საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ქალბატონი მანანა კობახიძე ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც აცხადებს, რომ მ. ჩინჩალაძეს და ლ. მურუსიძეს სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდათ მანამდე, სანამ გახდებოდნენ მოსამართლეები. ორივე მათგანი დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს აპარატში და შემდეგ უკვე ლ. მურუსიძემ 11 თვე, ხოლო მ . ჩინჩალაძემ დაახლოებით 3 წელი იმსახურეს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, რის შემდეგაც უკვე ჯერ ლ. მურუსიძე, შემდეგ კი მ. ჩინჩალაძე შეუდგნენ მოსამართლედ მუშაობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, თუნდაც მათ საერთოდ არ ემსახურათ სასამართლოში მანამდე, იმ შემთხვევაშიც რატომ კეთდება აპელირება ე. წ. “პროკურატურიდან მისულ კადრებზე”. სასამართლო სისტემას და პროკურატურას შორის კადრების გადანაცვლების პროცესი სრულიად ბუნებრივი პროცესია არამარტო საქართველოსთვის, არამედ წამყვანი დასავლური ქვეყნებისთვის (მაგ. ა.შ.შ.-ში, გერმანიაში და ა.შ.). საკმაოდ ხშირია, როდესაც პროკურორი ხდება მოსამართლე ან პირიქით მოსამართლე გადადის პროკურატურის სისტემაში და ეს ჩვეულებრივ დამკვიდრებული პრაქტიკაა.
უზენაესი სასამართლო ასევე სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებას, რომ თითქოს სასამართლო პროცესზე მ. ჩინჩალაძემ ისარგებლა დუმილის უფლებით, რაც არის მცდარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაცია. ამგვარ ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. უფრო მეტიც, ეს წარმოადგენს მოსამართლის და შესაბამისად პიროვნების პროფესიული ღირსების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რაც დასანანია ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად, როდესაც ასეთი განცხადების ავტორად გვევლინება მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ავრცელებს სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალბატონ ვიცე-სპიკერს, გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, რომ ამგვარი რამ მოხდა, ვთხოვთ დაასახელოს კონკრეტული საქმე, მისი განხილვის თარიღი და სასამართლო, სადაც ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასეთს, ცხადია იგი ვერ დაასახელებს თუნდაც ელემენტარულად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროკურატურაში მუშაობისას, მაღალი რანგობრივი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, მ. ჩინჩალაძეს არ უწევდა სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლო პროცესებზე გამოსვლა,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა.