თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე, სააკაშვილს იმუნიტეტი იცავს და მისი იძულების წესით დაკითხვა ვერ მოხდება.
“ძალიან ზოგადი ლოგიკით შესაძლებელია, რომ მოხდეს პრეზიდენტის დაკითხვაც. ეს არ არის თვითმიზანი, ეს არ კეთდება იმისთვის, რომ აუცილებლად დაიკითხოს პრეზიდენტი. სინამდვილე არის ის, რომ გამოძიების ფარგლებში დაიკითხება ყოფილი მინისტრი, დაბალი და მაღალი სამხედრო ჩინის პირები. ამ ფორმატში არ არის გამორიცხული პრეზიდენტის დაკითხვაც.”
მთავარი პროკურორის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დარღვევა იქნება, თუმცა, არ არსებობს რეგულაცია, რომელიც პრეზიდენტს ჩვენების მიცემას აიძულებს: “როდესაც პრეზიდენტი გამოძახებულია მოწმედ და ის არ ცხადდება ან უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, მაშინ ვერავითარი პროცედურა ვერ ჩატარდება, რადგან კონსტიტუციით, პრეზიდენტი ხელშეუვალია და არ შეიძლება მისი იძულებით მიყვანა დაკითხვაზე. ასეთ შემთხვევაში ყველა პროცედურა გაჩერდება მანამ, სანამ პრეზიდენტი იქნება თავის უფლებამოსილებაში. მართალია, სახეზე გვექნება დარღვევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის არ ცხადდება ჩვენების მისაცემად, მაგრამ რაიმე სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტობის პერიოდში კანონით რეაგირებისთვის გათვალისწინებული არ არის”
მთავარი პროკურორის თქმით, 2008 წლის ომის გამოძიება სპეციალურად შექმნილ ჯგუფს დაევალება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება გამომძიებლებისგან და პროკურორი უხელმძღვანელებს.
“ჩვენ არ ვახორციელებთ და არ გავახორციელებთ საზოგადოებრივ -პოლიტიკურ შეფასებას, არ შევეხებით ამა თუ იმ იმ სამხედრო ოპერაციის მიზანშეწონილობის თემას, ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული და ვიწრო მოცემულობა _ დავადგინოთ, კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა თუ არა ომის დანაშაულს და თუ ჰქონდა, ვინ ჩაიდინა ის განურჩევლად ეროვნებისა.”
2008 წლის ომის საქმეზე დასაკითხ მოწმეთა ვინაობას მთავარი პროკურორი არ აკონკრეტებს, ის ამბობს, რომ “წინასწარ არ არის ამის განსაზღვრულობა, მაგრამ მას შემდეგ რაც საგამოძიებო გეგმა ჩამოყალიბდება, განისაზღვრება საგამოძიებო მოქმედებები და თემასთან შემხებლობაში მყოფი პირების სია.”