მისი თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაგზავნილი 86 პროექტიდან დაფინანსდა 19. ქალაქ ლანჩხუთში _ თამარ მეფის, ჩხაიძის, ბარათაშვილის, ნინოშვილის, კვირკველიას, საფო მგელაძის ( სარკინიგზო გადასასვლელიდან სტადიონამდე) ქუჩების რეაბილიტაცია; ჯურუყვეთში _ ბაღლეფში ხიდის მოწყობა; ეწერში, ლესაში, შუხუთში, ნიგოითსა და მაჩხვარეთში _ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; გვიმბალაურში, აცანასა და მამათში _ წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაცია; ჩიბათში და ქვემო ჩიბათში _ მდინარე გომახურზე ყორე ქვის ნაპირსამაგრი მოწყობა; სუფსაში _ ცენტრის რეაბილიტაცია; მაჩხვარეთში _ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წმ. გიორგის ქუჩაზე; ნინოშვილსა და ჩოჩხათში (სოფ. ხორეთში) _ წყალმომარაგების სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
სულ გამოიყო 2 316 776 ლარი. გარდა ამისა, მიმდინარეობს სოფლის კრებები, რომელზედაც მოსახლეობის ჩართულობით გადაწყდება, თუ რა უნდა გაკეთდეს სოფლის განვითარების პროგრამით.
გიგინეიშვილის თქმით, “ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება რჩება ლანჩხუთსა და ოზურგეთში. მუნიციპალიტეტების საზღვარზე , სოფელ კონჭკათში 1979 წელს ნავთობსაძიებო სამუშაოების წარმოებისას #2 ჭაბურღილზე აღმოჩენილ იქნა წყლის მნიშვნელოვანი შემონადენი. 1981 წ. მოხდა ჭაბურღილის ლიკვიდაცია და გადაეცა თერმული წყლების ბურღვისა და ძიების სამმართველოს. დღეს კი შესაძლებელია ჭაბურღილის გახსნა და მისი ექსპლუატაცია, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმართა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას, რათა განიხილონ ეს საკითხი.”