ერთი თვეა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დააწერინეს, თუმცა, არც ერთი მათგანის განცხადება ჯერ არ დაკმაყოფილებულა, გამონაკლისი მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე იყო.
რამდენიმე დღეა, გამგეობის მისაღებში ახალი შტატი დაუშვეს და ამ თანამდებობაზე იურისტი მარი ქერქაძე დანიშნეს, რომელიც შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებლის თედო ჭანუყვაძის მეუღლეა.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” “რესპუბლიკელი” და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა სუნგულია საუბრობს:
_ ოზურგეთის გამგეობაში მიიღეს ახალი თანამშრომელი მარი ქერქაძე. ეს არის ჩემთვის შოკისმომგვრელი _ დაამატო ახალი შტატი და დაიწყო “ნაციონალი“ რუპორების მიღება გამგეობაში. ეს ქალბატონი წინასაარჩევნოდ იყო ცესკოს წარმომადგენელი, ასევე იყო ტრენერი და როცა ჩვენს აქტივისტებს მცდარ მითითებს აძლევდა, ერთ აქტივისტს მოუხდა კიდეც მასთან შეხლა- შემოხლა. ამისთვის კიდეც უჩივლა. დადიოდა და შეგნებულად მცდარ ინსტრუქტაჟს აძლევდა ცესკოს მიერ დანიშნულ წარმომადგენლებს, თითქოს, ოქმებს არ სჭირდებოდა ბეჭედი. ეს ქალბატონი იყო “ნაცმოძრაობის“ ტრენერი, რომელიც სპეციალურად ატყუებდა ხალხს. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი დაინიშნოს ამ თანამდებობაზე? თუ ეს ახალი სამსახური შეიქმნა და დაამატეს შტატი, უფრო სწორი არ იქნება, ის დაინიშნოს, ვინც არ ატყუებდა მოსახლეობას? ქერქაძე, როგორც დასჭირდება, ისე გააკეთებს ყველაფერს, რადგან ტყუილებშია შემჩნეული. არ მესმის, რა ხდება! ამ ქალბატონს უშუალო კავშირი ჰქონდა ვიცე-გუბერნატორ პაატა მანჯგალაძესთან. არაფერს არ გამოვრიცხავ და, საერთოდ, მეჩვენება, რომ მანჯგალაძე გურიაში ნაციონალებისთვის, ჯერ კიდევ ერთ დიდ სიტყვას ამბობს! ფარულად, რუხი კარდინალივით მუშაობს. კიდევ ერთი _ წინასაარჩევნოდ გაყალბების მცდელობაში ღიად დაფიქსირებული შუქრი გაბრიჩიძე, როგორც თქვენთან აღნიშნა ახლად შექმნილი სამსახურის უფროსმა ვლადიმერ სალუქვაძემ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამსახურის განყოფილების უფროსად ინიშნება. გამაგებინეთ, რა ხდება?!
“გურია ნიუსთან” იურიდიული სამსახურის ახლად დანიშნული სპეციალისტი ოზურგეთის გამგეობის მოქალაქეთა მისაღებში, მარი ქერქაძე ასეთ კომენტარს აკეთებს.
_ დავინიშნე 2 აპრილს, გამგებლის ბრძანების საფუძველზე _ იგი უშუალოდ თვითონ დამიკავშირდა. ქალბატონმა მარინა სუნგულიამ ჰკითხოს “ქართულ ოცნებასაც“ და ეტყვიან, რომ არანაირი კავშირი არ მქონია “ნაციონალურ მოძრაობასთან.“ მე ვიყავი, უბრალოდ, ცესკოს წარმომადგენელი, კონკურსში გამარჯვებული. გამოცდაზე დავაგროვე ძალიან მაღალი ქულები და ვიყავი ტრენერი. არანაირ მცდარ მითითებებს არ ვაძლევდი არავის.
_ გაქვთ თუ არა რაიმე კავშირი პაატა მანჯგალაძესთან?
_ არანაირი. უბრალოდ, არჩევნების დროს, ტრენინგებს გვიტარებდა ქობულეთში და არჩევნების შემდეგ, მე მასთან რა კავშირი უნდა მქონოდა?
ვიცე გუბერნატორი პაატა მანჯგალაძე: “ქალბატონ მარინა სუნგულიას განცხადებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არასერიოზულად მიმაჩნია მსგავსი ტიპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ პატივს ვცემ მედიას, ასევე, დავაკმაყოფილებ საზოგადოების ინტერესს და გიპასუხებთ _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მე ვასრულებდი გურიაში საარჩევნო ტრენერის ფუნქციებს, ასევე ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი. სწორედ ამ დროს გავიცანი მარი ქერქაძე, რომელიც კონკურსის გზით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, უკვე არჩეული იყო ოზურგეთის ტრენერად. ახლა რაც შეეხება ქ-ნი სუნგულიას განცხადების მიზანს _ ჩემი აზრით, მის მიერ გავრცელებული ცილისწამება ნაკარნახევია მისი ქვენაინტერესებით და მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ამა თუ იმ თანამდებობაზე პროფესიონალი კადრების დანიშვნის პროცესს. საწყენია, რომ მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი ჩართულია ამ ცილისმწამებლურ კამპანიაში და ის ვერ გაცდა ოპონენტებთან სიძულვილის ენით საუბრის ფარგლებს. ამასთან, იგი მის სამსახურეობრივ სტატუსს იყენებს ამა თუ იმ პიროვნების მიმართ მისი პირადი წყენით და სხვა პირადი ინტერესებით გამოწვეული ანგარიშსწორებისთვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე: “ქალბატონ მარინე სუნგულიას მინდა მივმართო _ მერი ქერქაძე არის პროფესიონალი იურისტი, მას აქვს გამოცდილება, ის წლების მანძილზე მუშაობდა გურიის საგადასახადო ინსპექციაში იურიდიულ განყოფილებაში.”