ასკურავა ურუშაძეს ბრალს დებს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იქნა სამსახურიდან დათხოვილი და ასევე მისი სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზად ის დაასახელა, რომ ახლანდელმა გამგებლის მოადგილემ უკითხავად დაიკავა მისი კაბინეტი.
ამ ბრალდებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი გამოეხმაურა.
ვახტანგ ზენაიშვილი: ” ბატონი კახა ასკურავა სამსახურიდან გათავისუფლდა იმ მოტივით, რომ ორი თვის განმავლობაში არ დადიოდა სამსახურში. პრესის საშუალებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ დადიოდა და სამსახურებრივ მოვალეობასაც ასრულებდა. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ჩაგვეტარებინა გამოკითხვა გამგეობის თანამშრომლებთან, ორი თვის განმავლობაში ნახეს თუ არა კახა ასკურავა შენობაში. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს იგი არ უნახავთ, გარდა 27 მარტისა, როცა მან განცხადება დაწერა.
თვალში ნაცრის შეყრა არ არის საჭირო _ ჩვეულებრივი სამსახურებრივი გადაცდომა არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ დევნად. როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, ბატონი კახა გამგეობაში კურირებდა სოციალურ სფეროს. გამოვკითხეთ სოციალური სამსახურის თანამშრომლები (ლია ნიკოლაიშვილი, ნათია ორაგველიძე, სოფო ორაგველიძე, ირმა ხურციძე) და მათ ორი თვის განმავლობაში ასკურავა სამსახურში არ უნახავთ. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.
ბატონი კახა წერდა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში, რომ ჩემი კაბინეტი გამგებლის მოადგილემ ისე დაიკავა პირადი ნივთების გამოტანაც ვერ მოვასწარიო.
აქედან გამომდინარე, ვალდებულად ვთვლი თავს მკითხველს ვუთხრა: როდესაც გამგებლის მოადგილედ დავინიშნე, აქ იყო ვაკანსია და არავის გათავისუფლების ხარჯზე არ მომხადა ჩემი დანიშვნა. დავდიოდი სამსახურში და გამგებლის კაბინეტში ვიჯექი. ათი დღის შემდეგ, შევეცადე გამერკვია, სად შეიძლებოდა მქონოდა კაბინეტი. ადმინისტრაციამ მითხრა, რომ კახა ასკურავა შვებულებაშია და დროებით შეიძლებოდა მისი სამუშაო კაბინეტი დამეკავებინა.
კახა ასკურავას საგაზეთო კომენტარიც ცხადყოფს, რომ ამ ხნის მანძილზე არც შენობაში და არც კაბინეტში არ შემოსულა.”