პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერებს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას, საბოლოო გადაწყვეტილება მან სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე აღნიშნული ვადის არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გაგრძელების უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ენიჭება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება ძალას კარგავს ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე მეორე მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი აზუსტებს და სრულყოფს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: ალბათობის მაღალი ხარისხი, განმეორებით ბრალის წარდგენის აკრძალვა ერთი და იმავე ქმედებისათვის, შეჯიბრობითობის პრინციპი, ადვოკატის უფლებები, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა და სხვა.
ცვლილებების მიხედვით, სასამართლო პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის დაჯარიმების მაქსიმალური ზღვარი 5000 ლარიდან 500 ლარამდე ჩამოდის. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ პროექტის საწყის ვერსიაში ცვლილებები შევიდა. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კანონიდან აღარ მოხდება 84-ე მუხლის ამოღება, რომელიც დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლებებს შეეხება, თუმცა თავად მუხლში ცვლილება შევა.
დეპუტატებმა მესამე მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი “პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. პროექტის თანახმად, ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე. ადმინისტრაცია ვალდებული იქნება მიიღოს ზომები ამ პირთა ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზეც გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.