საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის N45 დადგენილებით განისაზღვრა დახმარების მიმღებ პირთა წრე, ასევე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს თითოეული დაზარალებული პირის განცხადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის თაობაზე.
დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვთ პროფესიული დაავადება დამსაქმებლის ბრალეულობით.
როგორც მამუკა მაჭავარიანი აცხადებს, ეს კატეგორიაც იშლება შემდეგ და მასში შედიან ის პირებიც, რომლებზეც კანონიერ ძალაშია შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, და დადგენილია გასაცემი თანხის ოდენობა. შედიან ასევე პირები, რომლებიც 2007-2008 წლებში იღებდნენ ერთჯერად კომპენსაციას ან დავალიანების დაფარვას.
_ ამ ადამიანებს 2007 წლის დასაწყისიდან შეუწყდათ დახმარება, რა გახდა ამის საფუძველი?
_ პრეზიდენტის 48- ე ბრძანებულება არსებობდა, რომელიც საერთოდ არეგულირებდა დასახიჩრებულთათვის პენსიის დანიშვნას, ადმინისტრირებას და მთლიან პროცედურას. შემდგომში, პრეზიდენტის 2007 წლის N93 ბრძანებულებით, გაუქმდა ეს N48 ბრძანებულება და დაევალა მთავრობას შეემუშავებინა შესაბამისი ნორმატიული აქტი. 2007 წლის მარტის თვეში, მთავრობამ N53 დადგენილების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება და ეს ვალდებულებები გადასცა მთლიანად დამსაქმებელს და საკუთარ თავზე აიღო მხოლოდ 6 თვის კომპენსაციისა და არსებული დავალიანებების დაფარვის ვალდებულება. ამით შემოიფარგლა. დანარჩენი ვალდებულებები დამსაქმებელს ეკისრებოდა.
_ დაკისრებულში რას გულისხმობთ, ეს იყო მკაცრად გაწერილი ვალდებულება თუ დამოკიდებული იყო დამსაქმებლის კეთილ ნებაზე?
_ 2007 წლის N53 დადგენილებაში ჩანაწერი იყო, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შემდგარი გარიგების შემთხვევაში, შეიძლებოდა ეს ერთჯერადი კომპენსაცია ყოფილიყო ან იგივე ყოველთვიური გასაცემელი. აქ უკვე დაზარალებულსა და დამსაქმებელს შორის ხდებოდა შეთანხმება. სამოქალაქო კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ეს არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოლაპარაკების საგანი.
_ ახლა, ამ ვალდებულებას მთლიანად სახელმწიფო იღებს?
_ 2013 წლის N45 დადგენილება განსაზღვრავს პირთა წრეს. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება იმ დაწესებულებებზე, რომლებზეც ხდებოდა გაცემა და აქ ძირითადად საუბარია ტყიბულნახშირში მომუშავე პირებზე და მათზე, რომლებზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და 2007 წლის 1 იანვრამდე აქვთ დადგენილი შესაბამისი სტატუსი. ასევე, ისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებიც იყვნენ დავალიანების დაფარვის და კომპენსაციის მიმღებთა სიაში. სულ 147 ბენეფიციალია, მათ შორის ვალდებულება აღებული იყო “ჟინვალჰესის”, ბათუმის ავტოქარხნის და კიდევ რამდენიმე ასეთ ობიექტში მომუშავე პირებზე.
ეს ის კატოგორიაა, რომლებიც დავალიანებას იღებდნენ 2007 წლის 1 იანვრამდე და დაემატა ასევე ჭიათურმანგანუმის იმ პირთა წრე, რომლებიც ამავე პერიოდამდე იყვნენ დაზარალებულები.