თეა წულუკიანისა და რობერტ მიულერის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დაესწრნენ.
შეხვედრაზე რობერტ მიულერმა და თეა წულუკიანმა ერთმანეთს გამოცდილება და ინფორმაცია გაუზიარეს და კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური სამსახური და საქართველოს საგამოძიებო ორგანოები თანამშრომლობას გააგრძელებენ. იმ ნაწილში კი, სადაც გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს, ამის შესახებ ერთად იფიქრებენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საგამოძიებო საქმე არის განსხვავებული საპროკურორო საქმისგან, და რომ სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის მთავარი მიზანი კარგი საგამოძიებო სტრუქტურების შექმნა უნდა იყოს. თუ საქართველოს არ ეყოლება კომპეტენტური, ძლიერი და მიუკერძოებელი გამომძიებლები, მხოლოდ პროკურორის ზედამხედველობით გამოძიების დონეზე დაშვებული შეცდომები ვერ გამოსწორდება. მთლიანობაში კი ამით დაზარალდება მართლმსაჯულება. მინისტრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო წინამორბედებისაგან მიღებული მემკვიდრეობიდან ინარჩუნებს და აუმჯობესებს იმას, რაც იყო კარგი და ცდილობს, გამოასწოროს ცუდი, ხოლო მთლიანობაში მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ მომდევნო მთავრობას უკეთესი მემკვიდრეობა ერგოს წილად და ამით გამყარდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, როგორც განგრძობადი მოცემულობა.
მთავარმა პროკურორმა მთავარი პროკურატურის არჩევნების შემდგომ საქმიანობაზე ისაუბრა და ის მექანიზმები მიმოიხილა, რომელთა მეშვეობითაც მთავარ პროკურატურაში წარსულის საქმეების გამოძიება ხდება, ისეთის, როგორიც, მაგალითად, ციხის სკანდალია, და გრძელდება ბრძოლა დანაშაულთან, მათ შორის, სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციის სფეროში. აღინიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილებისას ახალ მთავრობას მთავარ პროკურატურაში სულ 33 გამომძიებელი და 333 პროკურორი დახვდა, რის გამოც დადგა კადრების შევსებისა და გადახალისების საჭიროება.
რობერტ მიულერმა ყველაზე მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს თავისი საინტერესო გამოცდილება გაუზიარა და მათ წარმატებები უსურვა იმ რთულ საქმეში, რაც წარსულის ნაკლოვანებების გამოსწორებასა და, ამავე დროს, მომავალზე ფიქრს გულისხმობს.