სამინისტროში შემოდის უამრავი ინფორმაცია ბრაკონიერების მიერ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობისა და სხვა სახის დარღვევების თაობაზე. ასევე ხშირია მომართვები აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტებთან და ნადირობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით.
ამ საკითხების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირედი განმარტების მოწოდება:
გარემოს დაცვის ინსპექცია 2011 წელს მმართველობის სფეროში გადაეცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ლიკვიდირებული იქნა გადაცემიდან ორი თვის ვადაში. ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შეზღუდული უფლებამოსილებით, კერძოდ, სამინისტროს სისტემაში მუშაობს მხოლოდ 9 ინსპექტორი და მათ გააჩნიათ მხოლოდ საწარმოების შემოწმების უფლება.
გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, 2013 წლის 14 მაისიდან, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი – სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ერთიანი სამსახური. მის შემადგენლობაში იქნება რეგიონული სამსახურები – 7 ტერიტორიული ორგანო და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები იმუშავებენ სამი ძირითადი მიმართულებით:
– საწარმოების ინსპექტირება;
– ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულების შემოწმება;
– ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის აღკვეთა.
ჩვენი უმთავრესი მიზანია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების პრევენცია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნასთან ერთად იგეგმება კონტროლის მექანიზმების გაძლიერება. ამოქმედდება „ცხელი ხაზი”, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს დაუბრკოლებლად და ოპერატიულად მიაწოდონ მაკონტროლებელ სამსახურს ინფორმაცია პრობლემურ საკითხებზე. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე გამკაცრდება სანქციები, მოხდება დროული რეაგირება და შეიქმნება სამართალდარღვევათა შემაკავებელი სისტემა.