“ამ კანონპროექტს არ აქვს არანაირი დატვირთვა, გარდა ერთისა,რომ ადამიანები გადავარჩინოთ ციხეს და პასუხისგება შეიძლება შემოიფარგლოს ჯარიმით. ჩვენი ტერიტორიები, რომელიც ოკუპირებულია, ისევ დაცული იქნება სპეციალური პროცედურებით. იქ შესვლა ყველას არ შეეძლება.ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს საკითხი გადავიდეს პოლიტიკურ დემაგოგიაში და ფსევდო პატრიოტიზმში, მარცხითვის არის განწირული. მარტივად ვამბობ ,არ იცვლება დასჯადობა, იცვლება მხოლოდ ის, რომ ერთდონიანი პასუხისმგებლობის ნაცვლად შემოგვაქვს ორდონიანი პასუხისმგებლობა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სწორია,“_განაცხადა ეკა ბესელიამ
პარლამენტში წარდგენილი “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე” კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, დაპატიმრების ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. ანუ სუბიექტის მიერ პირველად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციულით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში დადგება, თუ ეს ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში, კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება, ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.