იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დაესწრნენ.
კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც გენდერული ბალანსი შენარჩუნებულია: “სიამაყით უნდა ვთქვა, რომ სასამართლოა ხელისუფლების ის შტო, სადაც ქალები 50%-ზე მეტს შეადგენენ. 2005 წელს გახორციელებული სასამართლო რეფორმის შედეგად დანიშნული 177 მოსამართლიდან 85 ქალია. უზენაეს სასამართლოში დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ სამი ქალი მოსამართლეა. ვისურვებდი მათი რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას”.
კუბლაშვილის თქმით, “ქალი მოსამართლეები ხელმძღვანელ თანამდებობებზეც მუშაობენ, თუმცა, სასურველია თუ სასამართლოებს უფრო მეტი ქალი თავმჯდომარე ეყოლება.”
იუსტიციის მინსტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქალების ჩართულობა საკმაოდ მაღალია ადვოკატთა და მოსამართლეთა კორპუსში, რითაც პროკურატურა ვერ დაიკვეხნის: “საამაყოდ არ არის საქმე პროკურატურაში, სადაც საბჭოური ტრადიციები გრძელდება და მიღებულია, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე აუცილებლად კუნთმაგარი მამაკაცი უნდა მუშაობდეს. ვამაყობ, რომ თბილისის პროკურატურას ხელმძღვანელობს ქალი, რომელიც არც პროფესიონალიზმით და არც შრომისმოყვარეობით არ ჩამოუვარდება მამაკაცებს.”
იუსტიციის მინისტრის თქმით მისთვის, როგორც ქალისთვის და როგორც მინისტრისთვის, ძალიან რთულია პასუხისმგებლობის აღება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება: “იმაზე რთულია, ვიდრე ეს რომელიმე მამაკაცს დაესიზმრება,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა კოტე კუბლაშვილს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მეტი ქალის დანიშვნა ურჩია და დასძინა, რომ დღევანდელ სასამართლოში გადაწყვეტილებებს ქალები არ იღებენ: “ვისურვებდი, რომ უზენაეს სასამართლოში უფრო მეტ ქალ მოსამართლეს ემუშავა და სწორედ მათ ემსჯელათ ქვედა ინსტანციებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ქალებს არ აწყენდათ ძირითადად დასაშვებობის საკითხებზე ემსჯელათ და უფრო მეტი დრო დაეთმოთ შვილებისა და ოჯახებისთვის,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.