კანონპროექტი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ ითვალისწინებს იმ კატეგორიის ფიზიკურ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში. პროექტი ითვალისწინებს ასევე არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების გამოვლენისა და აღიარების მიზნით ასეთი შემოსავლის ლეგალიზების პირობებისა და წესის განსაზღვრას და მისი დაფარვისათვის სისხლისსამრთლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების დადგენას. საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, რადგან მიიჩნიეს, რომ ის პრინციპულად არ განსხვავდება პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ პარლამენტში ინიცირებული კანონპოექტისგან, რომელსაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა არნიშნა, წარმოდგენილ კანონპროექტში ცალკეული პუნქტები გაუმჯობესებულია, თუმცა არსებობს ისეთი საკითხები, რომელთაც მხარს ვერ დაუჭერს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს მთავრობა მხარს არ უჭერს, თუმცა კანონპროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს და საკუთარ ხედვას პარლამენტს მოგვიანებით წარუდგენს.
კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების დადგენის უფლებამოსილება გარდა საქართლოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობას უვადოდ ენიჭება. საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დოკუმენტების: „1960 წლის 13 დეკემბრის “ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციის „საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე“ (შესწორებული 1970 წლის 6 ივლისის დანმატებითი ოქმით, 1978 წლის 21 ნოემბრის ოქმითა და 1981 წლის 12 თებერვლის ცვლილებების ოქმით); 1981 წლის 12 თებერვლის მრავალმხრივი შეთანხმების „მარშრუტზე მოძრაობის საფასურის შესახებ“; „1960 წლის 13 დეკემბრის “ევროკონტროლის“ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო კონვენციის შესაბამისობაში მოსაყვანად შეტანილი ცვლილებების ოქმის“ (1997 წლის 27 ივნისი); „1960 წლის 13 დეკემბრის გაფორმებულ სხვადასხვაგვარ შესწორებულ და 1997 წლის 27 ივნისის ოქმით კონსოლიდირებულ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე “ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციაში ევროგაერთიანების შესვლის ოქმის“ (2002 წლის 8 ოქტომბერი); „საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების; „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის და ,,საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების(სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი) რატიფიცირებას.