როგორც ოჯახის დიასახლისი მაყვალა მჭედლიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ოჯახი უკვე სამი წელია, სოციალური დახმარების მოლოდინშია, მაგრამ მის ოჯახს დახმარება დღემდე არ დაუნიშნეს.
ცინცაძეების ქონება ასე გამოიყურება: ეზოს სიღრმეში ოროთახიანი ფიცრული დგას. ოჯახის ავეჯს 4 საწოლი, ორი ჭურჭლის კარადა, ძველი ტანსაცმლის გარდერობი და შეშის ღუმელი წარმოადგენს. ცინცაძეები, უსახსრობის გამო, ბავშვს საბავშვო ბაღშიც კი ვერ დაჰყავთ. რატომ არ უნდა დაენიშნოს აღნიშნულ ოჯახს სოციალური დახმარება, გაუგებარია. თუმცა, არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ მსგავსი შეჭირვებული ოჯახები საქართველოში არა ერთია, რომელსაც დახმარება არ აქვს.
მაყვალა მჭედლიშვილი: “მყავს ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი. ერთი 4 თვისაა, მეორე _ ორწლინახევრის. პატარა ხელოვნურ კვებაზე გვყავს და ყველა მესამე დღეს მის საკვებში თითქმის 10 ლარს ვიხდით. უფროსი ბაღის ასაკისაა, მაგრამ უსახსრობის გამო ბაღში ვერ მიგვყავს. სამი წელიწადია ვერ ვეღირსე სოციალური დახმარების დანიშვნას. შვილი უმუშევარი მყავს, რძალმა ოთხი თვეა, რაც სკოლაში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და ხელფასს 80 ლარს იღებს. მაქვს მხოლოდ პენსია _ 110 ლარი. ახლა კიდევ 15 ლარი დაემატა და ესაა ჩვენი ოჯახის შემოსავალი. ძალიან გვიჭირს. ხომ ვერ მოვკლავთ? ჩვენც ბევრი გჭირდება _ მე თვითონაც ავადმყოფი ვარ, ასთმა მაწუხებს. სოციალურ სამსახურს სამი წელია ვთხოვ, მითხრან, რატომ მომდის მაღალი ქულები. აგენტი როცა მოვიდა, მაშინ ჩემი შვილიშვილი ახალდაბადებული იყო. მეკითხებოდა, ვინ რა აჩუქაო. საჩუქრებიც კი ჩაიწერა. სოციალურ სამსახურში რომ ვიკითხე, მითხრეს, იქ რას წერენ, ჩვენც არ ვიცითო. რა ნახეს აქ ასეთი, ვერ ვხვდები. არც საქონელი და შინაური ფრინველი არ მყავს. პირველად როცა აღწერეს, 10 ქათამი მყავდა, მეტი არაფერი, ახლა მხოლოდ ორი მყავს. ჩემთვის არავის არაფერი წაურთმევია, მაგრამ ისეთ ხალხს აქვს დახმარება, მანქანებიც აქვთ და შემოსავალიც. მე მხოლოდ პენსიით ვინახავ ოჯახს და ამის გამო თუ არ მეკუთვნის დახმარება, არ ვიცი! მხოლოდ პოლისი შემხვდა, გამგეობამ ერთჯერადი დახმარებით კი გაგვიწია, მაგრამ ეს რას მიშველის? მინდა სოციალური დამენიშნოს. ამჯერად ისევ მაქვს განაცხადი შეტანილი, 29 მარტს შევიტანე. მითხრეს ერთ თვეში მოვალთ და შეგამოწმებთო, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილია. შარშან ერთი თვით დამისაქმეს შვილი, ხელფასად 240 ლარი მისცეს და ეს იყო სულ. იმის გამო, თუ რატომ მისცეს ის თანხა, სამჯერ მიიყვანეს მილიციაში,” _ გვითხრა მაყვალა მჭედლიშვილმა.
სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით კუჭუხიძის თქმით, აღნიშნულმა ოჯახმა მართლაც მიმართა სოციალურ სამსახურს და უმოკლეს ვადაში კანონის შესაბამისად მოხდება ოჯახის შემოწმება, ასევე სარეიტინგო ქულის გადათვლა და მინიჭება.