მინისტრის მოადგილემ ისაუბრა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდაზე, მათ შორის ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე, მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მმართველი რგოლების არჩევითობაზე. ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია მოსახლეობისა და თვითმმართველობის დაახლოება.
შერგელაშვილის თქმით, საზოგადოება ყოველთვის უნდა ადევნებდეს თვალყურს გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სწრაფადვე მისი გადარჩევის საშუალება.
ახალი სტრატეგიის გამო უკმაყოფილება გამოთქვა მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ გოროზიამ (ზაზა გოროზიას ძმა. ავტ) , რომელიც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს.
„იმის თქმა, რომ აქამდე თვითმმართველობა რეალურად არ ფუნქციონირებდა, არასწორია. გავიხსენოთ რამდენი დრო გვჭირდებოდა სვანეთში ასასვლელად. გაკეთდა გზები და ძალიან ბევრი რამ. რეფორმა, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, გამოიწვევს ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას“, – განაცხადა ზაალ გოროზიამ.
შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა არ დაეთანხმა გოროზიას. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დროებით შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განაცხადა,
სტრატეგია ჯერ კიდევ მუშავდება და გოროზიას მოუწოდა პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა და დისკუსიაში ჩაბმულიყო.
თვითმმართველობის განვითარების ახალი სტრატეგიის შესახებ აზრის გამოთქმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს დათო გოგუას ვთხოვეთ.
– თქვენ როგორ აფასებთ თვითმმართველობის განვითარების ახალ სტრატეგიას და რამდენად გაამართლებს?
_ მე დადებითად ვაფასებ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი. რეალური თვითმმართველობები უნდა შეიქმნას და არა ნოტარიუსები. ეს თემა უფრო მეტი მსჯელობის საგანი უნდა იყოს.
_ შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ თქვა, რომ გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის 2 წლის ვადით არჩევა არაა მიზანშეწონილი, სტრატეგიით უკვე გათვალისწინებული 2 წელი თუ ჯერ კიდევ განხილვის საკითხია?
_ 2 წელი ამ ეტაპზე განხილვას არ ექვემდებარება, მაგრამ მომავალში შეიძლება გადაიხედოს.
საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტთან ერთად 2013 წელს განახორციელებს ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს. 2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი.