დღეს, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მთავრობამ კანონპროექტი დაამტკიცა და დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტის ფუნქცია კულტურის სამინისტროს დაუბრუნა.
ჟურნალისტებთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა განაცხადა:
“კანონპროექტი გულისხმობს იმ უფლებამოსილების აღდგენას, რომელიც 2008 წლის სამთავრობო გადაწყვეტილებით, წართმეული ჰქონდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. იგი გულისხმობდა უფლებამოსილებას კულტურული მართვის სფეროში თბილისის ტერიტორიაზე.
დღეს, ჩვენ ეს უფლება აღვიდგინეთ, რადგან, საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის მართვა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციაა… გაუმართლებელი იყო თბილისის ზონაში ამ გამონაკლისის დაშვება. შემუშავების პროცესშია თვითმმართველების ორგანოებზე კულტურული მემკვიდრეობის მართვის დელეგირების კონცეფცია, რომელსაც უახლოეს მომავალში მივაწვდით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც საქართველოს დეცენტრალიზაციის პროგრამაზე მუშაობს.
მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც თავიდან აგვარიდებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, დედაქალაქში დამცავი ზონების დამახინჯებას და ყოველგვარ გაუმართლებელ მშენებლობას.”
მინისტრის მოადგილემ, “ძველ თბილისში” თბილისის მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოები შეაფასა და განაცხადა, რომ ქალაქი საგრძნობლად დამახინჯდა.
“ნახეთ ციხის უბანი, კლდის უბანი. ჩვენი ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ნარიყალას ქვემოთ, თუ ახლა გაივლით, დარწმუნებული ვარ გული გაგისკდებათ. ნახავთ, დანგრეულ, ბულდოზერით გადათელილ სახლებს და ახალ მშენებარე ბეტონის ნაგებობებს, რომელსაც შემდეგ, ქართული ნახევრად გაჭრილი აგური დეკორივით უკეთდება. ანუ, ეს არის ახალი ძველი სახლები. სწორედ, ამ საშინელმა სენმა მოგვიცვა. ფაქტიურად, დავკარგეთ ძველი თბილისის უდიდესი ნაწილი. მოგეხსნებათ, რომ ძველი თბილისი თავისის ლანდშაფტით, ტერიტორიული მდებარეობით, არქიტექტურული სილამაზით, ნაგებობებით წარმოადგენდა სრულიად გამორჩეულ ფასეულობას. შეტანილი იყო “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ ნუსხაში, მაგრამ ეს ყველა შესაძლებლობა ამასობაში ხელიდან შემოგვეცალა, რადგან ქალაქი საგრძნობლად დამახინჯდა.”
“გურია ნიუსის” კითხვაზე, იგეგმება თუ არა რიყეზე არსებული “ღვინის მუზეუმის” დემონტაჟი, მიზანდარმა განაცხადა:
“ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ დგას. თუმცა, რიყეზე მშენებარე ნაგებობაზე არის ძალიან დიდი სჯა – ბაასი, ვფიქრობთ რა შეიძლება მოუხერხოთ.”