როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორი იყო, გააკეთა განცხადება აღნიშნული სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ და ეს ინფორმაცია სრულიად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
“ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მისი ოჯახის წევრები, ახლობლები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს აბსოლუტურად გაუაზრებლად ხარჯავდნენ, მაგრამ თუ ამას ასეთი მასშტაბები ჰქონდა, ყველასთვის წარმოუდგენელი იყო”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაიხსენა, როდესაც ირინე იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტი წარმოადგინა, უმცირესობის მხრიდან ატყდა ალიაქოთი, თითქოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სამსახურის გარეშე რჩებოდა, რაც მისი თქმით, თითიდან გამოწურული თემა იყო. ამიტომ, კანონპროექტის ავტორმა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს მიმართა თხოვნით, რომ წარმოედგინათ საჭირო ხარჯები, რაც ბიუჯეტის ფორმირებისას უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. პასუხი იყო მიღებული, რომ ეს არის დაცული მუხლი, ადევს გრიფი “საიდუმლო” და ამ ციფრებს პარლამენტს ვერ მოაწვდიდნენ. ამის შემდეგ თხოვნა პროკურატურას გაეგზავნა და დღეს დილით ირინე იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტები მიიღო.
დავით საგანელიძის ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ სწორედ დაცულ მუხლებში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხს _ პრეზიდენტის და სახელმწიფოს პირველი პირების დაცვის საკითხს ეხება, დევს ის ხარჯები, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ და არამიზნობრივად იხარჯებოდა.
ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საკმაოდ მაღალი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან წლების განმავლობაში სრულიად არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები და ისინი მიმართული იყო საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრების ყოფილი და ახლანდელი თანმდებობის პირების, მათ შორის ქალაქ თბილის მერის, არაერთი გუბერნატორის, ასევე ყოფილი და ახლანდელი პარლამენტარების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე.
ირინე იმერლიშვილის თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ეს თანხები გაწერილი იყო გრიფით “საიდუმლო”, მან ჟურნალისტებს რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც გააცნო.
წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ კობა ხაბაზის, ალანა გაგლოევას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, საპარლამენტო ოპოზიციის წევრების გოგა ხაჩიძის, დავით საყვარელიძის, მარიამ საჯაიას, გიორგი ღვინიაშვილის, ნუგზარ წიკლაურის, სერგო რატიანის, დავით დარჩიაშვილის გართობაზე დუბაიში, სადაც პრეზიდენტთან ერთად შეხვდენენ 2013 წელს, 240 ათასი ლარი დაიხარჯა. საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან საკამოდ ძვირადღირებული ოქროს ნაკეთობები აქვს შეძენილი ივანა მელაისა და რუს ჟურნალისტ სოკოლოვასთვის. იმავე სამსახურის ბიუჯეტიდან, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, პრეზიდენტმა და თბილისის მერმა საკმაოდ ძვირადღირებულ ავსტრიულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში 115 ათასი ლარი დახარჯეს. ეს ყველაფერი დადასტურებულია დოკუმენტურად და კიდევ მრავალი ასეთი ფაქტია მოყვანილი პარლამენტში წარმოდგენილ დოკუმენტებში.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების აზრით, ვინაიდან ამ დოკუმენტებში საკმაოდ მრავლად ფიგურირებენ პარლამენტის ახლანდელი თუ ყოფილი წევრები, უპრიანი ხომ არ იქნება, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა ფაქტს სააშკარაოზე გამოიტანს. როგორც ითქვა, ამის თაობაზე კონსულტაციები გაიმართება პროკურატურასთანაც.
დავით საგანელიძის განცხადებით: “როდესაც ეცნობი ამ დოკუმენტებს, ფიქრობ, რომ ერთია ზნეობა და მორალი, მეორეა კანონის აღსრულება”.
მისი თქმით, პასუხი უნდა გაეცეს მრავალ კითხვას, მათ შორის იმას, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი ხარჯები არამიზნობრივად დახარჯულიყო და რამდენად ამოწმებდა ამ ხარჯებს კონტროლის პალატა, რომელსაც ამჟამინდელი პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი რამდენიმე წელიწადი ედგა სათავეში.
როგორც ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს გადაეცა გასაცნობად. ბრიფინგის შემდეგ დოკუმენტები ჟურნალისტებსაც გადაეცათ.