ხუხაშვილის ინფორმაციით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რუსეთის კულტურის მინისტრს ალექსანდრ ავდეევს წერილი მისწერა, რომლითაც ქართული ხელოვნების მონაწილეობით, რუსეთში კონცერტის გამართვას სთავაზობდა და მადლობას უხდიდა მისი მინისტრად დანიშვნის მილოცვის გამო.
“გრიგოლ ვაშაძე სთავაზობდა და შეიძლება ითქვას ეხვეწებოდა კონცერტების ჩატარებას რუსეთში, მათ შორის “ერისიონის” მონაწილეობითაც. ეს ხდება მაშინ, როცა ქართველი მეომრების გვამები ჯერაც არ იყო გაციებული, რამდენიმე კვირის წინ ანსამბლ “ერისიონის” რუსეთში ვიზიტს დიდი ხმაური მოჰყვა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ფარისევლობაზე მიუთითებს,” _ აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
თეო ტლაშაძე ამ ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: “პირადად მე, ასევე მოვითხოვე 2008 წელს, მიტინგზე იმ წერილის გამოქვეყნება, რომელიც სააკაშვილმა მიწერა მედვედევს და სადაც საუბარი იყო გარკვეული ტერიტორიების დათმობაზე მოლაპარაკების დაწყების საფასურად. თუ ახლა მაინც გამოაქვეყნებს ახალი ხელისუფლება, ძალიან კარგს იზამს!”
სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ვესაუბრეთ თეო ტლაშაძეს.
_ გია ხუხაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. დავობენ ამ დოკუმენტის ნამდვილობასთან დაკავშირებით. თქვენ აღნიშნეთ, რომ 2008 წელს მოითხოვდით სააკაშვილის მედვედევთან მიწერილი წერილის გამოქვეყნებას. რამდენად შეესაბამება ეს დოკუმენტი სინამდვილეს და როგორ ფიქრობთ, აქამდე რატომ არ გამოაშკარავდა?
_ ომის დღეებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ ბევრი მათი მაკომრომიტირებელი დოკუმენტი ფიზიკურად გაანადგურა, თუმცა, ასეთი გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობს. მის ნამდვილობას შესაბამისი უწყებები დაადგენენ. რაც შეეხება იმ წერილს, რაზედაც მე ვსაუბრობდი 2008 წელს, რეალურად არსებობს. ეს ვიცი სააკაშვილისაგან _ თავად გააჟღერა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, რომ მან წერილი გაუგზავნა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს. რა ეწერა, იმ წერილში, ამისი გაგება მინდა დღემდე პირადად მე და დარწმუნებული ვარ, მთელ ქართულ საზოგადოებას!
_ ვაშაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის კულტურის მინისტრად 2008 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა და მალევე გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი. ალბათ, სწორედ ამიტომ კითხულობს ხალხი, ამ დოკუმენტთან ვაშაძე რა შუაშიაო.
_ გრიგოლ ვაშაძე გახლდათ ორივე შემთხვევაში იმ პოსტზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთანაც და კულტურა-ხელოვნებასთანაც _ იგი იყო ორივე უწყების ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი გახლდათ ასეთი შინაარსის წერილების მომზადებასა და გაგზავნაზე, გნებავთ, როდესაც იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და როდესაც _ კულტურის მინისტრი.
მით უფრო, რუსეთში გაგზავნილი წერილი 2008 წელს, რომელიც მოითხოვდა განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ამავე დროს შეთავაზების ფორმა ჰქონდა, ვაშაძის გარეშე ვერ იქნებოდა შედგენილი.
_ პირადად თქვენ როგორ უყურებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალ საფეხურს?
_ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება აუცილებელია! აქვე მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ ისე გარდაიცვალა დედაჩემის დედა და ჩემი გამზრდელი ბებია, დასაფლავებაზე ვერ ჩავედით. ეს წმინდა ადამიანური მომენტია და ველოდები იმ დროს, როდესაც თავისუფლად შეგვეძლება გადაადგილება.
_ 19 აპრილის აქციაზე რას ფიქრობთ?
_ 19 აპრილის აქციის ჩანაფიქრი იყო სულ სხვა თავში და დღეს მისი აზრიც და შინაარსიც არის გაურკვეველი. ამ აქციას ფორმას ვეღარ მოუძებნიან ნაციონალები, იმის გარდა, თუ ეს არ ემსახურება გარკვეულ პროვოკაციას. 19 აპრილს მივა თუ არა ხალხი, ნაციონალები კონკრეტული გეგმის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ მიიყვანონ იმდენი ხალხი, რამდენიც სჭირდებათ. თუმცა დღეს უკვე ეჭვი მეპარება მათი გეგმის და მიზნის არსებობაზე. მანამდე, შესაძლოა, ჰქონდათ კიდეც რაღაც ჩანაფიქრი.
სულ ცოტა ხნის წინ დოკუმენტის მეორე ფურცელიც გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა.