“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ რეგიონებში მშობლების ნაწილს აცრაში თანხას ახდევინებენ, ნაწილს კი არა. საზოგადოება ვერ გაერკვა აცრა ფასიანია თუ არა. აცრაში თანხა უნდა გადაიხადონ? მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა:
“აცრები უფასო არის და აცრებში თანხა არ უნდა გადაიხადონ. თუ სადმე ამ თანხას თხოვენ, მითითებულია საინფორმაციოებშიც ცხელი ხაზის ნომრები და აქ უნდა დარეკონ. “
აცრასთან დაკავშირებით მინისტრის გაკეთებული განმარტების შემდეგ, “გურია ნიუსის” კითხვაზე განმარტება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
“საქართველოს ეროვნული კალენდრის მიხედვით ყველა აცრა უფასოა და მას “იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა” აფინანსებს,” _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, მედიცინის მუშაკები პასიურობენ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკ-ჯგუფია, რადგან წითელასთან პირველი კონტაქტი მათ აქვთ და უნდა აიცრან.
“როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნული კალენდრის მიხედვით ყველა აცრა გახლავთ უფასო და აფინანსებს “იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა”. რაც შეეხება დღეს მიმდინარე კამპანიას, რომელიც ქვეყანაში წითელას გავრცელებას შეეხება, აქ არის 2 სამთავრობო განკარგულება გამოცემული, რომლის მიხედვით იცრებიან და ამას სახელმწიფო აფინანსებს. მთელს საქართველოში 7 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, ვისაც გამოტოვებული აქვს 1 აცრა მაინც… მოგეხსენებათ, რომ ბავშვები ეროვნული კალენდრის მიხედვით 2-ჯერ იცრებიან წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგოდ. ეს გახლავათ 1 წლის ასაკში და 5 წლის ასაკში. ვსარგებლობ დღევანდელი თქვენი შეკრებით და ისევ მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ვისაც გამოტოვებული აქვს 1 აცრა მაინც, რადგან საქართველოში მარტის დასაწყისში გამოტოვებული აცრით 36 000 ბავშვი იყო. ამ კამპანიის ფარგლებში, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 7 000 ბავშვია აცრილი. ჩვენ ყველამ მივმართეთ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, თუ შეიძლება მოიძიონ რაიონებში ყველა ბავშვი. მათთვის ეს აცრა გახლავთ უფასო, ისევე როგორც უფასოა აცრა წითელასთან კონტაქტში მყოფი პირისთვის. საქართველოში ასეთი 20 000 ადამიანი + 7000 ბავშვია აცრილი. აცრა უფასოა ყველა ჩვენი კოლეგისთვის. ანუ მედიცინის მუშაკისთვის, რომლებიც სამწუხაროდ, ძალიან პასიურობენ. თქვენი საშუალებით მივმართავ მათ, რადგან ისინი ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკ-ჯგუფია. წითელასთან პირველი კონტაქტი მათ აქვთ და უნდა აიცრან.”