ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. სრულად განადგურდა სახლის მეორე სართული და პირველი სართულის მხოლოდ ბეტონის კედლები გადარჩა. ხანძრის სწრაფად გავრცელების გამო ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა. სახლი საცხოვრებლად უვარგისია. ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია.
ადგილზე მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. როგორც დაზარალებული და მეზობლების ნაწილი ამბობს, სახანძრო სამსახური ადგილზე დაგვიანებით მივიდა. თუმცა პიროვნება, ვინც სახანძრო სამსახურს დაუკავშირდა ამბობს, რომ მისი განხორციელებული ზარიდან სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე 35 წუთში მივიდა.
“უფრო ადრე მოსვლა შეუძლებელი იყო,” _ ამბობს დაზარალებულის მეზობელი, ლევან ტიკარაძე.
დაზარალებული ბრალს სახანძრო-სამაშველო სამსახურს დებს, ხოლო როგორც სამსახურის უფროსი, კახა ჯინჭარაძე ამბობს, სოფელი ჩოჩხათი ქალაქიდან 28 კილომეტრში მდებარეობს, ასევე სწრაფად მისვლაში ხელს გზის უვარგისობა უშლიდა. მათი მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა, განხორციელებული ზარიდან ერთ წუთში ჩვენ გამოძახების ადგილისკენ წავედით, ამბობს კახა ჯინჭარაძე.
“გურია ნიუსი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო ზაზა, რა დახმარებას გაუწევს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს?
_ ჩვენი მხრიდან, დაზარალებულ ოჯახს გაეწევა დახმარება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჩვენ მათ დავუქირავებთ საცხოვრებელ ფართს, რომლის ქირის გადახდასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. ასევე ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება,_ გვითხრა ურუშაძემ.