ჩვენ აქციის ორგანიზატორს ანი წითლიძეს დავუკავშირდით.
_ ჩვენს სააგენტოს აქციის დამთავრებისთანავე ერთ-ერთმა დამსწრემ დაურეკა და უთხრა, რომ აქციაზე ცოტა ხალხი იყო და სავსე დარბაზის ეფექტი რომ შეექმნათ, ტელევიზიებისთვის ტაშის ფონოგრამა ჰქონდათ ჩაწერილი. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე?
_ თქვენ კითხვას თქვენვე პასუხობთ ნიუსში, სადაც მითითებულ გაქვთ, რომ ეს “ქართული ოცნების” წევრის კომენტარია. მე უფრო დიდი პრეტენზია სააგენტოსთან მაქვს, თქვენ უნდა გყოფნიდეთ იმის პროფესიონალიზმი, რომ ინფორმაცია გადაამოწმოთ. მე გუშინ მირეკავდნენ ანაკლიელები ძალიან გაბრაზებული და ნაწყენები ამ ნიუსით. მე ანაკლიელების სახელით ბოდიშის მოხდას მოვითხოვ სააგენტოსგან, “ჩაწერილი ფონოგრამის ტაშზე” რაც შეეხება კომენტარის ავტორს: რაც თქვა, მაგაზე მეტი რა დავუმატო _ ერთი გაბოროტებული ადამიანია, რომელიც ისეა ბოღმით დამხრჩვალი, ანაკლიის გაჩერებაც კი უხარია. ათმაგად ვწუხვარ, რომ ზუგდიდელია.
_ სააგენტოს თავისი აზრი არ დაუფიქსირებია, თან სათაურს კითხვის ნიშნი აქვს. სწორედ იმიტომ აქვს ნიუსს გაკეთებული მინაწერი, რომ ჩვენ გვაინტერესებს თქვენ აზრი და კომენტარი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. საზოგადოების ერთი ნაწილი და ეს სოციალურ ქსელებშიც არის გავრცელებული იმ დღიდან, რაც აქცია: “არ გააჩერო ანაკლია” დაანონსდა, წერდა, რომ 13 აპრილი არის 19 აპრილის გენერალური რეპეტიცია. რას იტყვით ამაზე?
_ ვერანაირად ვერ დავაკავშირებ და ცოტა მეცინება კიდეც. ვწუხვარ, რომ უფრო დიდი აზროვნებით ვერ უყურებენ ანაკლიას და მხოლოდ პარტიული ჩარჩოებით საზღვრავენ. რატომღაც “ოცნების” აქტივისტებს დიდი პანიკა ჰქონდათ 13 აპრილს და ასე ძალიან რისი ეშინოდათ, არ ვიცი. ეს არ იყო არავის წინააღმდეგ მიმართული აქცია, ამ აქციის მთავარი მესიჯი იყო _ “არ გააჩერო ანაკლია!”
_ როგორ ჩაიარა დღემ და რამდენად კმაყოფილი ხართ?
_ კმაყოფილი ვარ იმ ანაკლიელებით, იმ ზუგდიდელებით და კიდევ ძალიან ბევრი სტუმრით, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ, რომ მხარი დაეჭირა ანაკლიისთვის. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ ღონისძიებამ უკვე მისცა ბიძგი და სტიმული სხვებს, უფრო მეტი გააგრძელონ ანაკლიისთვის და გააკეთონ, ვიღაცეების ჯინაზე მაინც. მინდა კონცერტში მონაწილე ყველა მომღერალს დიდი მადლობა გადავუხადო. არასოდეს დამავიწყდება მათი პოზიცია, როდესაც ჯერ კიდევ ვგეგმავდით ამ კონცერტს. მე არ დამჭირდა ზედმეტი დარწმუნება მათი, რომ ანაკლია არ უნდა გაჩერებულიყო. ისინი ჰონორარის გარეშე ჩამოვიდნენ ჩვენთან და ბოლომდე დაიხარჯნენ. მე ვხედავდი მათ სახეებს და ემოციებს, როდესაც ხედავდნენ გაჩერებული ანაკლიის პროექტებს და მე მჯერა, რომ სანამ ასეთი შეგნების არტისტები გვყავს საქართველოში, არაფერი გაჩერდება. დღეს ისინი არიან ჩემთვის გმირები “ინტელიგენციისგან” განსხვავებით.
_ აქციის ორგანიზატორებმა მოწვევა გაუგზავნეთ საქართველოს მთავრობას. რა გამოხმაურება მოჰყვა ამას?
_ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოგვიცხადა ოფიციალური მხარდაჭერა, თვითონ პრეზიდენტი იყო პოლონეთში და ამიტომ ვერ დაესწრო აქციას, ჩვენ მოწვევა გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც, მაგრამ მათგან არც პასუხი და არც გამოხმაურება არ ყოფილა.
_ ანი, თქვენ აქციამდე რამდენჯერმე მიმართეთ პოლიციას და მოსთხოვეთ, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი. რამდენად გაართვა თავი პოლიციამ დაკისრებულ მოვალეობას?
_ მე მადლობაც გადავუხადე მათ საჯაროდ. მთელი დღის განმავლობაში არ მოგვშორებიან და იცავდნენ წესრიგს, გულშემატკივრობდნენ ანაკლიას. ყველა იქ მდგარი პოლიციელი ზუგდიდელია და მათ ძალიან კარგად ესმით ანაკლიის განვითარების მნიშვნელობა. ამიტომაც მჯერა _ სულ რომ დავალება ჰქონდეთ, მაინც არ წავლენ ანაკლიის წინააღმდეგ. მე მადლობას ვუხდი მთელ პოლიციას იმ სახელმწიფოებრივი მიდგომისთვის, რაც 13 აპრილს გამოიჩინეს.
რედაქციისგან. ჩვენ, გუშინ, როგორც კი წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია აქცია-კონცერტის შესახებ, მაშინვე ვცადეთ ორგანიზატორებთან დაკავშირება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. რადგან სააგენტოს მუშაობისთვის მთავარი ოპერატიულობაა, გადავწყვიტეთ მასალის გამოქვეყნება, სათაურში გამოვიყენეთ კითხვის ნიშანი და გავაკეთეთ მინაწერი, რომ აუცილებლად გამოვაქვეყნებდით ორგანიზატორების კომენტარს, რომელიც ზემოთ შეგთავაზეთ.