვერ დააჯერებ იმას, რომ აქ ახლა ჩამოსვლა უდიდესი შეცდომაა. ასე ჰგონიათ, რომ მისთვის კარგი არ გინდა, ან _ თავის შეწუხება. უცხო ადამიანები მიმიღია ჩემს საკუთარ ბინაში და თვეები უცხოვრიათ. არავის ვეტყვი უარს დახმარების ხელი გავუწოდო, მაგრამ თავადაც ხომ უნდა შეიცოდოს საკუთარი თავი? როცა მე თვითონ დღეს სამსახურს ვერ ვშოულობ და ლამის დეპრესიაში ვარ, აბა, მითხარით, ახალი ჩამოსული რა იმედებს ეყრდნობა?
_ ესე იგი, სჯობს სამშობლოში იშრომოს და ლუკმა პური ჰქონდეს ადამიანს, ვიდრე საზღვარგარეთ წავიდეს?
_ მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობ იქ კარგიაო, დაკრა ფეხი, წახვიდე და წინ არ გაიხედო, არ შეიძლება. ამ საუბრით სწორედ მაგას ვცდილობ, იქნებ, მოვახერხო და რამდენიმე ადამიანს მაინც გადავაფიქრებინო სამშობლოდან შორს გამგზავრება. მაქ მარტო მაინც არ არის, ახლობლები ჰყავს, მეგობრები, თავშესაფარი აქვს ბოლოს და ბოლოს. სამშობლო ყველაზე ტკბილია, ამას სამწუხაროდ ხშირად მისგან შორს ხვდება ბევრი. ასე რომ, დაფიქრდით, სანამ წასვლას გადაწყვეტთ!