ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ შეუქმნიათ ზუსტად ისეთი მოტოკულტივატორი, როგორიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ძიმითელმა ბახვა გოგუაძემ შექმნა.გამოგონების გახმაურებაც მოჰყვა, თუმცა, ბატონ ბახვას შემდეგ აღარ უაქტიურია და ქვეყანაში ახალი ტიპის უცხოური მოტოკულტივატორებიც გამოჩნდა.
_ ეს იყო 80-იან წლებში, როცა მეცნიერ-მუშაკად ვმუშაობდი ჩაისა და სუბტროპიკულ მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. გადავწყვიტე, შემექმნა მცირე მექანიზაციის საშუალება, ნიადაგის დამამუშავებელი მოტოკულტივატორი და გამომივიდა, _ გვიამბობს ბატონი ბახვა, _ 1980 წელს სახელმწიფო გამოცდაზე გავედი აზერბაიჯანში, მეორე გამოცდა კი მოსკოვში, დიდ საბჭოზე გავიარე. იქ დამიმტკიცეს. ყველა დოკუმენტი მაქვს. აუცილებლად განვაახლებ მუშაობას.
მისივე ნაამბობით, ასეთი გამოგონება ბევრია და მოდიფიკაციაც არა ერთი, თუმცა ეს მოტოკულტივატორი განსხვავდება იმით, რომ ეკოლოგიას არ არღვევს და მასში ჩართულია პასიური მუშა ორგანო _ ისრისებური თათი _კუთხისა და სიმაღლის რეგულირებით. ასეთი კულტივატორით მიწა არ იტკეპნება, არ ჭაობდება. ერთი სიტყვით, არ აქვს ის ნაკლი, რაც უცხოურ მოდელებს გააჩნია.
საავტორო უფლების მქონე ბახვა გოგუაძე აპირებს, განაახლოს პროექტი და წარმატებას მიაღწიოს. იგივეს ვუსურვებთ ჩვენც ამ ნიჭიერ, პატრიოტ და უსაზღვროდ მშრომელ კაცს.