უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს რომ მოსამართლეებმა, რომლებსაც შემხებლობა ჰქონდათ გენერალ გიორგი კალანდაძის სისხლის სამართლის საქმესთან ჯეროვნად ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის მიმართ საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა.
2012წლის 9 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის მინისტრის შუამდგომლობა და ბრალდებულ გიორგი კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მიუხედავად ამისა, გიორგი კალანდაძე კვლავ რჩებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე.
2012 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა გ. შ.-მ და მოითხოვა ბრალდებულ გიორგი კალანდაძის თანამდებობიდან გადაყენება, რაც 2012 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მოსამართლე ლ. ო.(ლია ორკოდაშვილი.შენიშვნა გურია ნიუსის)-ს მიერ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი აქვს მოსამართლე ლ. ო(ლია ორკოდაშვილი).-ს მხრიდან „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, ანუ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლ.ო.-მ განჩინებით დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსი პროკურორის გ.შ.-ს შუამდგომლობა და განაცხადა, რომ „ბრალდებული გიორგი კალანდაძე, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებული იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობიდან.“ ამავე განჩინების მიხედვით, მოსამართლე ლ. ო.-ს გადაწყვეტილებით, მოცემული განჩინება შესასრულებლად უნდა გადასცემოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მითითებულ პირებსა და ორგანოებს.
მოსამართლემ არ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს უნდა აღესრულებინა სასამართლოს მიერ ბრალდებულ გიორგი კალანდაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა.
2012 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორმა გ. შ.-მ და მოითხოვა გიორგი კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.მოსამართლე ბ. შ(ბადრი შონია).-მ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, ხოლო ბრალდებულ გიორგი კალანდაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ნაწილობრივ და კალანდაძეს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით.
მოცემულ საქმეში არსებული გარემოებების შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ბ.შ.-ს(ბადრი შონია.შენიშვნა გურია ნიუსი)მხრიდან ადგილი ჰქონდა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევას, ანუ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 13 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ბ. შ.-მ განჩინებაში ზოგადად აღნიშნა, რომ ბრალდებული გიორგი კალანდაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გადაყენებულია საქართველოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ბრალდებულ გიორგი კალანდაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვრცლად იმსჯელა გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონობაზე და მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხებზე. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ბ. შ. 2012 წლის 13 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში შემოიფარგლა ზოგადი აღნიშვნით იმის თაობაზე, რომ გიორგი კალანდაძის ბრალდებულად ცნობისას, ასევე სხვა საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას, არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების დაშვების ფაქტი, რაც გამოიწვევდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმას, საქმის მასალებით არ დასტურდება.მოსამართლე ბ. შ.-ს აუცილებლად მკაფიოდ დადასაბუთებულად უნდა დაეფიქსირებინა სასამართლოს პოზიცია. მის მიერგაკეთებული ჩანაწერი კი არ ასახავს მკაფიოდ, რომელ დარღვევებზე იმსჯელა მოსამართლემ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს,, რომ მოცემული გარემოება ადასტურებს მოსამართლის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოსამართლეების – ლ.ო.-სა და ბ.შ.-ს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,ხოლო პროკურორის – გ. შ.-ს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ წინადადებით –საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
2007 წლის 8 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ N462 ბრძანებულების თანახმად,„გაერთიანებული შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორი გ.შ. არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის მიმართ, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად არ აღასრულებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამის განჩინებას.
ამ განჩინების საფუძველზე უნდა გამოცემულიყო უფლებამოსილი პირის, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის, შესაბამისი
განკარგულება, რომელიც აღასრულებდა გიორგი კალანდაძის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინებას. ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების გამოცემამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაკოლეგიის 2012 წლის 11 ნოემბრის განჩინება აღსრულებულად ვერ ჩაითვლებოდა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ, რომელიც იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება გააჩნდა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრს.